თვეზე ცოტა მეტი ხნის წინ სომხეთს "კულტურულად" ვესტუმრეთ. მეგობარმა პოეტმა ილია კილაძემ დამპატიჟა პოეზიის ფესტივალზე. ერთად ადრეც ბევრჯერ გვილექსავია. მწერალთა კავშირიდან გაგვიშვეს. ქალბატონმა მაყვალა გონაშვილმა გზა დაგვილოცა.
სომხეთის სამთო კურორტ წაღკაძორში, მწერალთა სახლში დავბინავდით. გვარიანი მასპინძლობის, დასვენების, მიკითხვ-მოკითხვის შემდეგ ლექსების ფესტივალიც დაიწყო.
წასვლამდე მე და ილიამ ჩვენი ახალი ლექსები მოვიმარაგეთ ზედ ჩვენივე წიგნებიც დავამატეთ. კარგად დახუნძლულები გავეშურეთ მეზობელ ქვეყანაში ქართული სიტყვის სათქმელად.
ღონისძიება ლექსებით, როგორც საპატიო სტუმრებმა, ჩვენ გავხსენით. ლექსებით, რადგან 1-1 ლექსი წავიკითხეთ. გულღიად გამოგვიცხადეს: "მაინც ვერ ვიგებთ და მეტის წაკითხვა საჭირო არ არის".
დიდად არ გვწყენია, დასაფასებელია, გულწრფელობა კარგი რამაა.
გიორგი ლიპარიშვილი
13.07.14