მეძებარი

Monday, November 10, 2014

არ მახსოვს როდის დავიბადე

არ მახსოვს როდის დავიბადე

მახსოვს ბავშვობა, ბაბუა გასამხნევებლად ჩემს წამლებს სვამდა;
მახსოვს თვალის პრობლემის გამო აკრძალული სპორტი და ბავშვობის მერე სპორტის იმ სახეობაზე შესვლა, სადაც შეიძლებოდა მუშტი თვალში მომხვედროდა;
მახსოვს XXI  საუკუნეში შუქისმუდმივობით გამოწვეული ქართველი ხალხის ძლივსგადატანილი სიხარული;
მახსოვს მინიატურული სტიპენდია;
მახსოვს მამის ტკივილი
მახსოვს დედის ცრემლით ამობერილი წერილები;
მახსოვს დრო, ტომ სოიერიდან “ადამიანთა სევდამდე”;
მახსოვს (არაერთხელ) საქმისადმი გულმოდგინება და ამ საქმიდან ჩემი ჩამოშორება;
მახსოვს შეყვარებული ცოლი;
მახსოვს შვილის დაბადების წამი, დედის, მამის, ცოლის, შვილის, სიცოცხლის თავიდან შეყვარება;
მახსოვს ჩემი გახარებით გამოწვეული მეგობრების გულისცემა;
მახსოვს მწვერვალიდან დანახული “ქედმაღლობა”;
მახსოვს სახაზავზე სწორი ზღვის ჰორიზონტი;
მახსოვს ოფლის ღვრისა და ტვინის ჭყლეტვის შემდეგ, შედეგით მიღებული სიამოვნება;
მახსოვს ჩემი და ჩემი სტუდენტების სტუდენტობა;
მახსოვს (არამხოლოდ გარეგნობით) ადამიანების ადამიანობით მიღებული იმედი, რომ წითელ წიგნში შესატანი ჯერ არ ვართ...

დაბადება არ მახსოვს. არც გარდაცვალება. მგონი არცერთს და არც მეორეს მე არავინ მეკითხება. თითქოს ჩემი სიცოცხლე ჩემი არ იყოს.

არ მახსოვს როდის -
მითხრეს -
ნოემბრის ათში დავიბადე.


გიორგი ლიპარიშვილი
(ლიპარა)

No comments:

Post a Comment