მეძებარი

Wednesday, March 27, 2013

ფუტკარივით მწერი

ფუტკარივით მწერი,
გავხდი ლექსის  მწერი.

ფიქრის ვიწყე წყობა,
რაღა გაეწყობა.

საქმე ეძებს თანხებს,
თუკი დაითანხმებს.

გრძნობა გაისავსებს,
ცოლს ვუცეკვებ ვალსებს.

გზებს გავიფენ ფეხქვეშ,
ვისეირნებ მეხქვეშ.

ცას მოვირგებ თავზე,
მზეს და მთვარეს - თვალზე.

ოცნებებს კი არ ვთვლი,
მიზნებს კომბლად გავთლი.

სიტყვებს დავთეს მწკრივში,
საქმეს გავტეხ კრივში.


გავხდი ლექსის მწერი,
ფუტკარივით მწერი.

გიორგი ლიპარიშვილი
27.03.13







Sunday, March 24, 2013

ოთარ ჭილაძის სიტყვა მიხეილ ხერგიანზე

მიხეილ ხერგიანი იმ გამორჩეულ პიროვნებათა რიცხვს განეკუთვნება, სამშობლოს სახელს არა მარტო აქტიური ცხოვრებით, არამედ თავიანთი ტრაგიკული სიკვდილითაც რომ განადიდებენ. ცივილიზებულმა მსოფლიომ, რომელიც პატარა ერების მიმართ არასოდეს გამოირჩეოდა ყურადღებითა და გულისხმიერებით, ადვილი შესაძლებელია, საერთოდ მიხეილ ხერგიანის დაღუპვის დღეს გაიგო პირველად საქართველოს სახელი, ანუ მიახლოებით მაინც წარმოიდგინა საბჭოთა იმპერიის ჯურღმულებში ადგილ-სამყოფელი იმ ხალხისა, რომელმაც კიდევ ერთი დიდებული მთამსვლელი მოუვლინა სპორტულ სამყაროს, ხოლო ჩვენისთანა ჩვეულებრივ ადამიანებს ეთხელ კიდევ გასნუმტკიცა საკუთარი შესაძლებლობების რწმენა. რაც მთავარია, მიხეილ ხერგიანს, იმპერიის ზედამხეველთა ზურგს უკან, თუნდაც ფიქრებსა და წარმოდგენებში, უპირველეს ყოვლისა, თავისი ბედკრული სამშობლოს არარსებული, სიზმარში შეკოწიწებული დროშა აჰქონდა მარადისობის მწვერვალზე. თავად კი მოწყდა კლდეს, მაგრამ სამშობლო, რომელიც ალბათ ჯერ კიდევ დიდხანს ეკიდება უიღბლობისა და უსამართლობის ციცაბო კლდეზე, ერთი ნაბიჯით მაინც გაარიდა არარაობის მარად პირღია უფსკრულს... ასეთი პიროვნების დაღუპვა, მიუხედავად დიდი ტკივილისა, უიმედობისა და უმწეობის შეგრძნებას კი არ გვიჩენს, არამედ იმედითა და სიამაყით გვავსებს და მეც სიამაყითა და იმედით მინდა დავამთავრო ეს პატარა სიტყვა: ვიდრე სვანეთის ჭაღარა მწვერვალები ფეხზე დგანან, საქართველო არ დაიღუპება. სვანეთი ის ზღაპრული ბროლის კოშკია, სადაც მარად წაუბილწავი ქართული ზნეობისა და მარად უტეხი ქართული სულის მჭედელი ხალხი ცხოვრობს.

ოთარ ჭილაძე
"წინ მარადისობაა"
გამომცემლობა "ინტელექტი"

"მადა მოდის"

ლექსების წერა გამხდარა მოდა,
საღამოებზე ხალხი დარბოდა.

ფილმების ნახვაც "მოდური" გახდა,
რამდენ ვინმეს სურს სხეულის გახდა.

ზოგი "იმეტებს" ღმერთისთვის ფიცებს,
არადა ეშმაკს, ყველაფერს მისცემს.

ბევრს დედა მხოლოდ ჭიქაში ახსოვს,
თავის სიყვარულს ჭამაში აქსოვს.

ზოგის მადა აყოლია "ბოიფრენდს",
ზოგისთვის კი "გელფრენდები" მოიფრენს".

"ჭამაში ხომ მადა მოდის?!"
ასეთია მადა მოდის.

