რამდენიმე დღის წინ წერილი მოგწერე, მშვენიერი პროექტის "მამა წიგნი წამიკითხეს" დამსახურებით.
ახლაც მინდა მოგწერო. ახლა სხვა მიზეზიც მაქვს ელექტრონული წერილის, ბარათის მოწერ-დაწერის. 2 წლის გახდი.
2 წელი ბავშვისთვის ცოტა არაა.
ყოველდღე რაღაც ახალს სწავლობ და გვასწავლი. ყოველი დღე უფრო მეტად მიხარია.
იცი რას ვფიქრობ, კი გახდი 2 წლის, ამ 2015 წელს, მაგრამ მგონია დაბადებისდღეს დაბადებიდან კი არა მუცელში არსებობის გაგებიდან უნდა აღვნიშნავდეთ. სიცოცხლის ჩასახვას, დაბადებას. ადამიანი ხომ აქედან იწყებს ზრდა-განვითარებას. სამწუხაროდ, არ მახსოვს ზუსტად იმ დღის რიცხვი. მაგრამ კარგად მახსოვს 2 წლისადა 8 თვის წინანდელი სიხარული. თვალები სიხარულისაგან მეწვოდა, მთელი სხეულით ვიღიმოდი, სისხლში მოლეკულები დაქროდნენ და მთელი შეგრძნებით მიღიტინებდნენ, მამცნობდნენ, რომ ჩემში რაღაც იცვლებოდა. რომ მე გავმამდი. დედაშენიც უფრო მეტად შემიყვარდა, დედაჩემიც, მამაჩემიც, მეზობლებიც, მეგობრებიც და მუჭისხელა გულში მთელი სამყარო ჩამეტია. უფრთო ვიყავი, მაგრამ თითქოს უწონადობას ვგრძნობდი. გავბუმბულდი.
ახლა იურიდიულად 2 წლის ადამიანო, მე უკვე 2 წელი და 8 თვეა მიყვარხარ. უფრო მეტად მიყვარხარ ვიდრე 2 წლის შვილი. მე მუცელში ყოფნისასაც გიყვებოდი ზღაპრებს, მაშინაც გიმღეროდი და გეხუტებოდი.
ახლა პირდაპირ, მოურიდებლად გეტყვი შვილო (მერე რა რომ ჯერ ვერ წაიკითხავ)
მიყვარხარ, მაპატიე რომ სიტყვებით ზუსტად ვერ გადმოგცემ (ამიტომაცაა გენიალური ეს ურთიერთობა), მაგრამ დანარჩენს მოქმედებით შევეცდები. ზომიერი მოქმედებით.
დაბადებისდღეს გილოცავ შვილო, 2 წლისა და 2 წელზე მეტის, თევდორე
გიორგი თევდორეს მამა ლიპარიშვილი
21.04.15
No comments:
Post a Comment