თვეზე, 30 ჯანმრთელ დღეზე მეტია "გამყიდველს" ვეძებთ. ვეძებთ, არა ორპირსა და ფლიდს, მოღალატესა და ორგულს, არამედ უბრალოდ კონსულტანტს. თანამედროვე ქართველისთვის ხომ გამყიდველი "ოდნავ" შეურაცხმყოფელია. მით უფრო, ახალგაზრდა "ნიჭიერი და ზარმაცი" (საოცარი გამოთქმაა) ქართველისთვის. კონსულტანტად მუშაობა კი მაგარია. ის ხომ რადიკალურად განსხვავდება "გამყიდველისაგან", ისევე როგორც ბუღალტერსა და მენეჯერს, ცა და მიწა აშორებთ.
გამყიდველი ქვეყნისთვის არა, მაღაზიისთვის გვჭირდება, თუმცა, ქვეყნისთვისაც სასიკეთო საქმეში. სოფელ-სოფელ დავდივართ, ჯანსაღი აზრის მსგავს პროდუქტს ვეძებთ, ვყიდულობთ და ვყიდით. წესით, სოფელიც და ქალაქიც კმაყოფილდება. მაგრამ გაყიდველობა მაინც "ტეხავს".
"ამისთვის ისწავლე", "ვაჭრობაში წავიდა", "ისწავლე თორემ, მერე მაღაზიაში იმუშავებ ბიჭებთან". ეს იმ ფრთიან ფრაზათა ნაწილია, რომელმაც ჩვენს ერამდე და ყურამდე მოაღწია. ზურგსუკან კი ისტორიამ, ალბათ, უფრო მეტად ფრთიანი აზრები მიმოგვიფანტა.
ჩემი კალენდარი ახლა 28 წელს მიჩვენებს. პროფესიით ჟურნალისტი, ათობით ტელესიუჟეტის ავტორი ვარ, მე-6 წელია ლექციებს ვკითხულობ ილიას უნივერსიტეტში, ვწერ ნალექსარებს, ვმეგობრობ ადამიანებთან, მყავს 1 ცოლი და 1 შვილი, მე გამყიდველი ვარ.
6.03.14
გიორგი ლიპარიშვილი
No comments:
Post a Comment