ბიუროს ვხსნით. დ-ამკრძალავ ბიუროს.
ჩვენი უფლება-მოვალეობები:
- არაკაცებს - სამსახურიდან გავუშვებთ. მაინც ტყუილად მუშაობენ, მამიდების გასახარად და სტატუსის “სამარიაჟოდ”. - “ვმუშაობ რა. სირია ჩემი უფროსი, სულ “ვსაჩკაობ” და ვერაფერს მეუბნება. მაგარი “კრიშა” მხურავს, სეტყვასაც აზღვევს”.
- ისევ პატივცემულ არაკაცებს - ენებს დავუტოვებთ, მაგრამ თითებს შევუკეცავთ, რომ მხოლოდ, კომენტარების წერისას ტრაკდათბილულები, არ იყვნენ გმირები.
- ვითომხელოსნებს - (მატყუარებსა და არაპროფესიონალებს) სახლებს დავუნგრევთ. იქ მაინც ისწავლონ დროულად და ხარისხიანად მუშაობა.
- შაქარს - გავაქრობთ. რომ ღვინის გემო გაგვიგოთ ყველაზე ტრაბახა ერმა. ჩვენ ხომ ვაზის და ხორბლის სამშობლო ვართ. ვერც წესიერ ღვინოს ვსვამთ და ვერც ნორმალურ პურს ვჭამთ.
- იარაღს - ჟანგს და ცეცხლს ვაჩუქებთ - ჟანგი რკინას შეჭამს, ცეცხლი პლასტმასს. ბავშვებს რომ 2 თვიდან უძღვნიან.
- ბოღმას - შევჭამთ რომ მერე ბოღმამ არ შეგვჭამოს.
- ქალებს - გადავმალავთ, რომ იქნებ ნოსტალგიამ, კაცის გენმა ან რამე ჯანდაბამ გული და ტვინი გადაგვიტრიალოს და ქალის პატივისცემა დაგვიბრუნოს.
- ტყუილისმთქმელს - ყოველ ტყუილზე ცხვირს გავუზრდით (როგორც გენიალურ ზღაპარშია), ცხვირს სანტიმეტრის ნიშნულები ექნება და ყველა მიხვდება რამდენი ტყუილი აქვს ნათქვამი დიდცხვირა არსებას
- წიგნებს - მიმზიდველს გავხდით. თავისუფალ დროს, საიდანღაც მოვა კარგი წიგნი და ისე მიგვეწებება ხელებზე, რომ წაკითხვამდე ვერ მოვიშორებთ. იქნებ აზროვნებასაც ეშველოს.
- ფულს - ქარს გავატანთ (ჩვენამდეც ქარს მოუტანია) შეგვეძლება ყვავილი - ღიმილით, სიყვარული - სიმღერით მოვიპოვოთ. ან პური ვაშლში გავცვალოთ
- მექრთამეებს - გავამწვანებთ. ქრთამის ოდენობის მიხედვით მწვანე გამონაყარით დაეფარებათ ტან-სახე (დერმატოლოგები და პლასტიკური ქირურგები უძლურნი იქნებიან). გამწვანდება ყველა მექრთამე - ბიზნესმენი, პოლიტიკოსი, მღვთელთმსახური, ვაჭარი, მასწავლებელი და მოსაწავლეც.
- კაცებს - ქალის მშობიარობის ტკივილს ვაგრძნობინებთ. იქნებ სიცოცხლისთვის ამ ტკივილის მომთმენი, დედა, ცოლი, და, მეზობელი, ბიცოლა, კოლეგა, ქალი პატივსაცემ, არათანასწორ, არამედ უფრო ძლიერ პიროვნებად ვაღიაროთ
ჩვენი ბიურო იტოვებს იმედს, რომ მსგავსი წესდებით საქართველოში არსებულ სისხლშიგამჯდარ სტერეოტიპებს სამუდამოდ დავასამარებთ.
პატივისა და გულისცემით,
დ-ამკრძალავი ბიუროს ადმინისტრაცია
18.10.14
No comments:
Post a Comment