თევდორე, შვილო, ვიცი რომ ამ წერილს ჯერ ვერ წაიკითხავ. მოსმენის დროსაც კი, ჯერ ყველაფერს ვერ გებულობ, მაგრამ მაინც გწერ. გწერ კარგი პროექტის დამსახურებით, რომელსაც “მამა, წიგნი წამიკითხე” ქვია.
რამდენიმე დღეში 2 წლის გახდები, შენ კი უკვე რახანია შენს ენაზე კითხულობ. მე ეს ენა ძალიან მიყვარს. მიკვირს მოსფლიო ენებს რატომ არ უმატებენ ბავშვთა ენას. ალბათ, ჯერ ვერ ხსნიან და ვერ იგებენ მის იდუმალებას. ვიცი, რომ მომენატრება ამ ენის მოსმენა. მინდა, სულ შენს ფოტოებს და ვიდეოებს ვიღებდე, რომ შენი ცხოვრების, ზრდის, მხიარულების კადრები დავიმახსოვრო.
ამ წერილს ჩუმად გწერ, ჯერ დედამაც არ იცის. ისე დედამ კარგი მეტსახელი შეგირჩია – ბედნიერას გეძახის. სულ მხიარულობ, საქმიანობ (უფროსებიმ თამაშს რომ ეძახიან) და ჩვენც გვასაქმ-გვამხიარულებ. შენს სახელს რაც შეეხება, მე და დედამ სახელობანაც კი ვითამაშეთ, რომ მოგვეფიქრებინა, თუ რა დაგვერქმია შენთვის. მატარებლით ვმგზავრობდით, დროც გვქონდა და სურვილიც რომ შენთვის კარგი სახელი შეგვერჩია. მაშინ თევდორეც ვახსენეთ, მაგრამ ჯერ არ გვქონდა გადაწყვეტილი. რომ დაიბადე, ვთქვი, რომ შენი სახელი თევდორე “გასროლილი მუშტივით” ჟღერს. ახლაც ასე ვფიქრობ. მაგრამ ეს ცუდად არ გაიგო, შვილო, მე ძალადობისკენ კი არა სიძლიერისკენ მოგიწოდებ. ნეტავ რამდენი წლისა წაიკითხავ ამ წერილს?!
ყველაზე მეტად შენი ბავშვური კითხვებიდან მომწონს – “ეს რა არი?” სურვილი ყველაფრის შეცნობის, განვითარების, გულწრფელობის. მიყვარს, რომ გიხარია ხატვა, ცხოველები, ადამიანები…
ახლა ამ წერილს ვწერ, ვიცი შენამდე სხვები წაიკითხავენ. მაგრამ, მჯერა, შენამდეც მოვა.
ერთხელ, შენს დაბადებამდე მე და დედაშენმა “წერილი ბოთლში” ვითამაშეთ. წერილები დავწერე და ბოთლით “შეფუთულები” ზღვაში მოვისროლეთ. დავთქვით, თუ ვიპოვიდით, ერმანეთი ძალიან დიდხანს გვეყვარებოდა. დინებამ შორს წაიღო ჩვენი ფიქრები. დღემ გვერდი იცვალა და საღამოს თამაშის ადგილიდან მოშორებულებმა, ჯერ ერთი და მერე მეორე ბოთლი ვიპოვეთ. გულიანად გავიხარეთ. იქნებ, ის წერილებიც ნახო მერე, შვილო, ვიცი ამ წერილსაც იპოვი ელექტრონულ ზღვაში. იცი გული რაზე მწყდება?! მამაჩემი რომ ვერ გაგაცანი (შენს დაბადებამდე 13 წლით ადრე გარდაიცვალა). რაღაცნაირად სიცოცხლისა და მამური სიყვარულის პატარა ჯაჭვი ერთად ვერ შევიგრძენით. მაგრამ შენ იყოჩაღე! მომავალში შენი შვილი გამაცანი. ამით დავიიმედებ გულს.
ახლა ქერა ხარ. მთავარი კითხვა არის არა – “როგორა ხარ”, არამედ – “ვის გავს?” შენ გავხარ შენს თავს და ეს მახარებს. კითხვას მოსდევს ახალი ფრთიანი ფრაზა – მალე გაუმუქდება თმები. სასაცილოა. თითქოს ამაში იყოს რაიმე სიბრძნე, ან მცირე აზრიც. როგორ მიხარია, რომ ამ კითხვებს და რეპლიკებს ვერ გებულობ. როგორ მინდა ვიცოდე რას ფიქრობ, რა გესიზმრება.. შენს ცხოვრებაში კი არ ვიქექები, შვილო, ისე, გულწრფელად მაინტერესებს.
კიდევ ერთი პოპულარული შეფასება – “მხატვარი გამოვა”.. მანქანები უყვარს?! – “შუმახერი იქნება”! და ასე დაუსრულებლად. შვილო, ერთს მოგწერ – არა აქვს მნიშვნელობა ქერა გაიზრდები თუ შავგრემანი, მხატვარი იქნები თუ “მემანქანე”, მთავარია, რომ ბედნიერი იქნები. მე ვცდილობ ვისწავლო და ვეცდები შენც გასწავლო – შენგანაც ხომ ვსწავლობ ბედნიერებას. ცხოველებიც რომ ვყოფილიყავით მაშინაც ასე გიჟურად მეყვარებოდი, რადგან ახლაც ვგრძნობ რომ არაადამიანურად მიყვარხარ. ვერც წერილით გადმოვცემ, ვერც ნახატით, ვერც თამაშით, მოფერებით და ვერც სხვა შესაფერის ემოციას ვპოულობ. ჰო, მართლა, სანამ წერტილამდე მივალ, მადლობასაც გეტყვი, შვილო, შენი დაბადებით რომ სამყარო სხვანაირად დამანახე, დამაფიქრე და გამამათამამე.
ახლა შენ და დედას გძინავთ. დილით რომ გაიღვიძებ ფანჯრიდან ისევ გავიხედოთ, ახალ დღეს დაგანახებ..
პატივისა და გულისცემით, შენი – მა, მამა, მამი, მამიმა, გიუ, გიო, გიორგი, გიორგა (ჯერჯერობით მხოლოდ ამ სახელებით მომმართავ)
გიორგი ლიპარიშვილი
No comments:
Post a Comment