მეძებარი

Showing posts with label ლექსი. Show all posts
Showing posts with label ლექსი. Show all posts

Tuesday, December 16, 2014

დედა მარტო დამირჩა



დედა მარტო დამირჩა
დედა ჩემი გულია,
იქნებ ქარი აშინებს,
იქნებ წყალი წყურია.

ღამე ხომ არ ანაღვლებს,
ან დღე ხომ არ ეურჩა?!
ნეტავ თვალში ღიმილი,
ხომ მშვიდობით შეურჩა?!

რამე ხომ არ ატკივდა,


Tuesday, October 14, 2014

ლექსის დღეები

ჯანსუღ კახიძის სკვერი
(26.06.13)




რესტორანი "Marjanoff Express"
(11.03.13)





წიგნის სახლი ბახტრიონზე
(22.12.12) 


 


"უსითბოესობავ" - ჩემი პირველი წიგნის  პრეზენტაცია 
შოკოლადისა და პოეზიის ფესტივალზე 
 12.05.12 





ილიაუნი

(12.12.11)







თსუ 
ილია კილაძე, დათო ქაშიაშვილთან დ აალექსანდრე ლორთქიფანიძესთან ერთად
გიორგი ლიპარიშვილი
16.04.11






ლექსების საღამოზე „კათარზიში“
(1.04.11)
























ლექსების საღამო „Rock club-ში“ 
9.02.10





                                                                     ზურა ხარაზიშვილის ფოტო




Monday, September 29, 2014

მოდი სინდისს გავყიდი

                                                                     pia.ge


მოდი სინდისს გავყიდი,
ნეტავ რაში მარგია,
ცხოვრებაში ნამუსი
მძიმე ტვირთი, ბარგია.

თუკი რამეს აფუჭებ,
უფრო კარგად იქცევი,
ზღვაც კი ფასობს მიწისთვის
მუდამ ზურგის მიქცევით.

Thursday, April 17, 2014

ყველაფერი მიყვარს

ყველაფერი მიყვარს
რაც ცისკარზე იღვიძებს,
სიცოცხლესაც მიღვიძებს.

ყველაფერი მიყვარს,
რაც იწყება დილიდან,
თუკი მაგდებს ძილიდან.

ყველაფერი მიყვარს,
ჩემთან მოდის ახლოს,
საქმესთან თუ სახლობს.

ყველაფერი მიყვარს,
მე ცოლ-შვილის მონას,
ვაკონტროლებ ჭკუის: ზომას, ფორმას, წონას.

ყველაფერი მიყვარს
თუ არგანაწელია,
წიგნებში რომ წერია.

ყველაფერი მიყვარს,
დილაუთენია,
რასაც თვალი ხატავს,
ტვინს არ უთელია.

ყველაფერი მიყვარს,
ჩიტის ხმა თუ ქარის,
რაც სიცოცხლე არის.

სიტყვა იქეთ მიმყავს,
"ყველაფერი" მიყვარს.


17.04.14 გიორგი ლიპარიშვილი

Sunday, March 30, 2014

როგორც დეკორაცია...

"კაცი" მოდას მოედო,
აცხელა თუ აცია,
წიგნი უკან გადადო,
როგორც დეკორაცია.


გიორგი ლიპარიშვილი
30.03.14



Wednesday, March 19, 2014

ქედს მიხრის წუთისოფელი



ქედს მიხრის წუთისოფელი,
მხედავს ჩაუხრელ მუხლით,
გული მაქვს გაუყოფელი,
კერაჩაუმქრალ ბუხრით.

ცოტა გაცივდა ბუნება,
სიცხე ტეხავს და აციებს,
არ იცის რა მოუხერხოს
უთვალავ დეგრადაციებს.

მიწას აქვს დიდი მუცელი,
კუჭს ის ვერ ივსებს გვამებით,
ხორცს ჭამს და ცრემლებს აყოლებს
გამოზომილი გრამებით.

ცა კი ზემოდან დაგვყურებს,
თითქოს ის ჩვენზე მაღლა დგას,
თანაც თავისკენ გვიზიდავს,
ნაბიჯს უჩვენოდ არა დგამს.

