მეძებარი

Saturday, October 12, 2013

მამის შესანდობარი


მერამდენე წელია,
მამის შესანდობარი
ლექსად დამიწერია.

მერამდენე წელია,
გულის საკუნჭულეთი,
ფიქრით გამიწელია.

მამას რომ ეძახიან,
ყურებს როგორ მიდიდებს,
სისხლი რომ მეყინება,
ყელში ბურთებს მიდედებს.

მამა მაშინ დავკარგე,
როცა მამა მინდოდა,
ახლა ვხდები თითქოსდა,
წლები როგორ მირბოდა.

მაშინ 14-ს ითვლიდა,
ჩემი წლების წამზომი,
იმ ტკივილის რაც ვნახე,
ვინ იქნება გამზომი.

მენატრება, სიგნალი,
ხმა,
სიცილი,
სიცელქე,
როგორ მინდა მეძახდეს,
ფიქრი გამოვიცეკვე.

მახსოვს ჩემთვის გათეთრდა,
ერთ საათში ხუჭუჭა,
27-ის არც იყო,
ცრემლებს ვყლაპავ მუჭ-მუჭად.

წელში ტეხდა ღამეებს,
მუშაობდა დღე და ღამ,
როგორ მინდა ვიყვირო,
მე მიყვარხართ: დედა-მამ.

უკვე 13-ს დაითვლის,
წლები შენი წამრთმევი,
ჩემი ფიქრიც გახდება
დარდის განზე გამთრევი.

მომენატრა საფლავიც,
სიტყვის ღამით გამხელა,
თურმე მამა-შვილობა,
გრძნობა არის რამხელა?!

მე უმამო მამა ვარ,
თითქოს სიტყვად წამომცდა,
მამა სულ მეყოლები,
წლებს წამები გამოცდა.

ახლა თითქოს დიდი ვარ,
არ შემფერის წუწუნი,
მე ხომ ლომის შვილი ვარ,
არც გული მაქვს წრუწუნის.

წავალ მამის სახელზე,
შვილს სიცოცხლეს ვუხარებ,
ჩემი მამის ნაკვალევს,
მე არ დავამწუხარებ.

მერამდენე წელია,
მამის შესანდობარი
ლექსად დამიწერია.


13.10.13
გიორგი ლიპარიშვილი



No comments:

Post a Comment