მეძებარი

Tuesday, April 30, 2013

შვილს - დაიწყო მტკიცება

შვილი ტკბილზე ტკბილია,
სიტკბოს ახლა გავუგე,
გრძნობა თბილზე თბილია,
მზეს ზურგიც არ გავუღე.

შვილი სიყვარულია,
ვინც დაიწყო მტკიცება,
ვიცი სიხარულია,
მაგრამ "გაიტკიცება".

მაინც მინდა შვილზე ვთქვა,
მე საამო ფრაზები,
მამა როგორ გავდიდდი,
გავხდი ბუმბერაზები.

შვილის სუნთქვა მაგიჟებს,
ჰაერსაც რომ ანაზებს,
მივუძღვნიდი ამ პროცესს
ლექსებს, აზრებს, ანდაზებს.

დედა როგორ უხდება
შვილის მოვლა-ფერებას,
თვალწინ დგება ბუნების
არსის - გადმომღერება.

მზეს ზურგიც არ გავუღე,
გრძნობა თბილზე თბილია,
სიტკბოს ახლა გავუგე,
შვილი ტკბილზე ტკბილია.


გიორგი (თევდორეს მამა) ლიპარიშვილი
30.04.13

Saturday, April 27, 2013

როცა შვილი იწყებს ჭამას (მოლექსპრომტო)

როცა შვილი იწყებს ჭამას,
რძის სუნი აქვს სამყაროს,
სიხარული ლამის ტანზე
კვირტად გამომაყაროს.

გიორგი (თევდორეს მამა) ლიპარიშვილი
27.04.13

Thursday, April 25, 2013

თევდორეს ნაფიქრალი



დაბადებას დაბადება დავასწარი, უფრო ზუსტად, 3 კვირით ადრე დავიბადე. შეიძლება ამის გამო ცოტა ინერვიულა ჩემმა ოჯახმა, მაგრამ სადარდებელი არაფერია. პირიქით, სასიხარულოა, ადრე დავიბადე და დიდხანს ვიცოცხლებ.
 დედაჩემი ვაჟკაცი ქალი ყოფილა. ჩემს პირველ სახლშიც, დედის მუცელშიც, მესმოდა და  ვგრძნობდი მის სიძლიერეს, მაგრამ მშობიარობისას უფრო მეტად შევიგრძენი.
 ტკივილი 13 საათი ეჭიდავებოდა, დედაჩემმა კი გაუტკივარების გარეშე ტკივილს ომი მოუგო.
 მამაჩემი მე და დედას ყველაზე საჭირო დროს გვერდიდან არ მოგვშორებია. დედის სიმამაცეს მამის მხნეობაც ემატებოდა და მეც ძალამომატებული მოვიწევდი მუცლიდან.
 მშობლების მხნეობით გათამამებულმა, ორნასკვიანი ჭიპლარით შემოხვეულმა დაბრკოლებებს თავი ადვილად გავართვი, ჩემი გავიტანე, პატარა პაუზის მერე ამოვისუნთქ-ამოვიტირე. დავიბადე.
 დედ-მამამ თევდორე დამარქვა. მამა ფიქრობს, რომ ეს სახელი გასროლილი მუშტივითაა. მე უკვე მომწონს ჩემი თავიც (საკუთარი აზრი მაქვს და გადაწყვეტილებებსაც ვიღებ) და ჩემი სახელიც, ჩემი მშობლების ჩემთვის ნაფიქრალ-მორგებული.
 ამ ფოტოზე ორიოდე საათის ვარ. პირველი ფოტო მამამ ძლივს გადამიღო.
 ახლა უკვე არც მეტი არც ნაკლები, 5 დღის ვარ. 
 მიყვარს მშობლები, ჭამა, ძილი, გარშემომყოფები, სიცოცხლე. 
 ბევრი ფიქრი მომივიდა. სხვა საქმეებსაც უნდა მივხედო...

 ამ დროისთვის კი ალბათ სულ ეს იყო თევდორეს ნაფიქრალი.


გიორგი (თევდორეს მამა) ლიპარიშვილი
25.04.13 


Monday, April 22, 2013

გავმამდი

გავმამრდი, 
გავმრავლდი,
გავმამდი.


21 აპრილიდან
2013წ.
გიორგი ლიპარიშვილი

დაიბადა დღეს თევდორე (ნალექსარი)

დედა ახლა შემიყვარდა,
როგორ ვჩნდებით ვნახე,
ემოცია ყელში ჩამრჩა,
სიტყვაც ვერ მოვნახე.

ცოლიც ახლა შევიგრძენი,
უდიდესი განცდებით...
ზეცის მაღლა ავფრინდები,
დედამიწას გავცდები.

აღარაა ეს თვე მდორე,
დაიბადა დღეს თევდორე.


21-22 აპრილი, 2013 წ.
გიორგი ლიპარიშვილი