ჰაერიც გაწუწურაქდა,
ჟანგბადს ცოტ-ცოტას გვაძლევს,
ასე გონია სამყარო,
მის გარეშე ვერ გაძლებს.

წყალი წყურია წყაროებს,
გაშრა თვალი და პირი,
ფიქრი გაუქრათ "მოფიქრალთ",
და მათ მაგივრად ვტირი.

ქედს გიხრი წუთისოფელო,
კიდევ გვაქვს წამი საერთო,
ჩემი ცხოვრების წამზომზე,
სანამ წითელი აენთო.

ადამიანებს დავეძებ,
სამყაროს ციცინათელებს,
მათი მებრძოლი ბუნება,
ცასა და მიწას ამთელებს.


გიორგი ლიპარიშვილი
19.03.14

Thursday, February 20, 2014

უკრაინა ზეიმობს - მინდა ამის გაგება




აღარ ვიცი შველა,
შემიძლია რით მე,
საკმარისი არაა,
რაც კი ახლა ვრითმე.

დღეს მეზობელს გვიკლავენ,
ხვალ ჩვენც გადმოგვწვდებიან,
ქვეყნის დასამონებლად,
სინდისთანაც წვებიან.

ერი მაინც ფეხზე დგას,
ის მებრძოლი ხალხია,
მაგრამ სულისკვეთებას -
ტყვიას შუბლში ახლიან.

ამით დიდი ქვეყნები
ომობანას თამაშობს,
გარიგებით გართულნი
მიწა-მიწა დამაშვლობს.

უკრაინა ზეიმობს! -
მინდა ამის გაგება,
თავისუფლად შეეძლოთ,
თავის კერის ლაგება.

მიწებზე მონადირევ,
თავს ტყუილად იწუხებთ,
ბოლოს მცირე მიწა გვჭამს,
დღესაც რაღას იმწუხრებთ.

აღარ ვიცი შველა,
შემიძლია რით მე,
საკმარისი არაა,
რაც კი ახლა ვრითმე.


გიორგი ლიპარიშვილი
20.02.14

Wednesday, February 12, 2014

ლექსი ნეხვად უღირდათ

ქვეყანაში "სწავლულებს",
ლექსი ნეხვად უღირდათ,
მხოლოდ თითზეჩამოთვლილთ -
სიხარულსღა უღვრიდათ.

თითქოს სიტყვის მწერებსაც
აზრი გამოუცვლიათ,
სიყვარულით დამშრალან
გრძნობა გამოუცლიათ.

ადამიანს დავეძებ
ორფეხ-ორხელ-ორთვალებს,
დაემსგავსა ბევრი დღეს
დაჟანგებულ ორთქმავლებს.

უიმედო არა ვარ,
არც ოცნებებს ვაშენებ,
ჩემი გულის ნაფიქრალს
ვაჩემ-ვასხვის-ვაშენებ.

ბევრს დღეს ფერი ეცვალა,
ბევრიც მოგავს უფეროს,
ზოგს ხომ აღარ ეცალა,
უნდა მარტომ უბეროს.

დღეს სიტყვებიც გაკენტდა,
სინონიმიც კლებულობს.
ვინმე წიგნს თუ გაკენკდა,
სიბრძნეს წამში ღებულობს.

წუწუნს მოგავს სიტყვები,
ვინმე თუკი კითხულობთ,
რისთვის არის ნასეტყვი?!
ალბა ამას კითხულობთ.

მხოლოდ თითზეჩამოთვლილთ -
სიხარულსღა უღვრიდათ.
ქვეყანაში "სწავლულებს",
ლექსი ნეხვად უღირდათ,


გიორგი ლიპარიშვილი
13.02.14

Saturday, January 18, 2014

ჩემი შვილი


თევდორე ლიპარი-შვილს

ჩემი შვილი მთვარეა,
ჩემი შვილი მზეა,
ჩემი შვილი ღამეა,
ჩემი შვილი დღეა.

ჯერ 9 თვისაც არაა,
9 მთაც ჯერ არ უნახავს,
ის ხომ ჯერ პატარაა,
წლები გადაუნახავს.

