მეძებარი

Wednesday, August 9, 2017

დროში მამოგზაურა


ჩვენი, ერთად პირველი ექსპედიციიდან, 10 წელიწადი გავიდა. 10 ჯანმრთელი წელიწადი. ჯავახეთის ექსპედიცია - ადამიანების შემაკავშირებელი და ძალების მოსასინჯი ექსპედიცია. ლოდებს კენჭებივით ვათამაშებდით. ექსპედიციელებმა, ოსტატთან ერთად, ერთ თვეში 2 ისეთი ტერასა გავაკეთეთ, ისეთი ტერასა, მტერსაც რომ გაახარებს და მოყვარესაც.


ახლა ის ჩემი მეგობარი ამერიკაშია. ჯავახეთის ექსპედიციელებისთვის საჩუქრების  მოფიქრება და გაგზავნა ტრადიციად აქცია.


წელსაც მომწერა, იფიქრე....

Tuesday, August 8, 2017

#რაზეაესწიგნი


უცნაური ჩვევა მაქვს. წიგნის კითხვას რომ მოვრჩები იმ დღეს ახალი წიგნის კითხვის დაწყების ნაცვლად ფიქრს ვიწყებ. მეორე დღეს უკვე შეიძლება ახლის დაწყება.
“ჩერნობილის ლოცვა”-ს რომ მოვრჩი, მეგონა კიდევ რამდენიმე ხანს კითხვის ნაცვლად, ლოცვის (“ჩერნობილის ლოცვაზე” ფიქრის), გაგრძელება ჯობდა
ეს არის წიგნი, სადაც ყველა მთავარი გმირია, სადაც ავტორიც გმირია. იმდენი ინტერვიუ ჩაწერა, იმდენი ფაქტი ნახა, იმდენ ადამიანს მოუსმინა, რომ თვითონაც საშინელი ამბის უშუალო მონაწილე გახდა. მკითხველიც ჩერნობილში გამოკეტილი ტყუილის, საიდუმლოებების, სიჩუმის, ხმაურის, წლები გაგრძელებული ტრაგედიის “თვითმხილველი” გაგვხადა…
წიგნის ავტორმა სვეტლანა ალექსეევიჩმა კომუნისტური ცენზურა თავიდან ფეხებამდე გააშიშვლა. მატყუარა, მშიშარა, მდუმარე, საიდუმლოხელდაფარებულ ჩინოვნიკებს გულწრფელი, მამაცი, ხმაურიანი, სიმართლის თვალებში ჩამხედავი ადამიანები დაუპირისპირა. ადამიანები, რომლებსაც ისტორია სანატრელი გაუხდათ, აწმყო მოეწამლათ და მომავალი გაუუბდურდათ. ადამიანები, რომლებიც ტყუილში და რადიაციაში აცხოვრეს, ამუშავეს, თვალები აუხვიეს, მომავალი გადაუჭრეს...
წიგნი სავსეა მძაფრი შეგრძნებებით. შესაძლოა ნესტოები დაგვებეროს ქალების, კაცების სიმამაცით, თვალები დაგვისივდეს ცრემლების მოზღვავებით, გული აგვენთოს და აგვიგუგუნდეს სიმართლით, რომელიც თითქოს უჩინმაჩინი რადიაციასავით მიწაში დამარხეს.
ადრე მეცინებოდა ჩერნობილზე გამოგონილი ანეკდოტების მოსმენისას, ახლა არაფრით… ანეკდოტებიც ბინძური პროპაგანდის ნაწილი იყო, რომელიც თითქოს “არაფერია”-ს, “ყველაფერს ვაკონტროლებთ-”ს აღნიშნავდა.
ჩერნობილი ნამდვილი ომი ყოფილა, არა ომზე ომი. უომესი.
იმისთვის, რომ ჩერნობილი ვიცოდეთ, ახლო წარსული, დიდი მეზობლისგან ხალხგაწირვა, დოკუმენტური ნაშრომის სიმძაფრე, მწარე, მწარე სიმართლე ლოცვა უნდა ვისწავლოთ, “ჩერნობილის ლოცვა”...
P. S. სვეტლანა ალექსევიჩი ნობელიანტი მწერალია. ის ერთდროულად მწერალიცაა, ისტორიკოსიც, ჟურნალისტიც და მკითხველიც, ამბის მკითხველი - რა მოხდა წარსულში, რა ვიცით აწმყოში და რა გვეცოდინება მომავალში
კითხვის დასრულებისას შემაჯამებელი ფიქრია საჭირო, ფიქრი და ლოცვა, “ჩერნობილის ლოცვა...”
..................................
ფიქრი სვეტლანა ალექსევიჩის წიგნზე “ჩერნობილის ლოცვა”
გამომცემლობა არტანუჯი/Artanuji Publishing

