მიხეილ ხერგიანი იმ გამორჩეულ პიროვნებათა რიცხვს განეკუთვნება, სამშობლოს სახელს არა მარტო აქტიური ცხოვრებით, არამედ თავიანთი ტრაგიკული სიკვდილითაც რომ განადიდებენ. ცივილიზებულმა მსოფლიომ, რომელიც პატარა ერების მიმართ არასოდეს გამოირჩეოდა ყურადღებითა და გულისხმიერებით, ადვილი შესაძლებელია, საერთოდ მიხეილ ხერგიანის დაღუპვის დღეს გაიგო პირველად საქართველოს სახელი, ანუ მიახლოებით მაინც წარმოიდგინა საბჭოთა იმპერიის ჯურღმულებში ადგილ-სამყოფელი იმ ხალხისა, რომელმაც კიდევ ერთი დიდებული მთამსვლელი მოუვლინა სპორტულ სამყაროს, ხოლო ჩვენისთანა ჩვეულებრივ ადამიანებს ეთხელ კიდევ გასნუმტკიცა საკუთარი შესაძლებლობების რწმენა. რაც მთავარია, მიხეილ ხერგიანს, იმპერიის ზედამხეველთა ზურგს უკან, თუნდაც ფიქრებსა და წარმოდგენებში, უპირველეს ყოვლისა, თავისი ბედკრული სამშობლოს არარსებული, სიზმარში შეკოწიწებული დროშა აჰქონდა მარადისობის მწვერვალზე. თავად კი მოწყდა კლდეს, მაგრამ სამშობლო, რომელიც ალბათ ჯერ კიდევ დიდხანს ეკიდება უიღბლობისა და უსამართლობის ციცაბო კლდეზე, ერთი ნაბიჯით მაინც გაარიდა არარაობის მარად პირღია უფსკრულს... ასეთი პიროვნების დაღუპვა, მიუხედავად დიდი ტკივილისა, უიმედობისა და უმწეობის შეგრძნებას კი არ გვიჩენს, არამედ იმედითა და სიამაყით გვავსებს და მეც სიამაყითა და იმედით მინდა დავამთავრო ეს პატარა სიტყვა: ვიდრე სვანეთის ჭაღარა მწვერვალები ფეხზე დგანან, საქართველო არ დაიღუპება. სვანეთი ის ზღაპრული ბროლის კოშკია, სადაც მარად წაუბილწავი ქართული ზნეობისა და მარად უტეხი ქართული სულის მჭედელი ხალხი ცხოვრობს.
ოთარ ჭილაძე
"წინ მარადისობაა"
გამომცემლობა "ინტელექტი"
No comments:
Post a Comment