ჯერ სიტყვებიც არ იცის,
ზღაპრებიც არ უკითხავს,
როგორ ვჩნდებით ამქვეყნად,
ისიც კი არ უკითხავს.

ჯერ ნაბიჯსაც არა დგამს,
არც მსუბუქს და არც მძიმეს,
ისე კარგად იზრდება,
მიწასაც არ ამძიმებს.

ჯერ არც ფული უყვარს,
არც ათამდე თვლის,
რა სუფთაა ბავშვობა,
როგორც თოვლი მთის.

ნეტავ სიზმრად რას ხედავს,
ნეტავ ხომ არ აციებს,
ნეტავ ცხადში რას ფიქრობს,
ან რა ფიქრი აცინებს.

სურნელით კი ჩაგრავს,
ყვავილების არმიას,
და ღიღინით ასრულებს,
საოპერო არიას.

შვილი გულად გამიჩნდა,
გულიც შვილად მიცემს,
თურმე მამაშვილობა,
კაცს სილაღეს მიცემს.

კბილი კბილზე ამოდის
და თეთრ ჯარად დგებიან,
ვისაც შვილის უღიმის
ფეხზე წამოდგებიან.

ჩემი შვილი მთვარეა,
ჩემი შვილი მზეა,
ჩემი შვილი ღამეა,
ჩემი შვილი დღეა.


18.01.14
გიორგი ლიპარიშვილი



Wednesday, December 25, 2013

მაქვს ბავშვობის გემო

მგონი ტკბილი ვჭამე,
მაქვს ბავშვობის გემო,
ხომ არ ჩამეძირე
შენ ქაღალდის გემო?!

კვლავ ბავშვობას ვუჭვრეტ,
თამაშობის ხანას,
ახლა უკვე თავი
საქმით მომეფხანა...

აზრი გამეფანტა...
დრო მიბრუნებს აწმყოს,
ყველა ისე ფიქრობს,
როგორც სურს და აწყობს.

მე ბავშვობის სუნიც
ჩემს გრძნობებში ვლესე,
ყველა განცდა ძველი
ახლა შვილში ვთესე.

მე არ ჩამეძირე,
შენ ქაღალდის გემო,
მგონი ტკბილი ვჭამე,
მაქვს ბავშვობის გემო.

2512.13
ლიპარა

Thursday, December 19, 2013

საქართველოს ჭაღარა

ვესალმები ფეხთაქვეშ
თეთრხალიჩა ფანტელებს,
ჩემი ქვეყნის ჭაღარა
გრძნობას მიჟრუანტელებს.

წლები წინწინ მიდიან,
ერიც ლამის ერდება,
რაც არ უნდა იცუდოს
სამშობლო არ ბერდება.

ჩვენი ქვეყნის საზღვრები
მოგავს მორის ნაფოტებს,
მომავალი აწმყოზე
მაინც გადააბოტებს.

მე ექსპერტი არა ვარ,
არ ვარ მემატიანე,
სიყვარული ძალაა,
რაც კი მე მატრიალებს.

ჩემი სიტყვის ნამქერით
არვის დავაზიანებ,
ტაშს დავუკრავ სუყველას - 
გულით თავაზიანებს.

ადამიანს დავეძებ
საღი ფესვებ-ნაყოფით,
გულ-გონების ნაზავით,
არა ფაზლად დაყოფით.

კაციცაა სამშობლო - 
არა მხოლოდ მთა-ბარი,
თუკი მისთვის ღირსება,
არის მუდამ მთავარი.

ხელს მე ცუდს არ ვაფარებ,
კარგს გულიდან ვმფარველობ,
ჩემი ქვეყნის მხარ-ბიჭებს,
მუდამ ვგულშემხარველობ.

ვესალმები ფეხთაქვეშ
თეთრხალიჩა ფანტელებს,
საქართველოს ჭაღარა
გულსაც მიჟრუანტელებს.


გიორგი ლიპარიშვილი
17-18.12.13

Thursday, December 5, 2013

ცოლს

მე ფიქრები დამაქვს,
მიყვარს აზრთა წყობა,
გულში გრძნობის ყდა მაქვს,
რაღა გაეწყობა.

