მეძებარი

Wednesday, December 25, 2013

მაქვს ბავშვობის გემო

მგონი ტკბილი ვჭამე,
მაქვს ბავშვობის გემო,
ხომ არ ჩამეძირე
შენ ქაღალდის გემო?!

კვლავ ბავშვობას ვუჭვრეტ,
თამაშობის ხანას,
ახლა უკვე თავი
საქმით მომეფხანა...

აზრი გამეფანტა...
დრო მიბრუნებს აწმყოს,
ყველა ისე ფიქრობს,
როგორც სურს და აწყობს.

მე ბავშვობის სუნიც
ჩემს გრძნობებში ვლესე,
ყველა განცდა ძველი
ახლა შვილში ვთესე.

მე არ ჩამეძირე,
შენ ქაღალდის გემო,
მგონი ტკბილი ვჭამე,
მაქვს ბავშვობის გემო.

2512.13
ლიპარა

Saturday, December 21, 2013

ბახვა წერედიანი - პროტოტიპი


რამდენიმე წლის წინ ქუჩაში გავიცანი. პაგანინის პროტოტიპმა მარიონეტმა მომხიბლა. აღმოჩნდა რომ მას მისივე შემქნელი "მართავდა". თითები მექავებოდა ისე მინდოდა მათზე სიუჟეტის მომზადება. ცოტა მოგვიანებით ეს ფიქრები საქმედ მექცა. მსახიობი, ანიმატორი, კინოს დეკორატორი, 
ქუჩის მარიონეტების თეატრის შემქნელი დღეს საგარეჯოს თოჯინების თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელია. მას ბევრი საქმე და დიდი გეგმები აქვს. ისევ ამზადებს მარიონეტებს (უკვე ყავს, ნიკოლო პაგანინის, სტივ უანდერის, მაიკელ ჯექსონის, დისნეის დაკის, მადაგასკარის პესონაჟები და სხვა მარიონეტები) დროდარო დადის მაროკოში გასტროლებზე და დღე-ღამეში 24 საათზე მეტს ცოცხლობს.
ბახვა წერედიანი -ლიპარას ბლოგის პროტოტიპი.

  1. Facebook-ის ოფიციალური გვერდი
  2. ლექსების საღამო "საქართველოს უნივერსიტეტში"
  3. მარიონეტები მადაგასკარში (2012 წ.)
  4. ბახვა წერედიანის დეკორაციები კინოში
  5. სტუმრად გადაცემა მაღვიძარაში (2013 წ.)
  6. სტუმრად "იმედის დილაში" (2012 წ.)
  7. "მარიონეტების თეატრი "ნიკოლო" ღამის თბილისში (2011 წ.)
  8. ბახვა წერედიანი მუსიკალურრეალითშოუ "ნიჭიერში"
  9. ბახვა წერედიანი "ნიჭიერის" ნახევარფინალში (2011 წ. )
  10. მწვანე თვალები და წითელი თმა (2010 წ.)
  11. ბახვა წერედიანის წიგნი "15 წელი" ფსევდონიმით - გიორგი გურჯი (2008 წ.)

Thursday, December 19, 2013

საქართველოს ჭაღარა

ვესალმები ფეხთაქვეშ
თეთრხალიჩა ფანტელებს,
ჩემი ქვეყნის ჭაღარა
გრძნობას მიჟრუანტელებს.

წლები წინწინ მიდიან,
ერიც ლამის ერდება,
რაც არ უნდა იცუდოს
სამშობლო არ ბერდება.

ჩვენი ქვეყნის საზღვრები
მოგავს მორის ნაფოტებს,
მომავალი აწმყოზე
მაინც გადააბოტებს.

მე ექსპერტი არა ვარ,
არ ვარ მემატიანე,
სიყვარული ძალაა,
რაც კი მე მატრიალებს.

ჩემი სიტყვის ნამქერით
არვის დავაზიანებ,
ტაშს დავუკრავ სუყველას - 
გულით თავაზიანებს.

ადამიანს დავეძებ
საღი ფესვებ-ნაყოფით,
გულ-გონების ნაზავით,
არა ფაზლად დაყოფით.

კაციცაა სამშობლო - 
არა მხოლოდ მთა-ბარი,
თუკი მისთვის ღირსება,
არის მუდამ მთავარი.

ხელს მე ცუდს არ ვაფარებ,
კარგს გულიდან ვმფარველობ,
ჩემი ქვეყნის მხარ-ბიჭებს,
მუდამ ვგულშემხარველობ.

ვესალმები ფეხთაქვეშ
თეთრხალიჩა ფანტელებს,
საქართველოს ჭაღარა
გულსაც მიჟრუანტელებს.


გიორგი ლიპარიშვილი
17-18.12.13

Monday, December 16, 2013

წავალ გულში ჩავჭვრეტ

შვილის გემო  ვინც იცის,
იცის მისი ფასი,
დამეთანხმეთ არ არის
ქვეყნად ძალა მსგავსი.

ცოლის ფერი ვინც იცის,
იცის მისი ფარი,
გრძნობა არის გულებთან
ფრთხილად შენაფარი.

დედის გულის თუ ესმის,
ესმის ცის და მიწის,
შვილებისთვის, ზრუნვაში,
ვულკანისფრად იწვის.

მამის ფიქრებს ვინც ფიქრობს,
აზრთა კონას კონავს,
სიყვარულსაც დაათბობს,
ცხელ ტაფაზე ქონავს.

მეგობრის ჭერს ვინც ხურავს,
და ნაკვალევს კვალავს,
ის ხომ გაშლის ქარბუქშიც,
სითბოსმომცემ კარავს.

ვის გულშიაც სისხლთან ერთად,
ცოტა გრძნობაც ხვდება,
ამ ნალექსრის აზრთა წყობას,
ვფიქრობ მიმიხვდება.

როცა ტვინიც ფიქრობს,
დედამიწა ბრუნავს,
ამიტომაც იწყებს
თავის მკვიდრზე ზრუნვას.

დროა წერტილს ვუხმო,
რითმებს კიდევ გავთლი,
წავალ გულში ჩავჭრეტ,
და სიყვარულს დავთვლი.


გიორგი ლიპარიშვილი
15-16.12.13






Thursday, December 5, 2013

შვილი სასწაულია (ლექსპრომტი)


რითმა ცას წაუღია,
შვილი სასწაულია!


გიორგი ლიპარიშვილი
4.12.13

ცოლს

მე ფიქრები დამაქვს,
მიყვარს აზრთა წყობა,
გულში გრძნობის ყდა მაქვს,
რაღა გაეწყობა.

შენ იმ ფურცელს მოგავხარ
მოწონების წამსვე როცა ჩაინიშნავ,
ყველა წიგნში მოგნახავ
სიხარულის ნიშანს.

ცისარტყელა ბაცდება,
ფერით როცა გაცვდება,
გული შენთვის ანცდება,
სიტყვას რითმა დაცდება.

მეჩვენები ორად,
ჩემი გულის სწორად.

გიორგი ლიპარიშვილი
4.12.13

ემიგრანტებს მივუძღვნი

ემიგრანტებს მივუძღვნი
ჩემი ლექსის სტრიქონებს,
თუკი თავის სამშობლოს
ისევ მშობლად იგონებს.

მერე რა რომ ვერ მისცა
ლუკმა-პური სამყოფი,
ცა და მიწა ხომ იყო
ემოციის გამყოფი.

როგორ დაცარიელდა
ჩვენი ქვეყნის სოფლები,
როგორ გამოიწურეს
სხვის მიწაზე ოფლები.

დღე დღეს როგორ ამრავლებს
რა მალეა სიბერე,
როგორ მძლავრად იფეთქებს
ნოსტალგიის სიბევრე.

თუკი ენა სიტყვებით
კვლავ ქართულად ტრიალებს,
სხვის მიწაზე დარჩენილს
რაღა გაატიალებს.

ვინც თავს იქებს ჩოხელით,
იცის ვაჟას ვაჟობა,
მათი ქვეყნის ლამპარმა
სხვის შუქურას აჯობა.

