გაზაფხლის მზიან დღეს მე და ჩემმა გულისწორმა მთაწმინდის პანთეონს მივაშურეთ. ჩვენი პანთეონში სტუმრობა, დიდი მწერლის, დიდმა პატივისცემამ გამოიწვია.
ბატონი ოთარის საფლავთან მიახლობებულებმა თვალი მის ძმას, ასევე დიდ მწერალსა და ადამიანს თამაზ ჭილაძეს მოვკარით. ის შვილიშვილთან ერთად იყო მისული და ძმის სულს ეჩურჩულებოდა.
ბუნებრივია, ახლოს მისვლა და ხელის შეშლა არც გვიფიქრია. იქვე ახლოსმყოფ ვაჟა-ფშაველას საფლავს მივეახლეთ.
პანთეონს ჩვენ გარდა უცხოელი სტუმრებიც ყავდა. მათ გიდიც ახლდათ. მისი დახმარებით იგებდნენ სად ვინ იყო დაკრძალული და ვინ რა ისტორიას ინახავდა.
ისინი ჩვენს გარშემო მხოლოდ ერთ საფლავთან შეჩერდნენ და მალევე გაგვშორდნენ. ჩვენ თამაზ ჭილაძის ხმამ მიგვიზიდა.
გიდს თავაზიანად მიმართავდა:
"- უკაცრავად ბატონო, იოსებ სტალინის დედის საფლავს რომ აჩვენებთ მხოლოდ სტუმრებს, იქნებ ვაჟა-ფშაველას საფლავიც გეჩვენებინათ."
პასუხი არ იყო კითხვიმსგავსად თავაზიანი:
"- რაც საჭიროა ყველაფერს ვაჩვენებ და ვეუბნები, კარგად ვიცი რაც უნდა გავაკეთო!!!"
გაგვშორდნენ...
ბატონი თამაზი, ისედაც წარბშეუხრელი მუხასავით მდგარი, უფრო მეტად გაშეშდა. სიტყვაც გაუწყდა და ფიქრიც.
უხერხულობის გასაგდებად ვეცადე ავლაპარაკებულიყავი. მივუახლოვდი. მივესალმე. ძმის დაბადებისდღე მივულოცე...
უცებ სახეს სხივი გაუჩნდა. ნათელი მეც გადმომედო და გამათბო. გულში ჩამიკრა. ჩვენგან მოშორებით მყოფი ჩემი გულისწორიც მაშინვე შეამჩნია: "ხომ თქვენთან არის, ახლოს მოვიდეს, რა ლამაზი გოგოა". ისიც გულში ჩაიკრა და გულიანსიტყვიანად დაგვლოცა...
ეს იყო ზუსტად 1 წლის წინ.
დღეს ოთარ ჭილაძის დაბადებისდღეა. დიდ ქართველ პოეტსა და მწერალს, ნობელის პრემიაზე წარდგენილს, მსოფლიოს 6 საუკეთესო მწერალს შორის, ქართული სიტყვისა და საქმის გულშემხარველს, 20 მარტს 80 წელი შეუსრულდებოდა.
გიორგი ლიპარიშვილი
19.03.13
No comments:
Post a Comment