მეძებარი

Sunday, January 19, 2014

ხეებს თმასავით ჭრიან

ქვეყანა ისე წაგვექცა,
ხეებს "თმასავით" ჭრიან,
აზრებიც ისე გაგვექცა,
კონფლიქტს მაკრატლით ჭრიან.

თითქოს ერთ დღეში ამოვა,
რაც რომ წლებია ხარობს,
ჟანგბადი ციდან ჩამოვა,
ზოგის ტვინს ფული ხმარობს.

სამაგიეროდ სუფრასთან
ერთმანეთს ისე ვლოცავთ,
თითქოს "O2 - ის" გაქრობით,
ერთმანეთს სულ არ ვხოცავთ.


"დიდ მწვანე ველზე" შენობებს,
ვაშენებთ ჩვენ ტყის ნაცვლად,
ცალ ფილტვსაც დავთმობთ უთუოდ,
ოღონდ არ ვთქვათ ის რაც ვართ.

პარკებს და სკვერებს ჩეხავენ,
ფულს ხომ ტყეებიც "ჭრიან",
გარემოს წელში ტეხავენ,
ხალხს პირში დოლბანდს ჩრიან.

თუ გადავაბავთ ერთმანეთს,
აზრებს, გულებს და ხელებს,
გადავარჩენდით ჩვენს თავებს
და ჩვენს მარჩენალ ხეებს.

აზრებიც ისე გაგვექცა,
კონფლიქტს მაკრატლით ჭრიან.
ქვეყანა ისე წაგვექცა,
ხეებს "თმასავით" ჭრიან,


19.01.14
გიორგი ლიპარიშვილი

Saturday, January 18, 2014

ჩემი შვილი


თევდორე ლიპარი-შვილს

ჩემი შვილი მთვარეა,
ჩემი შვილი მზეა,
ჩემი შვილი ღამეა,
ჩემი შვილი დღეა.

ჯერ 9 თვისაც არაა,
9 მთაც ჯერ არ უნახავს,
ის ხომ ჯერ პატარაა,
წლები გადაუნახავს.

ჯერ სიტყვებიც არ იცის,
ზღაპრებიც არ უკითხავს,
როგორ ვჩნდებით ამქვეყნად,
ისიც კი არ უკითხავს.

ჯერ ნაბიჯსაც არა დგამს,
არც მსუბუქს და არც მძიმეს,
ისე კარგად იზრდება,
მიწასაც არ ამძიმებს.

ჯერ არც ფული უყვარს,
არც ათამდე თვლის,
რა სუფთაა ბავშვობა,
როგორც თოვლი მთის.

ნეტავ სიზმრად რას ხედავს,
ნეტავ ხომ არ აციებს,
ნეტავ ცხადში რას ფიქრობს,
ან რა ფიქრი აცინებს.

სურნელით კი ჩაგრავს,
ყვავილების არმიას,
და ღიღინით ასრულებს,
საოპერო არიას.

შვილი გულად გამიჩნდა,
გულიც შვილად მიცემს,
თურმე მამაშვილობა,
კაცს სილაღეს მიცემს.

კბილი კბილზე ამოდის
და თეთრ ჯარად დგებიან,
ვისაც შვილის უღიმის
ფეხზე წამოდგებიან.

ჩემი შვილი მთვარეა,
ჩემი შვილი მზეა,
ჩემი შვილი ღამეა,
ჩემი შვილი დღეა.


18.01.14
გიორგი ლიპარიშვილი



Monday, January 6, 2014

დღეს ცაშია ზეიმი

პოკორას, შალვა ონიანს


ერთ ოთახში გვეძინა,
ერთად ვწიეთ ჭაპანი,
რადგან სიკვდილს ჩაბარდი,
სულაც არ ხარ ჯაბანი.

დღეს ცაშია ზეიმი,
მიწაზე კი ვაება,
შენს სულ უკვე მფარველობს,
ალბათ თავად ღვთაება.

აქ, მიწაზე ჩვენს გრძნობებს,
წყალს ყოველთვის არ ვუსხამთ,
როცა ვინმეს დავკარგავთ,
სიყვარულსაც ხაზს ვუსვამთ.

დღეს შენს სხეულს დავკრძალავთ,
მიწა ჯერ არ გინახავს,
გულს და ტვინში დასახლდი,
გრძნობა არ დაგვიმარხავს.

შენ ოჯახი დაგირჩა,
შენი გენი მატულობს,
შენნაირ ვაჟკაცობას,
ვფიქრობ ბევრი ნატრულობს.

ჯავახეთში შენს შრომას,
ისტორია ინახავს,
მომავალში ნახავენ,
რაც შენ უკვე გინახავს.

მგონი შენზე ცოტა ვთქვი,
მაგრამ არ დამიმალავს,
ბევრზე მეტი გაცილებს,
საფლავისკენ მიმავალს.

დაგვიტოვე ნუგეშად
შენი კაი კაცობა,
მიხარია გულწრფელად,
შენი კარგად გაცნობა.

შენი წასვლით გავმხდარვართ,
თითქოს ჯანდაცლილები,
მოგვიკითხე იმქვეყნად,
ჩვენი გარდაცვლილები.

მოვიაზრე ძმობილო,
ჩემი აზრის პწკარები,
შენზე ფიქრებ-განცდებით,
ვაღე გულის კარები.

დღეს ცაშია ზეიმი,
მიწაზე კი ვაება,
შენს სულ უკვე მფარველობს,
ალბათ თავად ღვთაება.


6.01.14
გიორგი ლიპარიშვილი

Friday, January 3, 2014

პოკოს - შალვა ონიანს



შენ სიკვდილის ღირსი არ ხარ,
შენ სიცოცხლეს უხდები,
მუდამ კარგთან მეგობრობ და
ცუდსაც განზე უხტები.

შენ გრძნობების ბატონი ხარ,
ყველას გულში იხარე,
სიყვარულთან ძმაკაცობდი
არსად გადაიხარე.

შენ პოკორას გეძახოდნენ,
1 უდრი ორიანს,
როგორ მინდა ჩაგეხუტო
ახლაც შალვა ონიანს.

კარგად ვიცი რასაცა ვწერ,
რაც იყო და რაც არი,
შენ სიკვდილი ვერ გერევა,
სიკვდილია ლაჩარი.

მოკვდი, მაგრამ ცოცხალი ხარ,
რამდენ გულში სახლდები,
ვითომ წარსულს მიებარე,
მონატრებით ახლდები.

მონასტერში დადიოდი,
ერსა და ბერს შვენოდი,
ყველას ღიმილს გაუყოფდი,
თან გარჯითაც შველოდი.

დედამიწა თურმე ბრუნავს,
შენებრ ბიჭთა ძვლებისგან.
მოგიკითხე ჩემო ძმაო
"ჯავახელი" ძმებისგან.

შენ პოკორას გეძახოდნენ,
1 უდრი ორიანს,
მე შენს სახელს ვენაცვალე
პოკოს - შალვა ონიანს.


3.01.14
გიორგი ლიპარიშვილი