ახლა ცენტრში ცენტია,
სამშობლოში - თეთრები,
სხვის მიწაზე ვმამლუქობთ,
უმიწაწყლოდ ვთეთრდებით.

დაგვიბრუნდით, გვჭირდება
თქვენი წყვეტა ჭაპანის,
დავანახოთ სულ ყველას
არ ვართ ერი ჯაბანი.

თქვენი გამოცდილება
სამშობლოში აბრუნეთ,
ცა და მიწა შეძარით,
დედამიწა აბრუნეთ.

თქვენ შვილი ხართ
უფროსი, საშოვარზე წასული,
დაუბრუნდით სამშობლოს,
გააცოცხლეთ წარსული.

ჭკუას კი არ გარიგებთ,
რა გჭირთ ჩემი სარჩევი,
უკეთ ხომ ხართ სულ ყველა,
თეთრის შავით გამრჩევი.

თქვენი გულის უჯრაში
გრძნობა იის ტოლია,
იქართველებთ მანამდე
სანამ გაქვთ ისტორია.

თუკი თავის სამშობლოს
ისევ მშობლად იგონებს,
ემიგრანტებს მივუძღვნი
ჩემი ლექსის სტრიქონებს.


გიორგი ლიპარიშვილი
6.12.13

Thursday, November 28, 2013

ქაღალდის საყვარელი

ის ხომ წიგნის "პლაჟებზე"
ხშირად გამოჩრილია...


ცარიელი ფურცელი
ან თაბახი კი არა,
აზრთა ორომტრიალში
ინტერესით იარა.

მერე შვილებს უხსნიდა.
ექსკურსიებს მძღოლობდა,
ისტორიებს ყვებოდა
ადრე როგორ ბრძოლობდა:

- როცა წიგნს კითხულობდნენ
ჩვენ ვხდებოდით ხიზნები,
თავდაყირა დგებოდა
ჩვენი მოდგმის მიზნები.

ზოგი წერდა ისეთებს,
ლუკმადაც არ ვარგოდა,
ამიტომაც მშობლები
სადღაც გადაგვკარგვოდა.

სახლებსაც კი გვიწვავდნენ,
უვუცების არმია,
თითქოს სითბოს იცავდნენ,
ბუხარი ხომ შარმია?!

სადღა აღარ გვატარეს,
მიგვაბარეს ტუალეტებს,
უკანალი მოვწმინდეთ
დამებსა და ვალეტებს.

ერთმა ხის ქვეშ მიგვაგდო
გვამჯობინა ალუჩა,
სხვამ კი "ნეტი" ჩაირთო
წიგნიც "შვილებს" გადურჩა.

ახლა სუფევს მშვიდობა,
ჭერი გვხურავს მტვრიანი,
აღარა ვართ ქებულნი
ათასოხერმტრიანი.

შვილებს სიბრძნეს ვაკითხებთ,
მგზავრობაც გვაქვს უფასო,
მთავარია კაცთა ჯიშს
აზრი გადაუფასო.

ჩვენზე უთქვამთ ხუმრობით,
ჩვენს სახლებში სტუმრობით:

ის ხომ წიგნის "პლაჟებზე",
ხშირად გამოჩრილია,
ქაღალდის საყვარელი
მოფუსფუსე ჩრჩილია.


გიორგი ლიპარიშვილი
29.11.13

ავაშენოთ ჰესები?!

ავაშენოთ ჰესები,
თუ არ დავითესებით.

გიორგი ლიპარიშვილი
2013

Wednesday, November 27, 2013

ადი დე

აღარა მაქვს ძალა,
სიტყვის ვაგო ზვინი,
ვერ დავძარი ძარა,
ვამოძრაო ტვინი.

თანაც მინდა ვკაფო,
კაფიობის კეფა,
როგორ მინდა ლექსთა
და აზრებთა კრეფა.

მინდა სიტყვით ვკაზმო,
სურნელების ფრქვევით,
ყველაფერი რაც ჩანს
ცის და მიწის ქვევით.

ახლა ღამე წვება,
მთვარეც საბანს იხურავს,
მერე დილაც მოვა,
მზე ბნელს როცა მიხურავს.

წამი წუთებს ითვლის,
წუთით ჩნდება დღე და,
როგორ მომენატრა,
ჩემი თბილი დედა.

მუდამ შვილზე ფიქრით,
მოციმციმე თვალით,
სიამაყით სავსე,
დაუხრელი თავით.

დედის გულის ფეთქვა,
მოქმედ ვულკანს ჯაბნის,
ჩემი ფიქრთა წყობა,
რამდენ რამეს ჯღაბნის.

მამა როცა გავხდი
დედა მაშინ გადიდე,
შენ ცხოვრების კიბეზე,
სიხარულით ადი დე.

გიორგი ლიპარიშვილი
27.11.13







დანა ზოგი (მოლექსპრომტო)

ვეღარა ჭრის დანა ზოგი,
თუ არა აქვს დანაზოგი.

გიორგი ლიპარიშვილი
27.11.13

Saturday, November 9, 2013

თავის ფეხით მეახლა

წელი კიდევ მემატება,
თეძო ითხოვს მაშველს,
ასაკიც კი მემატება,
ჭკუა ნახავს საშველს.

წლები ისე მომემატა
დაბადება არცკი მახსოვს,
დედა ისე მომენატრა,
როგორც ძაფი ნატრობს საქსოვს.

ჩემი შემოდგომაც დადგა,
ჩემი ახალი წელი,
ოჯახსაც შეემატა, წელს
ახალი წევრი.

მეგობრები მიმეფანტა,
თითქოს მიმომავიწყდა,
უდროობას ვდარდობ თორემ,
განა ძარღვი გამიწყდა.

მერე რა რომ საქმე -
თავზე, ტანზე მაყრია,
ამისათვის გული ჭკუას
არც არასდროს გაყრია.

ვიხედები ცხვირწინ,
თვალებს ვაბამ კეფას,
ამიტომაც ვიწყებ,
ჩემი წლების კრეფას.

მე ჩემი წლის საზომს,
წელს ცოლ-შვილით ვხვდები,
და რის გამოც კაცი
მთაზე დიდი ვხდები.

მერე რა რომ ვდიდობ,
მაქვს ბავშვობის გემო,
გულითაც კი ვმდიდრობ,
სისუტე რომ ვგვემო.

ფიქრი,
აზრი,
ცოლი,
შვილი,
საქმე,
გრძნობა,
ფერი,
მწერი
სიტყვა,
შემომეახლა,
დღესაც უკვე ჩემი წელი,
თავის ფეხით მეახლა.

წელი კიდევ მემატება,
თეძო ითხოვს მაშველს,
ასაკიც კი მემატება,
ჭკუა ნახავს საშველს.


გიორგი ლიპარიშვილი

Friday, November 1, 2013

ვჩანვარ ჩემი ბედიდან

სავსე მთვარეს დაღრუბლავს,
გული ისე მედიდა,
ჩემი ცოლი მახარებს,
ვჩანვარ ჩემი ბედიდან.

მისთვის ლექსებს დავაცხობ.
სიტყვებს ვკმაზავ სუნელით,
მე სუნამო არა მაქვს,
ვტკბები ცოლის სურნელით.

გრძნობა მთაზე დიდი მაქვს,
მთის კალთები მალაღებს,
ცოლის სიხარულისთვის
შევჭამ უკვდავ ბალახებს.

თვალის ჩინის ჩიჩინი,
ცოლიახლოს ტრიალებს,
ისე კოხტად ფოკუსობს,
სულსაც გააკრიალებს.

ჩემი ცოლი მახარებს,
ვჩანვარ ჩემი ბედიდან.
სავსე მთვარეს დაღრუბლავს,
გული ისე მედიდა.

გიორგი ლიპარიშვილი
2.11.13


Saturday, October 12, 2013

მამის შესანდობარი


მერამდენე წელია,
მამის შესანდობარი
ლექსად დამიწერია.

