ქედს მიხრის წუთისოფელი,
მხედავს ჩაუხრელ მუხლით,
გული მაქვს გაუყოფელი,
კერაჩაუმქრალ ბუხრით.
ცოტა გაცივდა ბუნება,
სიცხე ტეხავს და აციებს,
არ იცის რა მოუხერხოს
უთვალავ დეგრადაციებს.
მიწას აქვს დიდი მუცელი,
კუჭს ის ვერ ივსებს გვამებით,
ხორცს ჭამს და ცრემლებს აყოლებს
გამოზომილი გრამებით.
ცა კი ზემოდან დაგვყურებს,
თითქოს ის ჩვენზე მაღლა დგას,
თანაც თავისკენ გვიზიდავს,
ნაბიჯს უჩვენოდ არა დგამს.
ჰაერიც გაწუწურაქდა,
ჟანგბადს ცოტ-ცოტას გვაძლევს,
ასე გონია სამყარო,
მის გარეშე ვერ გაძლებს.
წყალი წყურია წყაროებს,
გაშრა თვალი და პირი,
ფიქრი გაუქრათ "მოფიქრალთ",
და მათ მაგივრად ვტირი.
ქედს გიხრი წუთისოფელო,
კიდევ გვაქვს წამი საერთო,
ჩემი ცხოვრების წამზომზე,
სანამ წითელი აენთო.
ადამიანებს დავეძებ,
სამყაროს ციცინათელებს,
მათი მებრძოლი ბუნება,
ცასა და მიწას ამთელებს.
გიორგი ლიპარიშვილი
19.03.14
No comments:
Post a Comment