Thursday, July 20, 2017

ჩემს ბიჭს თოჯინა ვუყიდე

ბავშვის გონებას სისუფთავე ბავშვობიდანვე უხდება.
ბაღში აიკიდა: გოგოს და ბიჭის ფერები, ბიჭის ბიჭთან, გოგოს გოგოსთან მეგობრობისა და თამაშის აუცილებლობა, ბიჭის სათამაშო, გოგოს სათამაშო...
ჩემს ბიჭთან ერთად, ვთამაშობ სარეცხგაფენობანას., რომ მიხვდეს სარეცხი და სისუფთავე კაცის საქმეცაა;
ჩემი ბიჭის თვალწინ ვრეცხავ ჭურჭელს, რომ მიეჩვიოს - სამზარეულო კაცის საქმეცაა;
ჩემი ბიჭის თვალწინ ვიცვამ ფერად ტანსაცმელს, რომ დაინახოს ფერადი კაცისთვისაც ფერადია;
ჩემს ბიჭს, ყვავილებს საჩუქრად, არამარტო 3-8 მარტს ვაძლევ, რომ დედამისს ხშირად აჩუქოს;
ჩემს ბიჭს ვუსმენ, ვუსმენ თავისა და გულის ყურით. ბავშვებს მშვენიერი ენა აქვთ, სიტყვის უთქმელადაც მშვენივრად ლაპარაკობენ;
ჩემს ბიჭს კითხვებს ვუსვამ, მისი აზრის მნიშვნელობასა და პატივისცემას ვაგრძნობინებ;
ჩემს ბიჭს ეცოდინება: გოგოდ რომ დაბადებულიყო ისევე უზარმაზარად მეყვარებოდა, როგორც ახლა მიყვარს;
ჩემი ბიჭი გვარის გაგრძელება-გამოგრძელებისთვის კი არა, მისი ადამიანობისთვის, ჩემი შვილობისთვის მიყვარს
მე ვებრძვი სტერეოტიპებს, ჩემი შვილის ბავშვური სისუფთავის დალაქავებისგან დასაცავად;
მე ვებრძვი აზრს, ჩვენი შვილები მაინც მოესწრონ. ჩვენც უნდა მოვესწროთ, ჩვენ უნდა შევცვალოთ. ჩვენ ვიცვლებით, თორემ დრო თითქოს უცვლელადაა. ჩვენ, ადამიანები ცვლილებებისთვის ვიბადებით;
მე ვებრძი ბრენდებს, რომლებმაც შეიძლება ჩემს შვილს პატარა თავი გაუვსოს, რეკლამა მერეც ეყოფა. ახლა მისი გონება სხვა თავგადასავლებში დამოგზაურობს - აღმოჩენებით, შთაბეჭდილებებით, სამყაროს გაცნობით, სიყვარულის სწავლით იხუნძლება;
მე ვებრძი ტრადიციად ქცეულ წესებს, რომლებიც სიტყვა არ შეიძლებას ზურგს უკან ურცხვად, აუხსნელად იმალებიან;
მე ვებრძვი, ჩემი შვილის ბავშვობიდანვე ჩემი სასურველი პროფესიის მისთვის არჩევას;
მე ვებრძი ჩემი შვილის ურა პატრიოტიზმის შეპარვას. შეიძლება ჯერ არც იცის რომ ქართველია, ქართველობა არც საზეპიროა, არც რელიგია, არც მხოლოდ საუბარი, არც ჯიბეში ჩასადები დოკუმენტი, რომ ამოგივარდეს, ვინმემ ამოგაცალოს ან წაგართვას. ის ქართველობის არც დაკნინებას ისმენს და არც აღზევებას. ადამაინების, ცხოველების, მცენარეების, ადგილების, თამაშის, თავგადასავლების, საქმის სიყვარული, აზროვნება, განათლება, დამოუკიდებლობა, თავისუფლება, ბედნიერება... იქნება მისი წილი ქართველობა
მე ვმეგობრობ ჩემს შვილთან. ჩვენ ერთად დავაქროლებთ თეთრ ველოსიპედს, ვკითხულობთ, ვიგონებთ ზღაპრებს, ქუჩაში ცხენივით ან ადამიანებივით დავრბივართ, ვლაპარაკობთ, ვხუმრობთ, ვიცინით, ვკამათობთ, ვთამაშობთ
მეც ვითამაშებ ჩემი ბიჭის თოჯინით...
პატივისა და გულისცემით,
გიორგი, თევდორეს მამა, ლიპარიშვილი  :)



