მეძებარი

Sunday, March 30, 2014

ვამხელ პირველ ნახევრად

გული განა გამეყო,
ანდა მექცა ნახევად,
ჩემი გრძნობის დარაჯს მე,
ვამხელ პირველ ნახევარად.

გიორგი ლიპარიშვილი
30.03.14

როგორც დეკორაცია...

"კაცი" მოდას მოედო,
აცხელა თუ აცია,
წიგნი უკან გადადო,
როგორც დეკორაცია.


გიორგი ლიპარიშვილი
30.03.14



Wednesday, March 19, 2014

ქედს მიხრის წუთისოფელი



ქედს მიხრის წუთისოფელი,
მხედავს ჩაუხრელ მუხლით,
გული მაქვს გაუყოფელი,
კერაჩაუმქრალ ბუხრით.

ცოტა გაცივდა ბუნება,
სიცხე ტეხავს და აციებს,
არ იცის რა მოუხერხოს
უთვალავ დეგრადაციებს.

მიწას აქვს დიდი მუცელი,
კუჭს ის ვერ ივსებს გვამებით,
ხორცს ჭამს და ცრემლებს აყოლებს
გამოზომილი გრამებით.

ცა კი ზემოდან დაგვყურებს,
თითქოს ის ჩვენზე მაღლა დგას,
თანაც თავისკენ გვიზიდავს,
ნაბიჯს უჩვენოდ არა დგამს.

ჰაერიც გაწუწურაქდა,
ჟანგბადს ცოტ-ცოტას გვაძლევს,
ასე გონია სამყარო,
მის გარეშე ვერ გაძლებს.

წყალი წყურია წყაროებს,
გაშრა თვალი და პირი,
ფიქრი გაუქრათ "მოფიქრალთ",
და მათ მაგივრად ვტირი.

ქედს გიხრი წუთისოფელო,
კიდევ გვაქვს წამი საერთო,
ჩემი ცხოვრების წამზომზე,
სანამ წითელი აენთო.

ადამიანებს დავეძებ,
სამყაროს ციცინათელებს,
მათი მებრძოლი ბუნება,
ცასა და მიწას ამთელებს.


გიორგი ლიპარიშვილი
19.03.14

Tuesday, March 18, 2014

მე გამყიდველი ვარ

      

      თვეზე, 30 ჯანმრთელ დღეზე მეტია "გამყიდველს" ვეძებთ. ვეძებთ, არა ორპირსა და ფლიდს, მოღალატესა და ორგულს, არამედ უბრალოდ კონსულტანტს. თანამედროვე ქართველისთვის ხომ გამყიდველი "ოდნავ" შეურაცხმყოფელია. მით უფრო, ახალგაზრდა "ნიჭიერი და ზარმაცი" (საოცარი გამოთქმაა) ქართველისთვის. კონსულტანტად მუშაობა კი მაგარია. ის ხომ რადიკალურად განსხვავდება "გამყიდველისაგან", ისევე როგორც ბუღალტერსა და მენეჯერს, ცა და მიწა აშორებთ.
    გამყიდველი ქვეყნისთვის არა, მაღაზიისთვის გვჭირდება, თუმცა, ქვეყნისთვისაც სასიკეთო საქმეში. სოფელ-სოფელ დავდივართ, ჯანსაღი აზრის მსგავს პროდუქტს ვეძებთ, ვყიდულობთ და ვყიდით. წესით, სოფელიც და ქალაქიც კმაყოფილდება. მაგრამ გაყიდველობა მაინც "ტეხავს".
   "ამისთვის ისწავლე", "ვაჭრობაში წავიდა", "ისწავლე თორემ, მერე მაღაზიაში იმუშავებ ბიჭებთან". ეს იმ ფრთიან ფრაზათა ნაწილია, რომელმაც ჩვენს ერამდე და ყურამდე მოაღწია. ზურგსუკან კი ისტორიამ, ალბათ, უფრო მეტად ფრთიანი აზრები მიმოგვიფანტა.
   ჩემი კალენდარი ახლა 28 წელს მიჩვენებს. პროფესიით ჟურნალისტი, ათობით ტელესიუჟეტის ავტორი ვარ, მე-6 წელია ლექციებს ვკითხულობ ილიას უნივერსიტეტში, ვწერ ნალექსარებს, ვმეგობრობ ადამიანებთან, მყავს 1 ცოლი და 1 შვილი, მე გამყიდველი ვარ.


6.03.14
გიორგი ლიპარიშვილი