შენ იმ ფურცელს მოგავხარ
მოწონების წამსვე როცა ჩაინიშნავ,
ყველა წიგნში მოგნახავ
სიხარულის ნიშანს.

ცისარტყელა ბაცდება,
ფერით როცა გაცვდება,
გული შენთვის ანცდება,
სიტყვას რითმა დაცდება.

მეჩვენები ორად,
ჩემი გულის სწორად.

გიორგი ლიპარიშვილი
4.12.13

ემიგრანტებს მივუძღვნი

ემიგრანტებს მივუძღვნი
ჩემი ლექსის სტრიქონებს,
თუკი თავის სამშობლოს
ისევ მშობლად იგონებს.

მერე რა რომ ვერ მისცა
ლუკმა-პური სამყოფი,
ცა და მიწა ხომ იყო
ემოციის გამყოფი.

როგორ დაცარიელდა
ჩვენი ქვეყნის სოფლები,
როგორ გამოიწურეს
სხვის მიწაზე ოფლები.

დღე დღეს როგორ ამრავლებს
რა მალეა სიბერე,
როგორ მძლავრად იფეთქებს
ნოსტალგიის სიბევრე.

თუკი ენა სიტყვებით
კვლავ ქართულად ტრიალებს,
სხვის მიწაზე დარჩენილს
რაღა გაატიალებს.

ვინც თავს იქებს ჩოხელით,
იცის ვაჟას ვაჟობა,
მათი ქვეყნის ლამპარმა
სხვის შუქურას აჯობა.

ახლა ცენტრში ცენტია,
სამშობლოში - თეთრები,
სხვის მიწაზე ვმამლუქობთ,
უმიწაწყლოდ ვთეთრდებით.

დაგვიბრუნდით, გვჭირდება
თქვენი წყვეტა ჭაპანის,
დავანახოთ სულ ყველას
არ ვართ ერი ჯაბანი.

თქვენი გამოცდილება
სამშობლოში აბრუნეთ,
ცა და მიწა შეძარით,
დედამიწა აბრუნეთ.

თქვენ შვილი ხართ
უფროსი, საშოვარზე წასული,
დაუბრუნდით სამშობლოს,
გააცოცხლეთ წარსული.

ჭკუას კი არ გარიგებთ,
რა გჭირთ ჩემი სარჩევი,
უკეთ ხომ ხართ სულ ყველა,
თეთრის შავით გამრჩევი.

თქვენი გულის უჯრაში
გრძნობა იის ტოლია,
იქართველებთ მანამდე
სანამ გაქვთ ისტორია.

თუკი თავის სამშობლოს
ისევ მშობლად იგონებს,
ემიგრანტებს მივუძღვნი
ჩემი ლექსის სტრიქონებს.


გიორგი ლიპარიშვილი
6.12.13

Thursday, November 28, 2013

ქაღალდის საყვარელი

ის ხომ წიგნის "პლაჟებზე"
ხშირად გამოჩრილია...


ცარიელი ფურცელი
ან თაბახი კი არა,
აზრთა ორომტრიალში
ინტერესით იარა.

მერე შვილებს უხსნიდა.
ექსკურსიებს მძღოლობდა,
ისტორიებს ყვებოდა
ადრე როგორ ბრძოლობდა:

- როცა წიგნს კითხულობდნენ
ჩვენ ვხდებოდით ხიზნები,
თავდაყირა დგებოდა
ჩვენი მოდგმის მიზნები.

ზოგი წერდა ისეთებს,
ლუკმადაც არ ვარგოდა,
ამიტომაც მშობლები
სადღაც გადაგვკარგვოდა.

სახლებსაც კი გვიწვავდნენ,
უვუცების არმია,
თითქოს სითბოს იცავდნენ,
ბუხარი ხომ შარმია?!

სადღა აღარ გვატარეს,
მიგვაბარეს ტუალეტებს,
უკანალი მოვწმინდეთ
დამებსა და ვალეტებს.

ერთმა ხის ქვეშ მიგვაგდო
გვამჯობინა ალუჩა,
სხვამ კი "ნეტი" ჩაირთო
წიგნიც "შვილებს" გადურჩა.