17.07.17

Sunday, May 21, 2017

წერილი 17 წლის წინ გარდაცვლილ და დღეს დაბადებულ მამას

წარმოგიდგენია?! უკვე ნახევარი საუკუნეზე 1 წლით დიდი მამა მყავს?!
გახსოვს შენი გარდაცვალების დღე?!
იმ დილითაც გადარეული და მოსიყვარულე მამა იყავი. სახლში დილით მოსული მძინარე შვილებს საწოლებში თამაშმონატრებული ბურთივით შემოგვიგორდი. კისერზე ოქროს მედალივით ჩამოგეკიდე. მერე მოწესრიგდი და სამსახურში წახვედი. მე არ მჯეროდა. არასამუშაო დღე მეგონა. შენ კი პატარა შვილის, ჩემი დის დაბადებისდღეზე სამსახურიდან მობრუნებას ჩქარობდი (5 წლის ხდებოდა). იქნებ სიცოცხლეს ჩქარობდი. გახსოვს იმ ღამით სიზმარს შეუშინებიხარ. ქუჩაში შემხვედრი ნაცნობისთვისაც კი გიკითხავს სიზმრის ახსნა თუ იციო. ამხელა კაცს სიზმრის გეშინიაო? რომ გითხრეს ხელი ჩაიქნიე და გაშორდი. ნეტავ რა სიზმარი ნახე?! თავში რა ფიქრები გიტრიალებდა?! იქნებ უშიშარს შიშებიც მოგიახლოვდა?! გული მიწაზე ამოგდებული თევზივით რამ აგიფართხალა?! მითხარი როგორია სიკვდილის მოახლოება?
მაშინ 14-ის ვხდებოდი. შენ 34-ის იყავი. იმ დღის მერე
მგონია 34 წელს თუ გადავაბიჯებ დიდხანს ვიცოცხლებ. ახლა 31-ის ვარ. უკვე ვეღარ ვფიქრობ, რას ვფიქრობ.
ის თუ გახსოვს, სხვას რომ გაუცვალე სამუშაო, შენს ადგილზე სხვა უნდა ყოფილიყო. მამა შენ რა სხვისი სიკვდილით მოკვდი?! თანაც ასე დაუგეგმავად?!
ისე რამდენი ხიფათი ვერ მოგერია - ხან გაზით დაწვა, ხან ბენზინით, ჩხუბით, უბედური შემთხვევებით ბოლოს მაინც ბედნიერდებოდი. ელექტროენერგია რა გახდა? ასეთი ძლიერი იყავი და როგორ მოგერია?!
ნეტავ ამ წერილს როგორ წაიკითხავ?!
ნეტავ რა ხდება სადაც ხარ? ან იქნებ არც აღარსად ხარ. მხოლოდ მოგონებებში დარჩი.
გახსოვს, შენი მანქანის სიგნალზე შვილები სიხარულით ისე წამოვიშლებოდით, ჭიშკრის გაღებას ერთმანეთს ხელიდან ვტაცებდით.
ის თუ გახსოვს შენ პატარა გოგოს, ფქვილში ხელებს რომ ჩააკვრევინებდი, სამზარეულოს საქმეებს ადრევე ისწავლისო. ისიც ცომს ცომივით აბრტყელებდა. რას იფიქრებდა, სახლში მარტო დარჩენა და საჭმლის კეთება მართლა ადრიდანვე თუ მოუწევდა.
ის - ჩემთან სკოლაში მშობელთა კრებაზე რომ მოხვედი?!