მერამდენე წელია,
გულის საკუნჭულეთი,
ფიქრით გამიწელია.

მამას რომ ეძახიან,
ყურებს როგორ მიდიდებს,
სისხლი რომ მეყინება,
ყელში ბურთებს მიდედებს.

მამა მაშინ დავკარგე,
როცა მამა მინდოდა,
ახლა ვხდები თითქოსდა,
წლები როგორ მირბოდა.

მაშინ 14-ს ითვლიდა,
ჩემი წლების წამზომი,
იმ ტკივილის რაც ვნახე,
ვინ იქნება გამზომი.

მენატრება, სიგნალი,
ხმა,
სიცილი,
სიცელქე,
როგორ მინდა მეძახდეს,
ფიქრი გამოვიცეკვე.

მახსოვს ჩემთვის გათეთრდა,
ერთ საათში ხუჭუჭა,
27-ის არც იყო,
ცრემლებს ვყლაპავ მუჭ-მუჭად.

წელში ტეხდა ღამეებს,
მუშაობდა დღე და ღამ,
როგორ მინდა ვიყვირო,
მე მიყვარხართ: დედა-მამ.

უკვე 13-ს დაითვლის,
წლები შენი წამრთმევი,
ჩემი ფიქრიც გახდება
დარდის განზე გამთრევი.

მომენატრა საფლავიც,
სიტყვის ღამით გამხელა,
თურმე მამა-შვილობა,
გრძნობა არის რამხელა?!

მე უმამო მამა ვარ,
თითქოს სიტყვად წამომცდა,
მამა სულ მეყოლები,
წლებს წამები გამოცდა.

ახლა თითქოს დიდი ვარ,
არ შემფერის წუწუნი,
მე ხომ ლომის შვილი ვარ,
არც გული მაქვს წრუწუნის.

წავალ მამის სახელზე,
შვილს სიცოცხლეს ვუხარებ,
ჩემი მამის ნაკვალევს,
მე არ დავამწუხარებ.

მერამდენე წელია,
მამის შესანდობარი
ლექსად დამიწერია.


13.10.13
გიორგი ლიპარიშვილი



Friday, September 20, 2013

5 თვეა რაც გავმამდი

5 თვეა რაც გავმამდი,
და ცხოვრებაც ცისარტყელის ფერებს გაცდა,
რა კარგია რომ გავმრავლდი,
მიხარია გრძნობის განცდა.

21,09.13
გიორგი ლიპარიშვილი

Thursday, September 19, 2013

თომას ნაფიქრალი

ცოტა ადრე დავიბადე,
დედის მუცელს მოვცილდი,
ქვეყნად სწორედ მაშინ გავჩნდი,
სანამ 9 თვეს მოვცლიდი.

დღეს კი უკვე 7 დღის ვარ,
ნელა ვიკრებ ძალებს,
არავინ არ დაღონდება,
ტვინს თუ ამოძრავებს.

მერე რა რომ პატარა ვარ,
მერე რა რომ ვსუსტობ,
ძალზე მალე გავდიდდები,
ზუსტად ვიცი, ვზუსტობ.

ვიცი რასაც "ვამბობ" და "ვწერ",
მალე ჩემს თავს სახლში გავწერ.


გიორგი ლიპარიშვილი
19.09.13

Monday, August 19, 2013

ვცივდებით

ჩემი დრო, რაც უფრო მეტი გადის, მით უფრო მეტად ვრწმუნდები რომ ადამიანები ცხოველთა მობიძაშვილოები ვართ. როგორც მათი ნაშიერნი ლეკვობ-კნუტობ-წიწილობისას ერთად თამაშობენ და მერე ერთმანეთს შორდებიან, თითქოს ჩვენც იგივე ქარბორბალა გვირევს გონებას.
ვცივდებით.
სამწუხაროდ, სურდოსა და გრიპზე ბევრად უარესი გაციებით.
თუ ბავშვობის თამაშობები საერთო იყო ახლა დიდობის საქმეები განსხვავებულია, განსხვავებულია შეხედულებები, აზრები და მიზნები. მაგრამ ამის აღიარების გვეშინია, და ჩუმად, გულის კუნჭულეთში თუ გავამხელთ, ისიც ცხოვრებაში მაქსიმუმ 1,5-ჯერ.
ისე კი, "სიცივეს" უდროობასა და სამსახურს ვაბრალებთ.
დამპალი დრო და საქმე. როგორ ძალით გვაშორიშორებს ახლონათესავებსა და მეგობრებს.
თუ ჩვენ ადამიანებს, თავი ცხოველებზე განვითარებულად მოგვაქვს, ვამბობთ რომ ისინი ვერ ლაპარაკობენ და ვერ აზროვნებენ, და ამიტომაც, მათ დიდი გულმოდინებით ვიშინაურებთ (რა კეთილები ვართ) და უფრო დიდი გულმოდგინებით შევექცევით, რატომ არ განვსხვავდებით მათგან?! თუ საკმარისია სხვაობა, რომ ერთი მშობლის შვილები ან ნათესავები არ ქორწინდებიან.
იქნებ დროა, ცხოველების ადამიანურობაც ვაღიაროთ, ან ადამიანის ცხოველურობა?!
ან იქნებ იმის დროა, რომ საკუთარ თავებს შემოვძახოთ, შემოვაფხიზლოთ და საყვარელი ხალხის ნახვის სურვილი გავუმძაფროთ.
იქნებ არც ამის დრო და აუცილებლობაა, რასაც ახლა ვფიქრობ და ვწერ, ან კითხულობთ და ეს დრო სხვა რამისთვის უნდა მიგვეძღვნა. რათ გვინდა ფიქრი, ის ხომ დროს გვართმევს, მივყვეთ ინსტიქტებს, ვიყოთ ცხოველები?!

მომენატრეთ ჩემი ბავშვობისა და დიდობის ნაწილო, უკვე საქმიანო ადამიანებო.

პატივისცემით,
გიორგი ლიპარიშვილი

20.08.13


Monday, August 12, 2013

ვიცი როგორ მიყვარხარ

ვიცი როგორ მიყვარხარ,
არასდროს არ მაკლიხარ,
გულის სადარაჯოზე,
გულსაკიდად მაკრიხარ.

ვიცი როგორ მიყვარხარ,
ძვირფასია იაფი,
ისე თბილი გამხადე,
ვჩაგრე ცეცხლის კიაფი.

ვიცი როგორ მიყვარხარ,
ღირს ხმაურის ატეხა,
როგორც ციცინათელამ
ღამე წელში გატეხა.

ვიცი როგორ მიყვარხარ,
სულში როგორ მეტევი,
როგორ მინდა ჩაგიკრა
დაუთვლელი შეტევით.

გულის სადარაჯოზე,
გულსაკიდად მაკრიხარ,
ვიცი როგორ მიყვარხარ,
არასდროს არ მაკლიხარ.


უსითბოეს ცოლს

გიორგი ლიპარიშვილი
12.08.13

Friday, August 9, 2013

ქართული საქმის ვიწყეთ კეთება

ქართული საქმის ვიწყეთ კეთება
და სოფელ-სოფელ ვიწყეთ გროვება,
პროდუქტის ჯანს რომ მოეფონება,
ბაგეც ღიმილად რომ იკვეთება.

საფერავს ხაშმის,
გემო აქვს ვახშმის.

საამებლად წუთის,
ბაქმაზია თუთის.

თვალის დავსებად მოშურნის,
ყველი ხარობს ბოშურის.

დედაჩემის ტყემალი,
იმერული კოპწია,
ბევრი გემოთმოყვარე
"პილ-პილამდე" მოწია.

ვიმარაგებთ კამეჩის
მაწონსა და სულგუნებს,
მოწონება დაეტყო
კაცის თვალს და სულ-გულებს.

ჩვენთან პროდუქტს წონიან,
ღიმილია უწონო.
ამიტომაც მზადა ვარ
თავს საქმე მოვუწონო.