ახლა სუფევს მშვიდობა,
ჭერი გვხურავს მტვრიანი,
აღარა ვართ ქებულნი
ათასოხერმტრიანი.

შვილებს სიბრძნეს ვაკითხებთ,
მგზავრობაც გვაქვს უფასო,
მთავარია კაცთა ჯიშს
აზრი გადაუფასო.

ჩვენზე უთქვამთ ხუმრობით,
ჩვენს სახლებში სტუმრობით:

ის ხომ წიგნის "პლაჟებზე",
ხშირად გამოჩრილია,
ქაღალდის საყვარელი
მოფუსფუსე ჩრჩილია.


გიორგი ლიპარიშვილი
29.11.13

Wednesday, November 27, 2013

ადი დე

აღარა მაქვს ძალა,
სიტყვის ვაგო ზვინი,
ვერ დავძარი ძარა,
ვამოძრაო ტვინი.

თანაც მინდა ვკაფო,
კაფიობის კეფა,
როგორ მინდა ლექსთა
და აზრებთა კრეფა.

მინდა სიტყვით ვკაზმო,
სურნელების ფრქვევით,
ყველაფერი რაც ჩანს
ცის და მიწის ქვევით.

ახლა ღამე წვება,
მთვარეც საბანს იხურავს,
მერე დილაც მოვა,
მზე ბნელს როცა მიხურავს.

წამი წუთებს ითვლის,
წუთით ჩნდება დღე და,
როგორ მომენატრა,
ჩემი თბილი დედა.

მუდამ შვილზე ფიქრით,
მოციმციმე თვალით,
სიამაყით სავსე,
დაუხრელი თავით.

დედის გულის ფეთქვა,
მოქმედ ვულკანს ჯაბნის,
ჩემი ფიქრთა წყობა,
რამდენ რამეს ჯღაბნის.

მამა როცა გავხდი
დედა მაშინ გადიდე,
შენ ცხოვრების კიბეზე,
სიხარულით ადი დე.

გიორგი ლიპარიშვილი
27.11.13







დანა ზოგი (მოლექსპრომტო)

ვეღარა ჭრის დანა ზოგი,
თუ არა აქვს დანაზოგი.

გიორგი ლიპარიშვილი
27.11.13

Friday, November 1, 2013

ვჩანვარ ჩემი ბედიდან

სავსე მთვარეს დაღრუბლავს,
გული ისე მედიდა,
ჩემი ცოლი მახარებს,
ვჩანვარ ჩემი ბედიდან.

მისთვის ლექსებს დავაცხობ.
სიტყვებს ვკმაზავ სუნელით,
მე სუნამო არა მაქვს,
ვტკბები ცოლის სურნელით.

გრძნობა მთაზე დიდი მაქვს,
მთის კალთები მალაღებს,
ცოლის სიხარულისთვის
შევჭამ უკვდავ ბალახებს.

თვალის ჩინის ჩიჩინი,
ცოლიახლოს ტრიალებს,
ისე კოხტად ფოკუსობს,
სულსაც გააკრიალებს.

ჩემი ცოლი მახარებს,
ვჩანვარ ჩემი ბედიდან.
სავსე მთვარეს დაღრუბლავს,
გული ისე მედიდა.

გიორგი ლიპარიშვილი
2.11.13


Tuesday, July 30, 2013

ჩემი შვილის დედას

ჩემი შვილის დედას
დაემატა წელი,
ამიტომაც გავხდი
ამ ნალექსრის მწერი.

ვერ ავწონე გრძნობა,
ვერც სიტყვებით ვწერე,
ამიტომაც აზრი
უაზრობით ვწელე.

ჩემი ცოლის ფასი,
მყარ ვალუტას ჯაბნის,
ამიტომაც ხელი, 
ჩემი, ფიქრებს ჯღაბნის.

ჩემი ცოლი არის,
ჩემი შეყვარებული
და დავდივართ გვერდიგვერდ
ერთურთ შეხარებული.

ამიტომაც გავხდი,
ამ ნალექსრის მწერი,
ჩემი შვილის დედას,
დაემატა წელი.


30.07.13
23:59
გიორგი ლიპარიშვილი