მაშინ ალბათ სათვალე ზედიზედ ბევრჯერ გავწმინდე, თვალებს არ ვენდე. შენ იყავი. მოკლესახელოებიანი პერანგი გეცვა. ხუჭუჭა თმა ეკლის ბურდივით გქონდა გადახლართული. მთასავით შუბლის ძირიდან თვალები ვარსკვლავებივით გიციმციმებდა. ხმამაღლა ვწერ, ის დღე ჩემი სკოლაში ყოფნის საუკეთესო დღე იყო. ბოლო მერხზე დაჯექი. ქალები შენსკენ თვალს აპარებდნენ. კაცი კრებაზე, დაუჯერებლობას ტყუპისცალივით გავდა. ზოგს კისერი მორცხვად მოეღრიცა. ორმეტრს მიახლოებული მერხთან ძლივს მოიკეცე. ბოლოს კლასის დამრიგებელმა ბოდიშები გიხადა, არ იყო ლიპარიშვილის მშობელი საჭირო, რატომ შეწუხდით, ეს ასეთი, ეს ისეთი, კარგი ბიჭიაო.
კრებიდან ერთად წამოვედით. მეგონა მთელმა ქალაქმა იცოდა რომ მამაჩემი ჩემს მშობელთა კრებაზე იყო.
წელში გამართული მივდიოდით. მინდოდა ის გზა არასდროს დამთავრებულიყო. სახლში მისულმა დედაჩემს უთხარი:
ეს სად გამიშვი, სიხარულით სიმაღლეში კიდევ უფრო გავიზარდეო.
იცი მამა კიდევ რა მახსოვს, შენი პირველი ჭაღარა. მაშინ ძალიან დიდი მეგონე. ახლა რომ გადავთვალე თურმე ვცდებოდი. ჩემი თვალის ოპერაციის შემდეგ, პირველად 25 წლის გაჭაღარავდი. ნარკოზში ვიყავი. ოპერაციას ვერ დაესწარი. 90-იანები მძვინვარებდა. შენ ფულის საშოვნელად წახვედი. როცა დაბრუნდი ნარკოზში დაგხვდი. კუნაპეტ თმაში პირველი "თოვლი" მაშინ შემოგებერტყა.
ის თუ გახსოვს როგორ მიყვარდი?! თუ გახსოვს სად წახვედი?!
გულდაგულ გადარჩენილ, ხურდებად შეგროვებული ფულით სიგარეტს რომ გიყიდდი ორივეს ბავშვურად გვიხაროდა. იაფფასიანს თუ დამაბარებდი მე ძვირადღირებული მომქონდა. შენი სიხარული მეძვირფასებოდა.
იცი რამდენჯერ მიფიქრია ახლა როგორი იქნებოდათქო?! როგორი სიმპატიური. მე უფრო მემგვანებოდი თუ ჩემს ძმა-დას?
იცი უკვე მეც მამა ვარ. #თევდორე-ს მამა. ახლა თვალები კუნძულებს მიმიგავს. ის თვალები, შენ რომ ბნელ 90-იანებში თვალისჩინივით უფრთხილდებოდი.
სიამოვნებით დაგითმობდი ერთ მათგანს, სიცოხლეს რომ გიბრუნებდეს. შენ და სამყაროს მე ერთი თვალითაც სიამოვნებით გიჭვრიტინებდით.
ნეტავ შენი კულული როგორ გათეთრდებოდა.
ახლა ნახევარ საუკუნეს გადაბიჯებული იქნებოდი.
ეს წერილი როგორ გამოგიგზავნო?
ნაბეჭდი, ხმოვანი, ელექტრონული, იქნებ სხვა რამე მეთოდიც არსებობს?! იქნებ კოსმოსს ვენდო. სხვები რომ წაიკითხავენ, სიტყვები ახმაურდება. იქნებ დროსა და სივრცეშიც დატრიალდნენ და შენამდეც მოფოფინდნენ.
მივაწერტილე, ვუშვებ ელექტრონულ ზღვაში
წერილი 17 წლის წინ გარდაცვლილ და დღეს დაბადებულ მამას
გიორგი ლიპარიშვილი

