მეძებარი

Sunday, May 21, 2017

წერილი 17 წლის წინ გარდაცვლილ და დღეს დაბადებულ მამას

წარმოგიდგენია?! უკვე ნახევარი საუკუნეზე 1 წლით დიდი მამა მყავს?!
გახსოვს შენი გარდაცვალების დღე?!
იმ დილითაც გადარეული და მოსიყვარულე მამა იყავი. სახლში დილით მოსული მძინარე შვილებს საწოლებში თამაშმონატრებული ბურთივით შემოგვიგორდი. კისერზე ოქროს მედალივით ჩამოგეკიდე. მერე მოწესრიგდი და სამსახურში წახვედი. მე არ მჯეროდა. არასამუშაო დღე მეგონა. შენ კი პატარა შვილის, ჩემი დის დაბადებისდღეზე სამსახურიდან მობრუნებას ჩქარობდი (5 წლის ხდებოდა). იქნებ სიცოცხლეს ჩქარობდი. გახსოვს იმ ღამით სიზმარს შეუშინებიხარ. ქუჩაში შემხვედრი ნაცნობისთვისაც კი გიკითხავს სიზმრის ახსნა თუ იციო. ამხელა კაცს სიზმრის გეშინიაო? რომ გითხრეს ხელი ჩაიქნიე და გაშორდი. ნეტავ რა სიზმარი ნახე?! თავში რა ფიქრები გიტრიალებდა?! იქნებ უშიშარს შიშებიც მოგიახლოვდა?! გული მიწაზე ამოგდებული თევზივით რამ აგიფართხალა?! მითხარი როგორია სიკვდილის მოახლოება?
მაშინ 14-ის ვხდებოდი. შენ 34-ის იყავი. იმ დღის მერე
მგონია 34 წელს თუ გადავაბიჯებ დიდხანს ვიცოცხლებ. ახლა 31-ის ვარ. უკვე ვეღარ ვფიქრობ, რას ვფიქრობ.
ის თუ გახსოვს, სხვას რომ გაუცვალე სამუშაო, შენს ადგილზე სხვა უნდა ყოფილიყო. მამა შენ რა სხვისი სიკვდილით მოკვდი?! თანაც ასე დაუგეგმავად?!
ისე რამდენი ხიფათი ვერ მოგერია - ხან გაზით დაწვა, ხან ბენზინით, ჩხუბით, უბედური შემთხვევებით ბოლოს მაინც ბედნიერდებოდი. ელექტროენერგია რა გახდა? ასეთი ძლიერი იყავი და როგორ მოგერია?!
ნეტავ ამ წერილს როგორ წაიკითხავ?!
ნეტავ რა ხდება სადაც ხარ? ან იქნებ არც აღარსად ხარ. მხოლოდ მოგონებებში დარჩი.
გახსოვს, შენი მანქანის სიგნალზე შვილები სიხარულით ისე წამოვიშლებოდით, ჭიშკრის გაღებას ერთმანეთს ხელიდან ვტაცებდით.
ის თუ გახსოვს შენ პატარა გოგოს, ფქვილში ხელებს რომ ჩააკვრევინებდი, სამზარეულოს საქმეებს ადრევე ისწავლისო. ისიც ცომს ცომივით აბრტყელებდა. რას იფიქრებდა, სახლში მარტო დარჩენა და საჭმლის კეთება მართლა ადრიდანვე თუ მოუწევდა.
ის - ჩემთან სკოლაში მშობელთა კრებაზე რომ მოხვედი?!
მაშინ ალბათ სათვალე ზედიზედ ბევრჯერ გავწმინდე, თვალებს არ ვენდე. შენ იყავი. მოკლესახელოებიანი პერანგი გეცვა. ხუჭუჭა თმა ეკლის ბურდივით გქონდა გადახლართული. მთასავით შუბლის ძირიდან თვალები ვარსკვლავებივით გიციმციმებდა. ხმამაღლა ვწერ, ის დღე ჩემი სკოლაში ყოფნის საუკეთესო დღე იყო. ბოლო მერხზე დაჯექი. ქალები შენსკენ თვალს აპარებდნენ. კაცი კრებაზე, დაუჯერებლობას ტყუპისცალივით გავდა. ზოგს კისერი მორცხვად მოეღრიცა. ორმეტრს მიახლოებული მერხთან ძლივს მოიკეცე. ბოლოს კლასის დამრიგებელმა ბოდიშები გიხადა, არ იყო ლიპარიშვილის მშობელი საჭირო, რატომ შეწუხდით, ეს ასეთი, ეს ისეთი, კარგი ბიჭიაო.
კრებიდან ერთად წამოვედით. მეგონა მთელმა ქალაქმა იცოდა რომ მამაჩემი ჩემს მშობელთა კრებაზე იყო.
წელში გამართული მივდიოდით. მინდოდა ის გზა არასდროს დამთავრებულიყო. სახლში მისულმა დედაჩემს უთხარი:
ეს სად გამიშვი, სიხარულით სიმაღლეში კიდევ უფრო გავიზარდეო.
იცი მამა კიდევ რა მახსოვს, შენი პირველი ჭაღარა. მაშინ ძალიან დიდი მეგონე. ახლა რომ გადავთვალე თურმე ვცდებოდი. ჩემი თვალის ოპერაციის შემდეგ, პირველად 25 წლის გაჭაღარავდი. ნარკოზში ვიყავი. ოპერაციას ვერ დაესწარი. 90-იანები მძვინვარებდა. შენ ფულის საშოვნელად წახვედი. როცა დაბრუნდი ნარკოზში დაგხვდი. კუნაპეტ თმაში პირველი "თოვლი" მაშინ შემოგებერტყა.
ის თუ გახსოვს როგორ მიყვარდი?! თუ გახსოვს სად წახვედი?!
გულდაგულ გადარჩენილ, ხურდებად შეგროვებული ფულით სიგარეტს რომ გიყიდდი ორივეს ბავშვურად გვიხაროდა. იაფფასიანს თუ დამაბარებდი მე ძვირადღირებული მომქონდა. შენი სიხარული მეძვირფასებოდა.
იცი რამდენჯერ მიფიქრია ახლა როგორი იქნებოდათქო?! როგორი სიმპატიური. მე უფრო მემგვანებოდი თუ ჩემს ძმა-დას?
იცი უკვე მეც მამა ვარ. #თევდორე-ს მამა. ახლა თვალები კუნძულებს მიმიგავს. ის თვალები, შენ რომ ბნელ 90-იანებში თვალისჩინივით უფრთხილდებოდი.
სიამოვნებით დაგითმობდი ერთ მათგანს, სიცოხლეს რომ გიბრუნებდეს. შენ და სამყაროს მე ერთი თვალითაც სიამოვნებით გიჭვრიტინებდით.
ნეტავ შენი კულული როგორ გათეთრდებოდა.
ახლა ნახევარ საუკუნეს გადაბიჯებული იქნებოდი.
ეს წერილი როგორ გამოგიგზავნო?
ნაბეჭდი, ხმოვანი, ელექტრონული, იქნებ სხვა რამე მეთოდიც არსებობს?! იქნებ კოსმოსს ვენდო. სხვები რომ წაიკითხავენ, სიტყვები ახმაურდება. იქნებ დროსა და სივრცეშიც დატრიალდნენ და შენამდეც მოფოფინდნენ.
მივაწერტილე, ვუშვებ ელექტრონულ ზღვაში
წერილი 17 წლის წინ გარდაცვლილ და დღეს დაბადებულ მამას
გიორგი ლიპარიშვილი