ოაზისში ვცხოვრობთ,
უდაბნოსკენ ვიწევთ,
თუკი აზრზე მოვალთ
სიხარულსაც ვიწვნევთ.

ჯანმრთელ პროდუქტს ვიღებთ:
ჯანსაღ აზრს და სხეულს
და ვამატებთ ტვინსაც
მონაოჭო ხვეულს.

უჯანობა ფრთხის,
ყველიცა გვაქვს თხის.

ბაგე ღიმილად რომ იკვეთება,
ქართული საქმის ვიწყეთ კეთება.


პილ-პილი
კეკელიძს 16

6.08.13
გიორგი ლიპარიშვილი

Tuesday, July 30, 2013

ჩემი შვილის დედას

ჩემი შვილის დედას
დაემატა წელი,
ამიტომაც გავხდი
ამ ნალექსრის მწერი.

ვერ ავწონე გრძნობა,
ვერც სიტყვებით ვწერე,
ამიტომაც აზრი
უაზრობით ვწელე.

ჩემი ცოლის ფასი,
მყარ ვალუტას ჯაბნის,
ამიტომაც ხელი, 
ჩემი, ფიქრებს ჯღაბნის.

ჩემი ცოლი არის,
ჩემი შეყვარებული
და დავდივართ გვერდიგვერდ
ერთურთ შეხარებული.

ამიტომაც გავხდი,
ამ ნალექსრის მწერი,
ჩემი შვილის დედას,
დაემატა წელი.


30.07.13
23:59
გიორგი ლიპარიშვილი

Saturday, July 27, 2013

"ჯადოსნური ადამიანი"


ფილმის ავტორი - გიორგი ლიპარიშვილი , თბილისი, საქართველო
18.07.2013

ამ ფილმის გმირი ქალაქში მოსეირნე ხალხს მოულოდნელ მუსიკას და სხვა სიურპრიზებს ჩუქნის. მას ეხალისება ეს საქმე მიუხედავად იმისა, რომ ასე უკვე მრავალი წელი გაატარა. გიორგი ლიპარიშვილის ფილმი, თბილისი, საქართველო, ივლისი 2013

gogroupmedia.net

Monday, July 22, 2013

სინდისთანაც წვებიან

სიტყვა როგორ გაძვირდა,
ფასებს ვეღარ წვდებიან,
ტყავის გადასარჩენად
სინდისთანაც წვებიან.

გიორგი ლიპარიშვილი
22.07.13

Sunday, July 21, 2013

შვილის გემო გავიგე


3 თვის თევდორეს

შვილის გემო გავიგე,
მადა როგორ გამეხსნა,
ცამდე კოშკი ავიგე,
სიტყვით ვეღარ ამეხსნა.

მე დღესაც მწვავს ობლობა,
მამის ნატვრით ვიჭრები,
რა ტკბილია მშობლობა,
ზეცის ზემოთ ვიჭრები.

ვიცი დედა ფუტკარი,
უფრთხილდება თაფლის წვეთს,
მე კი შვილის სურნელით,
ამოვივსებ საფილტვეთს.

სიტყვით ვეღარ ამეხსნა,
ცამდე კოშკი ავიგე,
მადა როგორ გამეხსნა,
შვილის გემო გავიგე,


20-21.07.13
გიორგი ლიპარიშვილი


Friday, June 21, 2013

თევდორე - შოთა ნიშნიანიძე


1609 წელს თრიალეთზე გადმოსული
თურქთა დიდი ლაშქარი თევდორე ბერს
გადაეყარა და მეგზურობა მოსთხოვა თევდო–
რემ მტერს გზაკვალი აუბნია და მიზანს დაა–
შორა. მოტყუებულმა თურქებმა ბერი აკუწეს.
ქართველმა ჯარმა დრო მოიგო და მტერი ქვიშ–
ხეთთან დაამარცხა.


თრიალეთის ტყეში, როცა დღეა მშვიდი,
––თევდორეე!...
––თევდორეე!...
ტირის ერთი ჩიტი.
განა მართლა ჩიტუნაა, სული არის სამოთხისა,
––სულო, სულო, სულეთიდან რა განგებამ გამოგხიზნა.

ბალღობაში ნუკრი იყო, თრიალეთზე ბალახობდა,
თეთრი ირმის ძუძუს წოვდა და ალგეთში კალმახობდა.

ყელს ეკიდა ქრისტეს ჯვარი–გამგებელი საუფლოთა,
წმიდა იყო, სათნო იყო, ცაში ღმერთთან საუბრობდა.

თოხნიდა თუ ვენახს სხლავდა,– ეხსნებოდა ბაგე ლოცვით,
ჩიტები რომ ეხვეოდნენ, თურმე იყვნენ ანგელოსნი.

მათ უწყიან მომავალი, თითეულის სულის ხატი,
ვინ მოკვდება მამულისთვის ანდა კიდევ უფლისათვის.

ამიტომაც მსახურებდნენ, წმინდა ბერი სულს ერჩიათ 
და ჭკვიანი ხარებივით ებმებოდნენ უღელშიაც.

...ათას ექვსას მეცხრე წელ, როგორც უპატრონო რაში,
ტორებს ცემდა... ჭიხვინებდა, მთიდან გადარბოდა მთაში.

წმინდა ბერი ლოცვად იდგა... ციდან ჩამოესმა რეკა... 
თრიალეთთან მტერი მოდგა... დიდმა მთებმა იწყეს დრეკა...
..........................................................................................
ქართულ ვენახს,
ქართულ ჯვარს, –
ქვეყნის ოთხივ მხარეს,
როგორც იატაგანი, სხეპს თურქული მთვარე.

აჰა, მახვილ–შუბებით აზღარბულა სერი,
ჩალმოსანთა მწკრივები ჰგავს სიკვდილის წერილს.

იწერება სულთანი... იწერება ქადილს
და სიკვდილის ეტრატივით იგრაგნება ქართლი.

ხმლით აკუწულ ცისარტყელებს და ხოხობა ცისკრებს 
ფარჩეულად გაიტანენ ისპაჰანს თუ მისერეთს...

.....................................................................................
შენ ხარ ვენახი აჩეხილი,
მესიის სურვილი ამხდარი,
ღვთის სახლი, სათნო სახლი დამეხილი,
წაქცეული, დაქცეული საყდარი.
მამაო, გალობა ხარ შეწყვეტილი,
მამაო, სანთელი ხარ დამწვარი,
მამაო, ცეცხლი იყავ სვე–კეთილი,
ახლა ხარ ნაცარი...
ლოცვა ხარ ბაგეზე შეყინული,
ნახევრად სიზმარი... არაკი...
ლომი ხარ ქართველობას შეწირული
და კრავი–ქრისტეს ზვარაკი.

ეს სისხლია, ღვთის კაცო, ღვართქაფად რომ დაგდინდა,
თუ რიჟრაჟმა იფეთქა ანაფორის ღამიდან.
––ოსანა!
––ოსანა!
მოდგნენ ანგელოსები,
ანაფორის ნაკუწები მიაქვთ ავგაროზებად.
გალობაში შეგახვიეს და შეგმოსეს ლეგენდებით,
თუ გაჭირდა მტერს და ორგულს ლეგენდითაც ვეკვეთებით,
შენი ჯვარი, ოქროს ჯვარი, როგორც გახიზნული ჩიტი,
როგორც სული, შენი სული–ფერად გასისხლული შინდი,
გამოება ენად ზარებს, საყდრის დამუნჯებულ ზარებს.
და მზე უძღვის ჩალისფერი ქართლის გამარჯვებულ ჯარებს.

––თევდორეე!...
––თევდორეე!...
ეს რა ძალამ გასულდიდა,
მომავალი კიდევ ბევრჯერ გამოგიხმობს წარსულიდან.
––თევდორეე!...
––თევდორეე!...
შენისთანა მეკვლე გვინდა,
შენი ერი კიდევ ბევრჯერ გამოგიხმობს ლეგენდიდან.