Thursday, January 26, 2017

ადამიანი, რომელიც ამდენ ადამიანს უყვარს, მაინც ცოცხალია


ფოტო - თსუ

ვახტანგ იმნაიშვილი არის სახელი და გვარი, რომელიც სკლეროზის შემთხვევაშიც არ დამავიწყდება
ქართულ ენას ჯერ კიდევ 2003 წელს გვასწავლიდა. პირველივე ლექციაზე ნახევარგვერდა ტექსტი მოგვცა და რედაქტირება ღიმილიანმა დაგვავალა. საუნივერსიტეტო გამოცდებში მაღალქულამიღებულმა, წინადადებები ამბიციურად შევასწორე.
48 ჯანმრთელი შეცდომა მოვაგროვე. გულს იმით ვიიმედებდი, რომ სხვას 78 - აღმოაჩნდა. მაგრამ საუკეთესოს 9 შეცდომაც გულს მიხეთქავდა. კურსის ბოლოს 14-მდე ჩამოვედი... ისეთი კონკურენცია გააჩაღა, რომ მახსოვს ვინ იყო პირველ, მეორე, მესამე, ბოლო ადგილზე.
2 საათს ვნანობ. ჯგუფელმა გოგომ ლექციის გაცდენა მთხოვა. დიდებული ლექციის ნაცვლად სახაჭაპირე "ბავარიაში" ძვირფას დროს ფეხქვეშ ვთელავდი. მწარედ შევცდი. ახლა ბატონ ვახტანგს 2 საათით ნაკლებად ვიცნობ. მაშინ როცა, მასთან 2 წუთიანი ურთიერთობაც მეტისმეტად სასიამოვნო იყო. ისეთი ციმციმა ცისფერი თვალებით შემონათება იცოდა სულს და გულს გაგინათებდა. წლების მერე, ქუჩაში რომ შემხვდებოდა და გულთბილ სალამსა და მოკითხვას გავცვლიდით, ვიცოდი ის დღე ბედნიერ დღედ იყო ქცეული.
ნეტავ მხოლოდ ერთი დრო ესწავლებინა და მხოლოდ აწმყოში გველაპარაკა.
როცა გავლექტორდი ის ჩემი საუკეთესო მოტივაცია და მაგალითი აღმოჩნდა. ადრე რამდენჯერმე დავიწყე მასზე რამის თქმა და ენა ვერ დავიმორჩილე. სიტყვის თქმაც ვერ გავბედე...
ჩემი სტუდენტის მასწავლებელიც ყოფილა Giorgi Iashvili. ამან კიდევ უფრო აღმაფრთოვანა. რამდენი თაობა დაარიგა.  რამდენს ასწავლა ქართული ენა და ადამიანური სიყვარული?!
ახლა, ახლა დავაგვიანე. ვიცი რომ ამ ჩემს აღიარებას ვერ წაიკითხავს. ვერ გაიგებს, რომ ვნანობ. ვნანობ 2 საათით ნაკლებს რომ ვიცნობდი და ვერც იმას გაიგებს რომ -
ვახტანგ იმნაიშვილი არის ადამიანი, რომლის სახელი და გვარი სკლეროზის შემთხვევაშიც არ დამავიწყდება.
ადამიანი, რომელიც ამდენ ადამიანს უყვარს, მაინც ცოცხალია
ბატონო ვახტანგ, დიდი მადლობა. მეც მიყვარხართ
თქვენი ერთერთი სტუდენტი,
გიორგი ლიპარიშვილი