მეძებარი

Tuesday, July 30, 2013

ჩემი შვილის დედას

ჩემი შვილის დედას
დაემატა წელი,
ამიტომაც გავხდი
ამ ნალექსრის მწერი.

ვერ ავწონე გრძნობა,
ვერც სიტყვებით ვწერე,
ამიტომაც აზრი
უაზრობით ვწელე.

ჩემი ცოლის ფასი,
მყარ ვალუტას ჯაბნის,
ამიტომაც ხელი, 
ჩემი, ფიქრებს ჯღაბნის.

ჩემი ცოლი არის,
ჩემი შეყვარებული
და დავდივართ გვერდიგვერდ
ერთურთ შეხარებული.

ამიტომაც გავხდი,
ამ ნალექსრის მწერი,
ჩემი შვილის დედას,
დაემატა წელი.


30.07.13
23:59
გიორგი ლიპარიშვილი

Saturday, July 27, 2013

"ჯადოსნური ადამიანი"


ფილმის ავტორი - გიორგი ლიპარიშვილი , თბილისი, საქართველო
18.07.2013

ამ ფილმის გმირი ქალაქში მოსეირნე ხალხს მოულოდნელ მუსიკას და სხვა სიურპრიზებს ჩუქნის. მას ეხალისება ეს საქმე მიუხედავად იმისა, რომ ასე უკვე მრავალი წელი გაატარა. გიორგი ლიპარიშვილის ფილმი, თბილისი, საქართველო, ივლისი 2013

gogroupmedia.net

Monday, July 22, 2013

სინდისთანაც წვებიან

სიტყვა როგორ გაძვირდა,
ფასებს ვეღარ წვდებიან,
ტყავის გადასარჩენად
სინდისთანაც წვებიან.

გიორგი ლიპარიშვილი
22.07.13

Sunday, July 21, 2013

შვილის გემო გავიგე


3 თვის თევდორეს

შვილის გემო გავიგე,
მადა როგორ გამეხსნა,
ცამდე კოშკი ავიგე,
სიტყვით ვეღარ ამეხსნა.

მე დღესაც მწვავს ობლობა,
მამის ნატვრით ვიჭრები,
რა ტკბილია მშობლობა,
ზეცის ზემოთ ვიჭრები.

ვიცი დედა ფუტკარი,
უფრთხილდება თაფლის წვეთს,
მე კი შვილის სურნელით,
ამოვივსებ საფილტვეთს.

სიტყვით ვეღარ ამეხსნა,
ცამდე კოშკი ავიგე,
მადა როგორ გამეხსნა,
შვილის გემო გავიგე,


20-21.07.13
გიორგი ლიპარიშვილი


Friday, June 21, 2013

თევდორე - შოთა ნიშნიანიძე


1609 წელს თრიალეთზე გადმოსული
თურქთა დიდი ლაშქარი თევდორე ბერს
გადაეყარა და მეგზურობა მოსთხოვა თევდო–
რემ მტერს გზაკვალი აუბნია და მიზანს დაა–
შორა. მოტყუებულმა თურქებმა ბერი აკუწეს.
ქართველმა ჯარმა დრო მოიგო და მტერი ქვიშ–
ხეთთან დაამარცხა.


თრიალეთის ტყეში, როცა დღეა მშვიდი,
––თევდორეე!...
––თევდორეე!...
ტირის ერთი ჩიტი.
განა მართლა ჩიტუნაა, სული არის სამოთხისა,
––სულო, სულო, სულეთიდან რა განგებამ გამოგხიზნა.

ბალღობაში ნუკრი იყო, თრიალეთზე ბალახობდა,
თეთრი ირმის ძუძუს წოვდა და ალგეთში კალმახობდა.

ყელს ეკიდა ქრისტეს ჯვარი–გამგებელი საუფლოთა,
წმიდა იყო, სათნო იყო, ცაში ღმერთთან საუბრობდა.

თოხნიდა თუ ვენახს სხლავდა,– ეხსნებოდა ბაგე ლოცვით,
ჩიტები რომ ეხვეოდნენ, თურმე იყვნენ ანგელოსნი.

მათ უწყიან მომავალი, თითეულის სულის ხატი,
ვინ მოკვდება მამულისთვის ანდა კიდევ უფლისათვის.

ამიტომაც მსახურებდნენ, წმინდა ბერი სულს ერჩიათ 
და ჭკვიანი ხარებივით ებმებოდნენ უღელშიაც.

...ათას ექვსას მეცხრე წელ, როგორც უპატრონო რაში,
ტორებს ცემდა... ჭიხვინებდა, მთიდან გადარბოდა მთაში.

წმინდა ბერი ლოცვად იდგა... ციდან ჩამოესმა რეკა... 
თრიალეთთან მტერი მოდგა... დიდმა მთებმა იწყეს დრეკა...
..........................................................................................
ქართულ ვენახს,
ქართულ ჯვარს, –
ქვეყნის ოთხივ მხარეს,
როგორც იატაგანი, სხეპს თურქული მთვარე.

აჰა, მახვილ–შუბებით აზღარბულა სერი,
ჩალმოსანთა მწკრივები ჰგავს სიკვდილის წერილს.

იწერება სულთანი... იწერება ქადილს
და სიკვდილის ეტრატივით იგრაგნება ქართლი.

ხმლით აკუწულ ცისარტყელებს და ხოხობა ცისკრებს 
ფარჩეულად გაიტანენ ისპაჰანს თუ მისერეთს...

.....................................................................................
შენ ხარ ვენახი აჩეხილი,
მესიის სურვილი ამხდარი,
ღვთის სახლი, სათნო სახლი დამეხილი,
წაქცეული, დაქცეული საყდარი.
მამაო, გალობა ხარ შეწყვეტილი,
მამაო, სანთელი ხარ დამწვარი,
მამაო, ცეცხლი იყავ სვე–კეთილი,
ახლა ხარ ნაცარი...
ლოცვა ხარ ბაგეზე შეყინული,
ნახევრად სიზმარი... არაკი...
ლომი ხარ ქართველობას შეწირული
და კრავი–ქრისტეს ზვარაკი.

ეს სისხლია, ღვთის კაცო, ღვართქაფად რომ დაგდინდა,
თუ რიჟრაჟმა იფეთქა ანაფორის ღამიდან.
––ოსანა!
––ოსანა!
მოდგნენ ანგელოსები,
ანაფორის ნაკუწები მიაქვთ ავგაროზებად.
გალობაში შეგახვიეს და შეგმოსეს ლეგენდებით,
თუ გაჭირდა მტერს და ორგულს ლეგენდითაც ვეკვეთებით,
შენი ჯვარი, ოქროს ჯვარი, როგორც გახიზნული ჩიტი,
როგორც სული, შენი სული–ფერად გასისხლული შინდი,
გამოება ენად ზარებს, საყდრის დამუნჯებულ ზარებს.
და მზე უძღვის ჩალისფერი ქართლის გამარჯვებულ ჯარებს.

––თევდორეე!...
––თევდორეე!...
ეს რა ძალამ გასულდიდა,
მომავალი კიდევ ბევრჯერ გამოგიხმობს წარსულიდან.
––თევდორეე!...
––თევდორეე!...
შენისთანა მეკვლე გვინდა,
შენი ერი კიდევ ბევრჯერ გამოგიხმობს ლეგენდიდან.

.........................................
.........................................
მთაში ფანდურს აჟღავლებენ, წვიმს გმირული კაფია,
ცაში ელვით იწერება შენი ეპიტაფია.