.........................................
.........................................
მთაში ფანდურს აჟღავლებენ, წვიმს გმირული კაფია,
ცაში ელვით იწერება შენი ეპიტაფია.

Friday, June 14, 2013

კარგ სტუდენტებს რა დალევს

კარგ სტუდენტებს რა დალევს.
ვისაც აზრი უჭრის,
ადამიანს მათ ხელში,
აბა რაღა უჭირს.

იზრდებიან წამიწამ,
მათ აქვთ ფიქრთა საბადო,
გადაყლაპა ცა მიწამ,
უნდა ბევრი დაბადოს.

მათ თავში რომ ტვინია,
- ემოციებს ართავს,
ბავშვობა მარკ ტვენია,
გრძნობებს გულიც მართავს.

ფიქრის სადგურს გამოცდა,
სიტყვა მათზე ნასეტყვი,
ნალექსარს  აქვს გამოცდა:
სტუდენტებს შენ რას ეტყვი?

ადამიანს მათ ხელში,
აბა რაღა უჭირს,
კარგ სტუდენტებს რა დალევს.
ვისაც აზრი უჭრის.


გიორგი ლიპარიშვილი
14.06.13

Thursday, June 6, 2013

ისტორია ყვირის


ზოგი ვერც ვერასოდეს,
ვერაფერს ვერ ხვდება.
ქართველი ჯარისკაცი
სხვის მიწაზე კვდება.

სხვისი ომით გვხიბლავენ,
მშვიდობა რომ ვიგრძნოთ,
ამერიკის მიზნები
დავიჯეროთ ვინძლო.

ნარკოტიკის ომია,
მშვიდობის რომ ქვია,
"დემოკრატიისათვის,"
სიცოცხლეს რომ გვიან.

ფხიზლობა თუ გვიშველის,
თვალს არ უყვარს ახვევა,
თორემ სრულად მოუწევს,
სინდის-ნამუსს ახევა.

ჩავიქნიოთ ხელები
გვეშელება აწი რა?!
- :"გმირმა ხომ მსოფლიოსთვის
თავი კვლავაც გაწირა?!"

მე არ მიღის სიცოცხლე
მათი, ასე აბუჩად,
ვაი მის კაცობანას,
ვინც ეს საქმე აფუჭა.

არ ღირს მთელი მსოფლიო,
ქართველ კაცთა ამაგად,
დედას როგორ უნდოდა,
შვილის ნახვა ჭარმაგად.

საქართველოს შვილები,
სამშობლოს თავს ფიცავდა,
მაგრამ ის ავღანეთში
მხოლოდ ოჯახს იცავდა.

ჩვენი მტერი ისაა,
მამლუქებად რომ გვყიდის,
მერე პოლიტიკიდან
მართალივით რომ "მიდის".

არ შერჩება არავის,
ქართველ ბიჭთა სისხლები,
მათი გვერდში დგომისთვის,
ზამთრის ვაზად ვისხვლებით.

მათი დედის თვალებში,
გაჩენილი მდინარე,
მოსვენებას არ მიცემს,
მოღალატე მძინარეს.

დავაბრუნოთ ბიჭები,
სამშობლოში სახარად,
და ნუ ვაქცევთ მათ თავებს,
შავ ჭირად და სახადად.

კაცის დედაბუნება,
განა მხოლოდ წალდია,
ყველა ცოცხალ არსებას,
სიცოცხლე ხომ წადია?!

ვხედავთ ფულის კეთება,
სიცოცხლის კვლად ყივის,
ფრთხილად "პოლიტიკოსნო"
ისტორია ყვირის.


გიორგი ლიპარიშვილი
6.06.13




Monday, June 3, 2013

გრძნობამიზანგადარგული

მოჰგავს ელვას,
მეხს და ღელვას.

ის გავს იებს,
არაფერს რომ გაპატიებს.

ხან ჯიხვია, ხანაც შველი,
გულის წიგნის გადამშლელი.

ხან მუშტია, ხანაც ნეკა,
ცუდი ცხრამთას გადარეკა.

თან გულია, თანაც გული,
გრძნობამიზანგადარგული.

ვეტრფი "თოფს" და ვეტრფი ყვავილს,
ერთდროულად თუნდაც ყვავის.

ხან დღეა და ხან ღამეა,
ჩემი ცოლი ჩემი მეა.


გიორგი ლიპარიშვილი
3.06.13

Tuesday, May 21, 2013

მაგრამ არ დამიმარხავს

პირველი ლექსი მამაზე ვბედე,
მერე კი რამდენი რაიმე ვყბედე.

მას შემდეგ ბუნებამ ოფლი იწურა,
წამები წლებში გამოიწურა...

მერამდენედ მამის დღე იწყება შავად,
განა რამე მართლა, ღამემ დააშვა.

მამის დღე და წელი მის გარეშე დგება,
ეს სიტყვები ნეტავ რისთვის გამოდგება?!

მამის დაბადებისდღეს პირველად ვარ მამა,
განვითარდა თითქოს, სასიცოცხლო დრამა.

მამის წლების საათი 47-ს აჩვენებს,
მოიგებდა გრძნობები, სიყვარულის არჩევნებს.

ათზე მეტი წელია მამა რაც არ მინახავს,
ვიცი გარდაცვლილია, მაგრამ არ დამიმარხავს.

მე მამის გენს ჩავუდებ ჩემი შვილის კაცობას,
მამაც აღარ ინანებს თევდორეს ვერგაცნობას.

სიყვარული გადამაქვს, ყვავილივით ვიმტვერებ,
თუკი ცუდს გადავაწყდი წამში გადავიმტერებ.

შვილო მომე მხარია,
მამის დაბადებისდღე
მუდამ მომიხარია.


გიორგი ლიპარიშვილი
21.05.13






Saturday, May 18, 2013

რა სუფთაა ბავშვობა (მოლექსპრომტო)

რა სუფთაა ბავშვობა,
გრამიც არ აქვს "მტვრის", 
ისე კოხტად ჩაივლის, 
დარდიც არ აქვს მტრის.

გიორგი ლიპარიშვილი
16.05.13

ხის წყევლა (მოლექსპრომტო)

შვილებიც უკვე აღარ მგავს,
ადამიანიც აღარ მრგავს.
ვინც უმოწყალოდ მჭრის,
ის წაუღია ჭირს.

გიორგი ლიპარიშვილი
18.05.13

Friday, May 17, 2013

კანში ვეღარ ვეტევით

ხშირად თურმე ისე ვართ,
კანში ვეღარ ვეტევით,
სულ ყველაფერს ვაგვარებთ,
მხოლოდ ერთი შეტევით.

ავადმყოფებს ვეძახით,
თანაც მუშტებს ვუღერებთ,
მერე ვაჟკაცობაზე, 
შვილებს ლექსებს ვუმღერებთ.

ქრისტეს რჯულასაც ვქადეგებთ,
თან ვარიგებთ მუქარებს,
თითქოს მსგავსი ქმედება,
ცეცხლს ნაპერწკალს უქარვებს.

ზოგი ჭინჭარს იღერებს, 
საჯაროს ხდის განაჩენს,
მერე რა მოვუხერხოთ,
ლოყას ცალად დანარჩენს?!

პატიმრების ღისებას, 
როცა სულში აფურთხეს,
მაშინ თითო-ოროლამ, 
აქციები აკურთხეს...


"იდენტობის" დღეობა კი,
მისალოცი გახადეს,
როცა კრავის ქურქები,
თავებს თავად გახადეს.

საქციელს ვერ ვიწონებ,
ტაძარს თავს ვინც აფარებს,
თავისივე წინსვლისთვის,
ხალხს სიურჩეს აპარებს.

არავის არ ჭირდება
თავზე ხელისგადასმა,
ყველას კარგად გამოდის
ლაფის ვედრით გადასხმა.

მე არავის არ ვიცავ,
არც არავის ვაძაგებ,
თვალებს ვუწმენდ სიმართლეს,
ნერვიულად ვძაგძაგებ.