23.0313
გიორგი ლიპარიშვილი

Tuesday, March 19, 2013

დღეს ოთარ ჭილაძე 80 წლის გახდებოდა - პროტოტიპი


 (1933-2009 წწ).


ნაწარმოებები:

1 წლის წინ


გაზაფხლის მზიან დღეს მე და ჩემმა გულისწორმა მთაწმინდის პანთეონს მივაშურეთ.  ჩვენი პანთეონში სტუმრობა, დიდი მწერლის, დიდმა პატივისცემამ გამოიწვია.
ბატონი ოთარის საფლავთან მიახლობებულებმა თვალი მის ძმას, ასევე დიდ მწერალსა და ადამიანს თამაზ ჭილაძეს მოვკარით. ის შვილიშვილთან ერთად იყო მისული და ძმის სულს ეჩურჩულებოდა.
ბუნებრივია, ახლოს მისვლა და ხელის შეშლა არც გვიფიქრია. იქვე ახლოსმყოფ ვაჟა-ფშაველას საფლავს მივეახლეთ.
პანთეონს ჩვენ გარდა უცხოელი სტუმრებიც ყავდა. მათ გიდიც ახლდათ. მისი დახმარებით იგებდნენ სად ვინ იყო დაკრძალული და ვინ რა ისტორიას ინახავდა.
ისინი ჩვენს გარშემო მხოლოდ ერთ საფლავთან შეჩერდნენ და მალევე გაგვშორდნენ. ჩვენ თამაზ ჭილაძის ხმამ მიგვიზიდა.
გიდს თავაზიანად მიმართავდა:
"- უკაცრავად ბატონო, იოსებ სტალინის დედის საფლავს რომ აჩვენებთ მხოლოდ სტუმრებს, იქნებ ვაჟა-ფშაველას საფლავიც გეჩვენებინათ."
პასუხი არ იყო კითხვიმსგავსად თავაზიანი:
"- რაც საჭიროა ყველაფერს ვაჩვენებ და ვეუბნები, კარგად ვიცი რაც უნდა გავაკეთო!!!"
გაგვშორდნენ...
ბატონი თამაზი, ისედაც წარბშეუხრელი მუხასავით მდგარი, უფრო მეტად გაშეშდა. სიტყვაც გაუწყდა და ფიქრიც.
უხერხულობის გასაგდებად ვეცადე ავლაპარაკებულიყავი. მივუახლოვდი. მივესალმე.  ძმის დაბადებისდღე მივულოცე...
უცებ სახეს სხივი გაუჩნდა. ნათელი მეც გადმომედო და გამათბო. გულში ჩამიკრა. ჩვენგან მოშორებით მყოფი ჩემი გულისწორიც მაშინვე შეამჩნია: "ხომ თქვენთან არის, ახლოს მოვიდეს, რა ლამაზი გოგოა". ისიც გულში ჩაიკრა და გულიანსიტყვიანად დაგვლოცა...

ეს იყო ზუსტად 1 წლის წინ. 

დღეს ოთარ ჭილაძის დაბადებისდღეა. დიდ ქართველ პოეტსა და მწერალს, ნობელის პრემიაზე წარდგენილს, მსოფლიოს 6 საუკეთესო მწერალს შორის, ქართული სიტყვისა და საქმის გულშემხარველს, 20 მარტს 80 წელი შეუსრულდებოდა.



გიორგი ლიპარიშვილი
19.03.13


კომუნიკაციის, პრეზენტაციისა და დისკუსიის ტექნიკები


Saturday, March 9, 2013

ჩვენი სამშობლო დიდი კაცია

რამდენი ომი ქონდა სამშობლოს,
რამდენი გმირი გამოერია,
მაინც ბოროტი, შური და მტრობა
ვერადავეღარ გამოელია.

არც სისხლი გახდა ბევრი სამყოფი,
არც წართმეული მიწა გამყოფი.
ქვეყანას მუდამ ჭირდება დაცვა,
შორს რომ ამყოფოს მტრებისგან ძარცვა.

რამდენი ღალატი, რამდენი გამოცდა,
საუკუნეებს ვეღარ გამოცდა.
რამდენი თავის, ზავის დადება,
რამდენ გმირობის გადავადება.

ჩვენი ქვეყანა ბრძოლის ხვედრია,
ზოგი ამბოხსაც ერთურთს ყვედრიან.

ჩვენი სამშობლო დიდი კაცია,
ჯაჭვის პერანგად ერი აცვია.

