მეძებარი

Monday, February 25, 2019

მარსწავლებელი

„ხარისხი“ არ ქონია, მაგრამ თუ ნამუსი გქონდა, უხარისხოს მასზე ვერც იტყოდი. არც დოქტურანტურა დაუმთავრებია, არც მაგისტრატურა, არც ბაკალავრიატი, არც სკოლაში უსწავლია და ბოდიში და არც საბავშვო ბაღში უვლია. 

საზომგადოება ხან ჭკუას უზომავდა და ხან გონებას. დასკვნებს „უცხოელი ექსპერტებივით“ დებდნენ: „მისგან არაფერი გამოვა,“ „დეგენერატია,“ „საზიზღარი“, „უჭკუო“, „საწყალი ბებიამისი, რა პედაგოგი იყო და როგორი სასწავლო ნაწილი, სკოლის სული და გული. მთელს სკოლას აზანზარებდა; საწყალი ალბათ, მიწაში ტრიალებს“; „ყველა სოფელს ერთი გიჟი უნდა ყავდეს, წავიდეს სადმე მიყრუებულ სოფელში და იყოს ბედნიერად ეგ უბედური“, „არც ჭკუა მოეკითხება და არც გონება“,  “ქერა და უჭკუოსავითაა. ამ დროს შავგვრემანია და უტვინო. აფსუს რა ბიჭია და რა სხეულს აფუჭებს“…

ეს მცირე ჩამონათვალი იყო, რასაც კეთილისმოსურნე მეზობლები, ახლო-ახლო, სისხლი და ხორცის ნათესავები, საკუთარი ოჯახის წევრები და „ერთგული მეგობრებიც“ კი ლაპარაკობდნენ. ზოგს პირში უზიარებდნენ, ზოგსაც პირს უკან, ზურგის ჩრდილქვეშ ჭიკჭიკებდნენ.
სულ ყველაფრის მიუხედავად, მხიარული იყო. ღიმილს, რომელსაც გარემო უჭკუობაში და სულელობაში უთვლიდა, ძალაინაც უხდებოდა და ძალიანაც უყვარდა.
არავის მისი იმედი არ ჰქონდა, მაგრამ იმედი თვითონ არასდროს დაუკარგავს. ალბათ იმიტომ, რომ არც არასდროს უძებნია და არც სადმე უპოვია. ისედაც, სულ იმედიანი, მხიარული და ამბიანი იყო.
„უსწავლელს“ ხშირად სიტყვები მთვრალი კაცის ფეხებივით ეხლართებოდა, მაგრამ მაინც ლაპარაკობდა, ხუმრობდა, თამაშობდა, მუსიკასაც უსმენდა და კრიტიკასაც,
მოსმენის სიყვარულმა, მხიარულებამ და ცნობისმოყვარეობამ ფანტაზია გაუბრდღვიალა. რაღაცებს იგონებდა, რაღაცებს უმასწავლებლოდ Yოუტუბე-დან სწავლობდა, ცდიდა, აკვირდებოდა, სწავლობდა, ცდიდა, აკვირდებოდა, სწავლობდა... 
შეცდომებსაც წვერვით უშვებდა, მაგრამ ცხვირი არასდროს ჩამოუშვია. 
ბოროტი ენები, მის გარშემო, ისევ სწრაფი კარუსელივით ტრიალებდა, თვითონ კი მაინც ნელ-ნელა მიწინწინობდა.
ადამიანებისაგან გარიყულს, ადამიანებთან ურთიერთობა უყვარდა. თითქოს 2 ყური მართლა ამბის შესაშვებ-გასაშვებად გამობმოდა.
ერთ მშვენიერ დღესაც „სასწაული მოხდა“ -  
თითქოს მიწა იძრა, ცა გვალვიანი მიწასავით დანაოჭდა, რაღაც დიდი საშინელება დატრიალდა. მეზობლები საგონებელში უგონოდ ჩავარდნენ და ამოსასვლელს უშედეგოდ ეძებდნენ, ოჯახმა სიცილის შემდეგ ძლივს ამოისუნთქა, მეგობრები უხილავმა შიშმა შეიპყრო. ერთ არაჩვეულებრივ დღეს - უმასწავლებლო გამასწავლებლდა. 