ხშირად თურმე ისე ვართ,
კანში ვეღარ ვეტევით,
სულ ყველაფერს ვაგვარებთ,
მხოლოდ ერთი შეტევით.


გიორგი ლიპარიშვილი
17.05.13








Tuesday, April 30, 2013

შვილს - დაიწყო მტკიცება

შვილი ტკბილზე ტკბილია,
სიტკბოს ახლა გავუგე,
გრძნობა თბილზე თბილია,
მზეს ზურგიც არ გავუღე.

შვილი სიყვარულია,
ვინც დაიწყო მტკიცება,
ვიცი სიხარულია,
მაგრამ "გაიტკიცება".

მაინც მინდა შვილზე ვთქვა,
მე საამო ფრაზები,
მამა როგორ გავდიდდი,
გავხდი ბუმბერაზები.

შვილის სუნთქვა მაგიჟებს,
ჰაერსაც რომ ანაზებს,
მივუძღვნიდი ამ პროცესს
ლექსებს, აზრებს, ანდაზებს.

დედა როგორ უხდება
შვილის მოვლა-ფერებას,
თვალწინ დგება ბუნების
არსის - გადმომღერება.

მზეს ზურგიც არ გავუღე,
გრძნობა თბილზე თბილია,
სიტკბოს ახლა გავუგე,
შვილი ტკბილზე ტკბილია.


გიორგი (თევდორეს მამა) ლიპარიშვილი
30.04.13

Saturday, April 27, 2013

როცა შვილი იწყებს ჭამას (მოლექსპრომტო)

როცა შვილი იწყებს ჭამას,
რძის სუნი აქვს სამყაროს,
სიხარული ლამის ტანზე
კვირტად გამომაყაროს.

გიორგი (თევდორეს მამა) ლიპარიშვილი
27.04.13

Thursday, April 25, 2013

თევდორეს ნაფიქრალი



დაბადებას დაბადება დავასწარი, უფრო ზუსტად, 3 კვირით ადრე დავიბადე. შეიძლება ამის გამო ცოტა ინერვიულა ჩემმა ოჯახმა, მაგრამ სადარდებელი არაფერია. პირიქით, სასიხარულოა, ადრე დავიბადე და დიდხანს ვიცოცხლებ.
 დედაჩემი ვაჟკაცი ქალი ყოფილა. ჩემს პირველ სახლშიც, დედის მუცელშიც, მესმოდა და  ვგრძნობდი მის სიძლიერეს, მაგრამ მშობიარობისას უფრო მეტად შევიგრძენი.
 ტკივილი 13 საათი ეჭიდავებოდა, დედაჩემმა კი გაუტკივარების გარეშე ტკივილს ომი მოუგო.
 მამაჩემი მე და დედას ყველაზე საჭირო დროს გვერდიდან არ მოგვშორებია. დედის სიმამაცეს მამის მხნეობაც ემატებოდა და მეც ძალამომატებული მოვიწევდი მუცლიდან.
 მშობლების მხნეობით გათამამებულმა, ორნასკვიანი ჭიპლარით შემოხვეულმა დაბრკოლებებს თავი ადვილად გავართვი, ჩემი გავიტანე, პატარა პაუზის მერე ამოვისუნთქ-ამოვიტირე. დავიბადე.
 დედ-მამამ თევდორე დამარქვა. მამა ფიქრობს, რომ ეს სახელი გასროლილი მუშტივითაა. მე უკვე მომწონს ჩემი თავიც (საკუთარი აზრი მაქვს და გადაწყვეტილებებსაც ვიღებ) და ჩემი სახელიც, ჩემი მშობლების ჩემთვის ნაფიქრალ-მორგებული.
 ამ ფოტოზე ორიოდე საათის ვარ. პირველი ფოტო მამამ ძლივს გადამიღო.
 ახლა უკვე არც მეტი არც ნაკლები, 5 დღის ვარ. 
 მიყვარს მშობლები, ჭამა, ძილი, გარშემომყოფები, სიცოცხლე. 
 ბევრი ფიქრი მომივიდა. სხვა საქმეებსაც უნდა მივხედო...

 ამ დროისთვის კი ალბათ სულ ეს იყო თევდორეს ნაფიქრალი.


გიორგი (თევდორეს მამა) ლიპარიშვილი
25.04.13 


Monday, April 22, 2013

გავმამდი

გავმამრდი, 
გავმრავლდი,
გავმამდი.


21 აპრილიდან
2013წ.
გიორგი ლიპარიშვილი

დაიბადა დღეს თევდორე (ნალექსარი)

დედა ახლა შემიყვარდა,
როგორ ვჩნდებით ვნახე,
ემოცია ყელში ჩამრჩა,
სიტყვაც ვერ მოვნახე.

ცოლიც ახლა შევიგრძენი,
უდიდესი განცდებით...
ზეცის მაღლა ავფრინდები,
დედამიწას გავცდები.

აღარაა ეს თვე მდორე,
დაიბადა დღეს თევდორე.


21-22 აპრილი, 2013 წ.
გიორგი ლიპარიშვილი

Friday, April 12, 2013

კიდევ ბევრჯერ დაიბადეთ დღეიდან

ფიქრი ბრუნავს როგორც დედამიწა,
მერამდენედ დაიბადა დღეიდან,
მისი მადლი, როგორც დედა, მიცავს,
გამარჯობა ჩემო ქეთი დეიდა.

ლექსი განა ცილს დამწამებს,
მოგილოცავთ წლებს და წამებს.

გამარჯობა ჩემო ქეთი დეიდა,
კიდევ ბევრჯერ დაიბადეთ დღეიდან.

გიორგი ლიპარიშვილი
12.04.13




Monday, April 8, 2013

ლექსების საღამო "საქართველოს უნივერსიტეტში"

ლექსების საღამო "საქართველოს უნივერსიტეტში".  ლექსები ილია კილაძემ და გიორგი ლიპარიშვილმა წავიკითხეთ. ბახვა წერედიანმა კი, თავისი შექმნილი მარიონეტებით აკომპანიმენტი გაგვიკეთა და განწყობაც დაგვითბო. დიდი მადლობა ლექსის სტუმრებსა და უნივერსიტეტის ადმინისტრაციას. მიუხედავად ხალხის სიმცირისა, კარგმა მსმენელმა ღონისძიება დადებითად განაწყო.
პატივისა და გულისცემით, გიორგი ლიპარიშვილი 
8 აპრილი, 2013 წ.








ფოტო - სოფო კაჯილაშვილი

Friday, April 5, 2013

სიყვარულზე მეტად მიყვარს

საგულეში გულად მიმყავს,
სიყვარულზე მეტად მიყვარს.
ძვირფასებზე მეტად ფასობს,
ასეულზე მეტად ასობს.

ლექსს არა აქვს თავი-ბოლო,
შენ მიყვარხარ ჩემო ცოლო.
სიყვარულზე მეტად მიყვარს,
საგულეში გულად მიმყავს.

გიორგი ლიპარიშვილი
5.04.13

დაფიქრდა ჩვენი პირმშო

დავიბადები 1 თვეში,
დაფიქრდა ჩვენი პირმშო,
მინდა მშობლების რთველში,
სიბნელე ამოვიშრო.

გიორგი ლიპარიშვილი
5.04.13

წიგნის უკითხაობა

კრიმინალი მომრავლდა
ფასობს დანა შაურად,
წიგნის უკითხაობაც,
იქცეს დანაშაულად.


გიორგი ლიპარიშვილი
4.04.13

Wednesday, March 27, 2013

ფუტკარივით მწერი

ფუტკარივით მწერი,
გავხდი ლექსის  მწერი.

ფიქრის ვიწყე წყობა,
რაღა გაეწყობა.

საქმე ეძებს თანხებს,
თუკი დაითანხმებს.

გრძნობა გაისავსებს,
ცოლს ვუცეკვებ ვალსებს.

გზებს გავიფენ ფეხქვეშ,
ვისეირნებ მეხქვეშ.