გიორგი ლიპარიშვილი
0703.13





Friday, March 8, 2013

ის პატარა სიტყვაა

ის პატარა სიტყვაა,
მაგრამ არ ყავს ტოლი,
გაზაფხულის სეტყვაა,
მოფოფინე ცოლი.

გიორგი ლიპარიშვილი
9.03.13


დღეს გოგი დოლიძის გარდაცვალებიდან 17 წელი გავიდა




გოგი დოლიძე - ამ სახელისა და გვარის გაგება ბევრ ქართველს არაჩვეულებრივ მომღერალ გოგი დოლიძეს ახსენებს, ბევრს კი მომღერალსა და არაჩვეულებრივ ადამიანს.
გოგის გარდაცვალების შემდეგ, მისი შვილის შემწეობით 9 წელი ვცხოვრობდი გოგი დოლიძის სახლში (გოგი დოლიძის ქუჩაზე). ამ დიდ ადამიანზე ბევრი ისტორია მოვისმინე მეზობლისგან, ოჯახის წევრისგან, ნაცნობისგან თუ უცნობისგან:
"ერთხელ თბილისში კოკისპირულად წვიმდა, გაჩერებასთან ქალი უქოლგოდ იდგა და გაურკვეველი დროით ელოდებოდა ავტობუსს. გოგის მანქანა  გაუჩერებია და მორიდებით შეუთავაზებია სახლამდე მიყვანა. ქალს დიდი მადლობა გადაუხდია და უთქვამს, რომ ვერ შეძლებდა მის დახმარებას, რადგან ის ბათუმში მიდიოდა. გოგის უცებ გახარებია. რა დამთხვევაა ქალბატონო მეც ბათუმში მივდივარო.
გოგიმ ქალბატონი ბათუმში ჩაიყვანა და უკან გამობრუნდა. მას გეზი, ქალის წვიმაში დანახვამდე ბათუმისკენ სულაც არ ქონდა. ის თბილისში თავის საქმეზე მიდიოდა".
"გადაღების დაწყებამდე დამლაგებლის მოსვლას არც ელოდებოდა სცენას თვითონვე გვიდა ხოლმე".
"ჩვენთან, გოგის მეზობლად სოხუმელი ბიჭი იყო სტუმრად. გოგიმ გაიცნო, მოეწონა. ხშირად შემოგვირბენდა და სულ ეხვეწებოდა ჩემთან გადმოდი საცხოვრებლად სანამ უკან დაბრუნდები, აქ ცოტა ვიწროდ ხარო".
"საქმის გადადება არ უყვარდა, საშინელ "პახმელიაზეც" რომ ყოფილიყო და არაფის თავი ქონოდა გადაღებას მაინც არ ჩაშლიდა. თავის გასაკეთებელს ბოლომდე მიიყვანდა".
"გოგია კაცი იყო, კოლორიტი".
ამ და ბევრ მსგავს ამბებს ხშირად ვისმენდი გოგიზე და ბედნიერი ვიყავი იმით რომ მის ოჯახს ვიცნობ.
მის მეუღლეს, ქეთი დეიდას, რომელთან შესახვედრადაც, ლექციების წინ, გზას ცოტას სიამოვნებით ვიგრძელებ. იქნებ შორიდან თვალი მოვკრა და თავისდაკვითა და ბედნიერი ღიმილის თანხლებით მივესალმო.
გოგის შვილი ლევანი კი ჩემი კურსელი იყო. ჩვენი მეგობრობა უკვე 10 წლის ხდება. ისიც მამამისივით დიდი გულის მეპატრონეა. შეუძლია თავისი ჭერი დაგახუროს და მისსავე მიწაზე ხელშიაყვანილმა გატაროს.
სხვების არ ვიცი, ან რა ჩემი საქმეა, მაგრამ მე მიყვარს სასაფლაო. მიყვარს გოგი დოლიძის საფლავიც.
დღეს გოგი დოლიძის გარდაცვალებიდან 17 წელი გავიდა. მიხარია რომ ამ ადამიანისა და მისი ოჯახის სიყვარულს "გულის ჯიბით" ვატარებ.

პატივისა და გულისცემით, გიორგი ლიპარიშვილი
8.03.13

Monday, March 4, 2013

გოგი დოლიძის სტუმრობა


გოგი დოლიძე სტუმრად, მუსიკოს ელგუჯა ომიაძის ოჯახში (1995 წ.) 
ეს ვიდეომასალა გოგის მასპინძელმა გადმომცა - გიორგი ლიპარიშვილი 2012 წ.