თვითონ ჩვეულებრივად, მხიარულად, იმედიანად აგრძელებდა სწავლას, ცდას, დაკვირვებას და ახლა უკვე სწავლებასაც.
ეს თავისი განწყობა თავის მოსწავლეებსაც კეთილი ვირუსივით გადადო და ქალაქში გაღიმებულმა, ბედნიერმა სახეებმა იმატა. 
არც არავის უფიქრია, რომ „უსწავლელი“ კაცი აბედნიერებდა ბავშვებს. დედებს არც გაუგიათ ვინ იყო მათი შვილების გამღიმებელი. 
თვითკმაყოფილებას გრძნობდნენ. ხან, შვილებისთვის სასკოლოდ გაკეთებულ საჩუქრებს მიაწრდნენ ბავშვების ამ უცაბედ ფერიცვალებას, ხანაც მამებს, რომლებითაც შვილებს თავმოწონებით აშინებდნენ.
მასწავლებლობასთან ერთად, გამჭრიახმა და კაი ჭოგრიტივით შორსმჭვრეტელმა, პატარა ბიზნესიც წამოიწყო. უსხა წყალი საქმეს მოთმინებით, რუდუნებით, ფერებით, მზრუნველობით. ადიდა, ადიდა და ერთ დღესაც ძალიანზე მეტად რომ გამდიდრდა, საზომგადოება, რა თქმა უნდა, ისევ მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა, თან ისე რომ, თითქოს, იქედან დაშვებას არც აპირებდნენ. დაჭაობებული გონებიდნ ახალთახალმა ან კარგად დამარინადებულმა სტერეოტიპებმა ამოყვინთეს: 

„გაუმართლა“;
„ნეტავ არ მეთქვა შენ ჭკუა და მე ფულიო, პირიქით ხო არ ვუთხარი გოგო?!“ 
„რათ უნდა ეგ ფული, მაგის ჭკუაც არ აქვს რაში დახარჯოს“, 
„ტვინი ენატრა ჯობდა, ტვინს ფულით ვერ იყიდის“;
„ეგ უბედური ნეტავ თუ ითვლის რამდენი აქვს“;
„ნეტა სასესხებლად რომ მივიდეთ თუ მოგვცემს რამეს?!“
„უჭკუო და ფულიანი, მგონი საშიში გახდა, ნეტა რა ვასრსკვლავზე გაჩნდა ეგ უბედური, ფულიც ვერ გააბედნიერებს…“

ის კი მიიკვლევდა გზას და გზადაგზა თავის წილ ბედნიერებაზე იმედიანად, მხიარულად მიაბიჯებდა. მერე ცნობილიც გახდა. მასწავლებლობის ძირი კენწეროში გაუტკბილდათ ბავშვებს. 

ჯერ სკოლის, მერე ქალაქის, მერე ქვეყნის, მერე კონტინეტის, მერე პლანეტის საუკეთესო მასწავლებლად დაასახელეს. 
უმასწავლებლო მასწავლებელმა საზომგადოებას ამოუხსნელი კითხვა და ცხოვრების მთავარი დარდი გაუჩინა - „მაინც რას ასწავლის ასეთს ეს უნიათო, უუნარო, უნაირო, უნიჭო, უსწავლელი, უმასწავლებლო მასწავლებელი?!” 
თავიანთი თავის რცხვენოდათ რომ ამ კითხვას ვერ უპასუხეს. ნაჭუჭის ნატეხებშიც ჩასხდნენ. მიყრილ-მოყრილი ნაჭუჭებიც მიიფარეს და გაყუჩდნენ. თითქოს თავში ჩაკაკუნებასა და ხელახლა გამოჩეკვას ელოდებოდნენ...

ის კი ისე გაიზარდა, ისე გაიზარდა თავის გზაზე მიმავალი უატესტატო, უდიპლომო მასწავლებელი, რომ მარსზე გახსნილი პირველი სკოლის პირველ მასწავლებლად უსაბუთოდ მიიწვიეს.
მარსული ქარი ქრის. ხანაც პატრონ დაკარგული ძაღლივით ყმუის. მაგრამ პირველ მარსულ სკოლაში, პირველი გაკვეთილი ღიმილიანად და იმედიანად გუგუნებს. მთელი მარსი ახალმოსახლეობასავით აღნიშნავდა ახალ მარსწავლებელს. 
დედამიწაზე კი შური შარიშურობდა: 
„მაგის ადგილი ამ პლანეტაზე მაინც არც იყო!“ 

2018 წ. ივლისი’
გიორგი ლიპარიშვილი

No comments:

Post a Comment