ცას მოვირგებ თავზე,
მზეს და მთვარეს - თვალზე.

ოცნებებს კი არ ვთვლი,
მიზნებს კომბლად გავთლი.

სიტყვებს დავთეს მწკრივში,
საქმეს გავტეხ კრივში.


გავხდი ლექსის მწერი,
ფუტკარივით მწერი.

გიორგი ლიპარიშვილი
27.03.13







Sunday, March 24, 2013

ოთარ ჭილაძის სიტყვა მიხეილ ხერგიანზე

მიხეილ ხერგიანი იმ გამორჩეულ პიროვნებათა რიცხვს განეკუთვნება, სამშობლოს სახელს არა მარტო აქტიური ცხოვრებით, არამედ თავიანთი ტრაგიკული სიკვდილითაც რომ განადიდებენ. ცივილიზებულმა მსოფლიომ, რომელიც პატარა ერების მიმართ არასოდეს გამოირჩეოდა ყურადღებითა და გულისხმიერებით, ადვილი შესაძლებელია, საერთოდ მიხეილ ხერგიანის დაღუპვის დღეს გაიგო პირველად საქართველოს სახელი, ანუ მიახლოებით მაინც წარმოიდგინა საბჭოთა იმპერიის ჯურღმულებში ადგილ-სამყოფელი იმ ხალხისა, რომელმაც კიდევ ერთი დიდებული მთამსვლელი მოუვლინა სპორტულ სამყაროს, ხოლო ჩვენისთანა ჩვეულებრივ ადამიანებს ეთხელ კიდევ გასნუმტკიცა საკუთარი შესაძლებლობების რწმენა. რაც მთავარია, მიხეილ ხერგიანს, იმპერიის ზედამხეველთა ზურგს უკან, თუნდაც ფიქრებსა და წარმოდგენებში, უპირველეს ყოვლისა, თავისი ბედკრული სამშობლოს არარსებული, სიზმარში შეკოწიწებული დროშა აჰქონდა მარადისობის მწვერვალზე. თავად კი მოწყდა კლდეს, მაგრამ სამშობლო, რომელიც ალბათ ჯერ კიდევ დიდხანს ეკიდება უიღბლობისა და უსამართლობის ციცაბო კლდეზე, ერთი ნაბიჯით მაინც გაარიდა არარაობის მარად პირღია უფსკრულს... ასეთი პიროვნების დაღუპვა, მიუხედავად დიდი ტკივილისა, უიმედობისა და უმწეობის შეგრძნებას კი არ გვიჩენს, არამედ იმედითა და სიამაყით გვავსებს და მეც სიამაყითა და იმედით მინდა დავამთავრო ეს პატარა სიტყვა: ვიდრე სვანეთის ჭაღარა მწვერვალები ფეხზე დგანან, საქართველო არ დაიღუპება. სვანეთი ის ზღაპრული ბროლის კოშკია, სადაც მარად წაუბილწავი ქართული ზნეობისა და მარად უტეხი ქართული სულის მჭედელი ხალხი ცხოვრობს.

ოთარ ჭილაძე
"წინ მარადისობაა"
გამომცემლობა "ინტელექტი"

"მადა მოდის"

ლექსების წერა გამხდარა მოდა,
საღამოებზე ხალხი დარბოდა.

ფილმების ნახვაც "მოდური" გახდა,
რამდენ ვინმეს სურს სხეულის გახდა.

ზოგი "იმეტებს" ღმერთისთვის ფიცებს,
არადა ეშმაკს, ყველაფერს მისცემს.

ბევრს დედა მხოლოდ ჭიქაში ახსოვს,
თავის სიყვარულს ჭამაში აქსოვს.

ზოგის მადა აყოლია "ბოიფრენდს",
ზოგისთვის კი "გელფრენდები" მოიფრენს".

"ჭამაში ხომ მადა მოდის?!"
ასეთია მადა მოდის.

23.0313
გიორგი ლიპარიშვილი

Tuesday, March 19, 2013

დღეს ოთარ ჭილაძე 80 წლის გახდებოდა - პროტოტიპი


 (1933-2009 წწ).


ნაწარმოებები:

1 წლის წინ


გაზაფხლის მზიან დღეს მე და ჩემმა გულისწორმა მთაწმინდის პანთეონს მივაშურეთ.  ჩვენი პანთეონში სტუმრობა, დიდი მწერლის, დიდმა პატივისცემამ გამოიწვია.
ბატონი ოთარის საფლავთან მიახლობებულებმა თვალი მის ძმას, ასევე დიდ მწერალსა და ადამიანს თამაზ ჭილაძეს მოვკარით. ის შვილიშვილთან ერთად იყო მისული და ძმის სულს ეჩურჩულებოდა.
ბუნებრივია, ახლოს მისვლა და ხელის შეშლა არც გვიფიქრია. იქვე ახლოსმყოფ ვაჟა-ფშაველას საფლავს მივეახლეთ.
პანთეონს ჩვენ გარდა უცხოელი სტუმრებიც ყავდა. მათ გიდიც ახლდათ. მისი დახმარებით იგებდნენ სად ვინ იყო დაკრძალული და ვინ რა ისტორიას ინახავდა.
ისინი ჩვენს გარშემო მხოლოდ ერთ საფლავთან შეჩერდნენ და მალევე გაგვშორდნენ. ჩვენ თამაზ ჭილაძის ხმამ მიგვიზიდა.
გიდს თავაზიანად მიმართავდა:
"- უკაცრავად ბატონო, იოსებ სტალინის დედის საფლავს რომ აჩვენებთ მხოლოდ სტუმრებს, იქნებ ვაჟა-ფშაველას საფლავიც გეჩვენებინათ."
პასუხი არ იყო კითხვიმსგავსად თავაზიანი:
"- რაც საჭიროა ყველაფერს ვაჩვენებ და ვეუბნები, კარგად ვიცი რაც უნდა გავაკეთო!!!"
გაგვშორდნენ...
ბატონი თამაზი, ისედაც წარბშეუხრელი მუხასავით მდგარი, უფრო მეტად გაშეშდა. სიტყვაც გაუწყდა და ფიქრიც.
უხერხულობის გასაგდებად ვეცადე ავლაპარაკებულიყავი. მივუახლოვდი. მივესალმე.  ძმის დაბადებისდღე მივულოცე...
უცებ სახეს სხივი გაუჩნდა. ნათელი მეც გადმომედო და გამათბო. გულში ჩამიკრა. ჩვენგან მოშორებით მყოფი ჩემი გულისწორიც მაშინვე შეამჩნია: "ხომ თქვენთან არის, ახლოს მოვიდეს, რა ლამაზი გოგოა". ისიც გულში ჩაიკრა და გულიანსიტყვიანად დაგვლოცა...

ეს იყო ზუსტად 1 წლის წინ. 

დღეს ოთარ ჭილაძის დაბადებისდღეა. დიდ ქართველ პოეტსა და მწერალს, ნობელის პრემიაზე წარდგენილს, მსოფლიოს 6 საუკეთესო მწერალს შორის, ქართული სიტყვისა და საქმის გულშემხარველს, 20 მარტს 80 წელი შეუსრულდებოდა.



გიორგი ლიპარიშვილი
19.03.13


კომუნიკაციის, პრეზენტაციისა და დისკუსიის ტექნიკები


Saturday, March 9, 2013

ჩვენი სამშობლო დიდი კაცია

რამდენი ომი ქონდა სამშობლოს,
რამდენი გმირი გამოერია,
მაინც ბოროტი, შური და მტრობა
ვერადავეღარ გამოელია.

არც სისხლი გახდა ბევრი სამყოფი,
არც წართმეული მიწა გამყოფი.
ქვეყანას მუდამ ჭირდება დაცვა,
შორს რომ ამყოფოს მტრებისგან ძარცვა.

რამდენი ღალატი, რამდენი გამოცდა,
საუკუნეებს ვეღარ გამოცდა.
რამდენი თავის, ზავის დადება,
რამდენ გმირობის გადავადება.

