ბავშვის გონებას სისუფთავე ბავშვობიდანვე უხდება.
ბაღში აიკიდა: გოგოს და ბიჭის ფერები, ბიჭის ბიჭთან, გოგოს გოგოსთან მეგობრობისა და თამაშის აუცილებლობა, ბიჭის სათამაშო, გოგოს სათამაშო...
ჩემს ბიჭთან ერთად, ვთამაშობ სარეცხგაფენობანას., რომ მიხვდეს სარეცხი და სისუფთავე კაცის საქმეცაა;
ჩემი ბიჭის თვალწინ ვრეცხავ ჭურჭელს, რომ მიეჩვიოს - სამზარეულო კაცის საქმეცაა;
ჩემი ბიჭის თვალწინ ვიცვამ ფერად ტანსაცმელს, რომ დაინახოს ფერადი კაცისთვისაც ფერადია;
ჩემს ბიჭს, ყვავილებს საჩუქრად, არამარტო 3-8 მარტს ვაძლევ, რომ დედამისს ხშირად აჩუქოს;
ჩემს ბიჭს ვუსმენ, ვუსმენ თავისა და გულის ყურით. ბავშვებს მშვენიერი ენა აქვთ, სიტყვის უთქმელადაც მშვენივრად ლაპარაკობენ;
ჩემს ბიჭს კითხვებს ვუსვამ, მისი აზრის მნიშვნელობასა და პატივისცემას ვაგრძნობინებ;
ჩემს ბიჭს ეცოდინება: გოგოდ რომ დაბადებულიყო ისევე უზარმაზარად მეყვარებოდა, როგორც ახლა მიყვარს;
ჩემი ბიჭი გვარის გაგრძელება-გამოგრძელებისთვის კი არა, მისი ადამიანობისთვის, ჩემი შვილობისთვის მიყვარს
მე ვებრძვი სტერეოტიპებს, ჩემი შვილის ბავშვური სისუფთავის დალაქავებისგან დასაცავად;
მე ვებრძვი აზრს, “ჩვენი შვილები მაინც მოესწრონ”. ჩვენც უნდა მოვესწროთ, ჩვენ უნდა შევცვალოთ. ჩვენ ვიცვლებით, თორემ დრო თითქოს უცვლელადაა. ჩვენ, ადამიანები ცვლილებებისთვის ვიბადებით;
მე ვებრძი ბრენდებს, რომლებმაც შეიძლება ჩემს შვილს პატარა თავი გაუვსოს, რეკლამა მერეც ეყოფა. ახლა მისი გონება სხვა თავგადასავლებში დამოგზაურობს - აღმოჩენებით, შთაბეჭდილებებით, სამყაროს გაცნობით, სიყვარულის სწავლით იხუნძლება;
მე ვებრძი ტრადიციად ქცეულ წესებს, რომლებიც სიტყვა “არ შეიძლებას” ზურგს უკან ურცხვად, აუხსნელად იმალებიან;
მე ვებრძვი, ჩემი შვილის ბავშვობიდანვე “ჩემი” სასურველი პროფესიის მისთვის არჩევას;
მე ვებრძი ჩემი შვილის ურა პატრიოტიზმის შეპარვას. შეიძლება ჯერ არც იცის რომ ქართველია, ქართველობა არც საზეპიროა, არც რელიგია, არც მხოლოდ საუბარი, არც ჯიბეში ჩასადები დოკუმენტი, რომ ამოგივარდეს, ვინმემ ამოგაცალოს ან წაგართვას. ის ქართველობის არც დაკნინებას ისმენს და არც აღზევებას. ადამაინების, ცხოველების, მცენარეების, ადგილების, თამაშის, თავგადასავლების, საქმის სიყვარული, აზროვნება, განათლება, დამოუკიდებლობა, თავისუფლება, ბედნიერება... იქნება მისი წილი ქართველობა
მე ვმეგობრობ ჩემს შვილთან. ჩვენ ერთად დავაქროლებთ თეთრ ველოსიპედს, ვკითხულობთ, ვიგონებთ ზღაპრებს, ქუჩაში ცხენივით ან ადამიანებივით დავრბივართ, ვლაპარაკობთ, ვხუმრობთ, ვიცინით, ვკამათობთ, ვთამაშობთ…
მეც ვითამაშებ ჩემი ბიჭის თოჯინით...
პატივისა და გულისცემით,
გიორგი, თევდორეს მამა, ლიპარიშვილი :)
17.07.17
No comments:
Post a Comment