მეძებარი

Saturday, March 12, 2011

საკუთარ თავზე


საკუთარ თავზე ფიქრთა წყობისას: -

მეფეთებიან გზაზე სევდები...
ხან ვიხრაკები თითქოს ქვიშაში,
ხან ბალახებში ნამით ვსველდები...


სულ არ მეწყება ხარხარ-ხარხარი,
თითქოს ჩამესმის მონოტონურად,
ეს ხო შენა ხარ, თურმე, ხარ ხარი...


თვალს გადავავლებ ჩემს საქმე-მიზანს,
საკუთარ თავზე ცოტ-ცოტ წყრომისას,
ვიცი ცხოვრება კარგ რამეს მიზამს...


შემოვისვენებ ვინმეს სახეზე,
მსურს გავაკეთო რამე მოკარგო,
იმ ჩემი კარგის დიდ კარგ სახელზე...


ამოვიჩემე ცხოვრების კიბე,
მერე დავიწყე ზედ მე ცოცება,
წლები, წამები გულდაგულ ვკრიბე...


ხან მარტოობამ თავი იჩინა,
მაგრამ მალევე შეაფერადა,
გრძნობამ, რომელმაც თავი ირჩინა...


მივწინწინობდი უუღლ-უღელით,
და ლექსით ხშირად განვლილ ცხოვრებას,
სამადლობელად მაინც ვუმღერით...

შემიყვარდება ქვეყან-ერები,
მომეძალება ხატვის წყურვილი,
გადამეშლება ფერთა ფერები...


გადავაბიჯებ ცხრა მათა და ბარებს,
თითქოს სიცოცხლე სხვა სიცოცხლესთან
მოკითხვებს წრფელად მე მომაბარებს...


წერა გამხდარა ცოტა მორთულო,
სიტყვებს დაეტყოთ მოკაზმულობა,
და რითმაც გახდა გაპრანჭ-მორთულო...


კარნახს დამიწყებს საგულ-საგონე,
ხან თავს ვმორჩილებ, ხან ვექიშპები,
ხან კი პირდაპირ გადავაგონე...

მეფეთებიან გზაზე სევდები...
ხან ვიხრაკები თითქოს ქვიშაში,
ხან ბალახებში ნამით ვსველდები...

საკუთარ თავზე ფიქრთა წყობისას...

ლიპარა (გიორგი ლიპარიშილი)
12-13.03.11





No comments:

Post a Comment