ჩვენი ქვეყანა ბრძოლის ხვედრია,
ზოგი ამბოხსაც ერთურთს ყვედრიან.

ჩვენი სამშობლო დიდი კაცია,
ჯაჭვის პერანგად ერი აცვია.

გიორგი ლიპარიშვილი
0703.13





Friday, March 8, 2013

ის პატარა სიტყვაა

ის პატარა სიტყვაა,
მაგრამ არ ყავს ტოლი,
გაზაფხულის სეტყვაა,
მოფოფინე ცოლი.

გიორგი ლიპარიშვილი
9.03.13


დღეს გოგი დოლიძის გარდაცვალებიდან 17 წელი გავიდა




გოგი დოლიძე - ამ სახელისა და გვარის გაგება ბევრ ქართველს არაჩვეულებრივ მომღერალ გოგი დოლიძეს ახსენებს, ბევრს კი მომღერალსა და არაჩვეულებრივ ადამიანს.
გოგის გარდაცვალების შემდეგ, მისი შვილის შემწეობით 9 წელი ვცხოვრობდი გოგი დოლიძის სახლში (გოგი დოლიძის ქუჩაზე). ამ დიდ ადამიანზე ბევრი ისტორია მოვისმინე მეზობლისგან, ოჯახის წევრისგან, ნაცნობისგან თუ უცნობისგან:
"ერთხელ თბილისში კოკისპირულად წვიმდა, გაჩერებასთან ქალი უქოლგოდ იდგა და გაურკვეველი დროით ელოდებოდა ავტობუსს. გოგის მანქანა  გაუჩერებია და მორიდებით შეუთავაზებია სახლამდე მიყვანა. ქალს დიდი მადლობა გადაუხდია და უთქვამს, რომ ვერ შეძლებდა მის დახმარებას, რადგან ის ბათუმში მიდიოდა. გოგის უცებ გახარებია. რა დამთხვევაა ქალბატონო მეც ბათუმში მივდივარო.
გოგიმ ქალბატონი ბათუმში ჩაიყვანა და უკან გამობრუნდა. მას გეზი, ქალის წვიმაში დანახვამდე ბათუმისკენ სულაც არ ქონდა. ის თბილისში თავის საქმეზე მიდიოდა".
"გადაღების დაწყებამდე დამლაგებლის მოსვლას არც ელოდებოდა სცენას თვითონვე გვიდა ხოლმე".
"ჩვენთან, გოგის მეზობლად სოხუმელი ბიჭი იყო სტუმრად. გოგიმ გაიცნო, მოეწონა. ხშირად შემოგვირბენდა და სულ ეხვეწებოდა ჩემთან გადმოდი საცხოვრებლად სანამ უკან დაბრუნდები, აქ ცოტა ვიწროდ ხარო".
"საქმის გადადება არ უყვარდა, საშინელ "პახმელიაზეც" რომ ყოფილიყო და არაფის თავი ქონოდა გადაღებას მაინც არ ჩაშლიდა. თავის გასაკეთებელს ბოლომდე მიიყვანდა".
"გოგია კაცი იყო, კოლორიტი".
ამ და ბევრ მსგავს ამბებს ხშირად ვისმენდი გოგიზე და ბედნიერი ვიყავი იმით რომ მის ოჯახს ვიცნობ.
მის მეუღლეს, ქეთი დეიდას, რომელთან შესახვედრადაც, ლექციების წინ, გზას ცოტას სიამოვნებით ვიგრძელებ. იქნებ შორიდან თვალი მოვკრა და თავისდაკვითა და ბედნიერი ღიმილის თანხლებით მივესალმო.
გოგის შვილი ლევანი კი ჩემი კურსელი იყო. ჩვენი მეგობრობა უკვე 10 წლის ხდება. ისიც მამამისივით დიდი გულის მეპატრონეა. შეუძლია თავისი ჭერი დაგახუროს და მისსავე მიწაზე ხელშიაყვანილმა გატაროს.
სხვების არ ვიცი, ან რა ჩემი საქმეა, მაგრამ მე მიყვარს სასაფლაო. მიყვარს გოგი დოლიძის საფლავიც.
დღეს გოგი დოლიძის გარდაცვალებიდან 17 წელი გავიდა. მიხარია რომ ამ ადამიანისა და მისი ოჯახის სიყვარულს "გულის ჯიბით" ვატარებ.

პატივისა და გულისცემით, გიორგი ლიპარიშვილი
8.03.13

Monday, March 4, 2013

გოგი დოლიძის სტუმრობა


გოგი დოლიძე სტუმრად, მუსიკოს ელგუჯა ომიაძის ოჯახში (1995 წ.) 
ეს ვიდეომასალა გოგის მასპინძელმა გადმომცა - გიორგი ლიპარიშვილი 2012 წ.



Thursday, February 28, 2013

წელს დროება მოემარტა

წელს დროება მოემარტა,
ცოლს მუცელი მოემატა.

გაზაფხულის ჰორიზონტის ნაპირში,
ჩვენი შვილი 8 თვის ხდება აპრილში.

დაბადების დღე კი არის მაისად,
1 წლისაც კი გახება გაისად.

გაზაფხულიც სიცოცხლისფრად კვირტდება,
და თვალ-გულიც სიხარულად კვირდება.


ცოლს მუცელი მოემატა,
წელს დროება მოემარტა...

გიორგი ლიპარიშვილი
1.03.13






Thursday, February 21, 2013

მარო მაყაშვილი - პროტოტიპი



მარო მაყაშვილი (1902-1921წწ).

Wednesday, February 13, 2013

მომავალი კვირიდან

ზარმაცი კაცის ნაფიქრალი


ცოტა ძილი მეძვირება,
დღე-ღამეა მცირე,
თავი ფიქრში მეძირება,
ვეღარ გავიცინე.

ცოტა ჩაცმაც მერთულება,
გახდაც ხალისს მართმევს.
გარეთ გასვლაც მეთუება,
ვიღაც ხელს თუ მართმევს.

აღარც სიტყვა მესეტყვება,
ყველაფერი ხომ თქვეს,
აღარც დარდი მესვეტება,
ტირილით ხომ მოთქვეს.

აღარც საქმე მესაქმება,
ღონეს თითქოს ვზოგავ,
ქვეყნად რაღა მესაქმება,
მეფიქრება ზოგგან.

გულიც არსად მეგულება,
ფეთქვა უმძიმს საფეთქლებს,
კაცი აღარ მეგულება,
ვინც რაიმეს "აფეთქებს".

სიზამრმაცეც მეზარება,
მართმევს იმედს ხვალის,
გამაღვიძეს მე "ზარებმა",
რა ეშხი აქვს ხალისს?!

ვიყოჩაღებთ უცილოდ,
მომავალი კვირიდან,
თუ მე და სიზარმაცეს
რამე გამოგვივიდა.



ფიქრი თუკი აწუხებს,
კარგის არის ნიშანი,
თავს დააღწევს მარწუხებს,
მწვანეა შუქნიშანი.


გიორგი ლიპარიშვილი
2013 წ. თებერვალი

Tuesday, January 29, 2013

მამას, ბებოს, ბაბუს

მამის სუნი მომენატრა,
წარმოდგენაც მიჭრის,
წლები მხრებზე მომემატა,
აწმყო წარსულს მიჭრის.

ბებოს სითბო შემომაკლდა,
გულის კუთხეს ცივა,
ფიქრებიც კი შემომაკვდა,
წლებს წამები ცვივა.

ბაბუს ნატვრა მომეძალა,
მწვანე თვალთა ფეთება,
სიყვარულო მომე ძალა,
თორემ გული ფეთქდება.

მონატრებავ დარჩი,
არ დაგადებ ტაბუს.
ვეფოფინე სამივეს:
მამას, ბებოს, ბაბუს...

გიორგი ლიპარიშვილი
29.01.13

Friday, January 25, 2013

მიხა ხელაშვილი - პროტოტიპი