ემიგრანტებს მივუძღვნი
ჩემი ლექსის სტრიქონებს,
თუკი თავის სამშობლოს
ისევ მშობლად იგონებს.
მერე რა რომ ვერ მისცა
ლუკმა-პური სამყოფი,
ცა და მიწა ხომ იყო
ემოციის გამყოფი.
როგორ დაცარიელდა
ჩვენი ქვეყნის სოფლები,
როგორ გამოიწურეს
სხვის მიწაზე ოფლები.
დღე დღეს როგორ ამრავლებს
რა მალეა სიბერე,
როგორ მძლავრად იფეთქებს
ნოსტალგიის სიბევრე.
თუკი ენა სიტყვებით
კვლავ ქართულად ტრიალებს,
სხვის მიწაზე დარჩენილს
რაღა გაატიალებს.
ვინც თავს იქებს ჩოხელით,
იცის ვაჟას ვაჟობა,
მათი ქვეყნის ლამპარმა
სხვის შუქურას აჯობა.
ახლა ცენტრში ცენტია,
სამშობლოში - თეთრები,
სხვის მიწაზე ვმამლუქობთ,
უმიწაწყლოდ ვთეთრდებით.
დაგვიბრუნდით, გვჭირდება
თქვენი წყვეტა ჭაპანის,
დავანახოთ სულ ყველას
არ ვართ ერი ჯაბანი.
თქვენი გამოცდილება
სამშობლოში აბრუნეთ,
ცა და მიწა შეძარით,
დედამიწა აბრუნეთ.
თქვენ შვილი ხართ
უფროსი, საშოვარზე წასული,
დაუბრუნდით სამშობლოს,
გააცოცხლეთ წარსული.
ჭკუას კი არ გარიგებთ,
რა გჭირთ ჩემი სარჩევი,
უკეთ ხომ ხართ სულ ყველა,
თეთრის შავით გამრჩევი.
თქვენი გულის უჯრაში
გრძნობა იის ტოლია,
იქართველებთ მანამდე
სანამ გაქვთ ისტორია.
თუკი თავის სამშობლოს
ისევ მშობლად იგონებს,
ემიგრანტებს მივუძღვნი
ჩემი ლექსის სტრიქონებს.
გიორგი ლიპარიშვილი
6.12.13
No comments:
Post a Comment