ჩვენი, ერთად პირველი ექსპედიციიდან, 10 წელიწადი გავიდა. 10 ჯანმრთელი წელიწადი. ჯავახეთის ექსპედიცია - ადამიანების შემაკავშირებელი და ძალების მოსასინჯი ექსპედიცია. ლოდებს კენჭებივით ვათამაშებდით. ექსპედიციელებმა, ოსტატთან ერთად, ერთ თვეში 2 ისეთი ტერასა გავაკეთეთ, ისეთი ტერასა, მტერსაც რომ გაახარებს და მოყვარესაც.
ახლა ის ჩემი მეგობარი ამერიკაშია. ჯავახეთის ექსპედიციელებისთვის საჩუქრების მოფიქრება და გაგზავნა ტრადიციად აქცია.
ვიფიქრეთ, შევთანხმდით, დავგეგმეთ და წავედით.
ის ამერიკიდან ფიქრებით, მე თბილისიდან. დავიძარით...
მაგრამ ეს წასვლა სხვანაირი წასვლა იყო...
რაც გავმამდი ჯავახეთზე ფიქრისას, ვფიქრობდი, ვიცოდი რომ შვილს იქ აუცილებალდ წავიყვანდი. ახლა კი ჯავახეთში ორი ფიქრი და ოცნება მიმყავდა, ამერიკააში მცხოვრები მეგობრის შვილი (სტუმრად ჩამოსული) და ჩემი შვილი.
ვფიქრობდი და ვფორიაქობდი. 1 დღით გრძელი გზა, ბევრი ადგილი და დიიიდი, დიიიდი სიხარული. წარსუყლთან მომავლით შეხვედრის სიხარული.
ექსპედიციამდე ჩასვლამდე საღამოს მონასატრის დედებს, ძველი ექსპედიციის ერთ საოცარ ადგილს ჩუმად, სიტყვის უთქმელდ ვესტუმრეთ.
დედა მართამ მოულოდნელობისაა და სიხარულის ცრემლი შემოგვაგება.
დედა მარინემ, ოდესღაც, ჩემგან მისთვის დაწერილი სიტყვები გაიხსენა. ისიც მითხრა გურჯაანელ სტუმრებთან ლიპარა ვახსენეთ და ვინ ჩვენი ლიპარაო და ორივეს გვიხაროდაო. აქეთ მესამე მეც გამახარეს.
ბავშვებმაც გაიხარეს და დიდებმაც. ვუყურებდი ჯავახეთის ხედებს, ნახატის მსგავს მთებს, ველებს, ყველაფერი მეცნობოდა, საღამოს ტბაში პატარა კუნძულზე ხე რომ აღარ იდგა ამაყ დარაჯად, გული შემიქანდა, იქვე დავმშვიდდი, კუნძულზე ახალი ხე ამობუჩქულა. ის იტყვის თავის სიტყვას. ამაყად გააგრძელებს მამის გზას...
მეორე გაჩერებამდე ავტომაანქანის სანომრე ნიშანი დავკარგეთ. ძველი ექსპედიციელის მანქანით მივდიოდით. ფაქტობრივად, ძველი ექსპედიცია ახალ ექსპედიციაში ცოტა ხნით მივემგზავრებოდით.
დროში ვმოგზაურობდით.
სანომრე ნიშნის უქონლობამ პოლიციაში მიგვიყვნა. თავსგადამხდარი "ცისფერი მთებისა" და ძალიან კარგი პატრულის შეხვედრის შემდეგ, სანომრე ნიშანი დაწუნებული, ბრაზით დაკუჭული, მაგრამ გადასაგდებად დანანებული, გასწორებული წერილვით გამოიყურებოდა. მძღოლმა, ჯავახეთის ძველმა ექსპედიციელმა გიგა ბეროშვილმა ისე გვატარა (ჩვენი გოგოებიც თან გვყავდა) გეგონებოდა ხელის გულზე გვატარებდა. დროდადრო მანქანას ზომიერად “აზუსტავებდა”. (ჩემი შვილი სიჩქარის მომატებას ასე ეძახის, ეტყობა ერთხელ მოისმინა ადრიფტავებდა და თავისი სიტყვა გამოიგონა და ასე, დაიმახსოვრა არც გამისწორებია - მართლა აზუსტავებდა)
გზა განვაგრძეთ. სოფელ ოკამში სკოლის ეზოში დაბანაკებულ ექსპედიციას მივადექით. 2 წლის წინაც ვიყავი აქ. იგივე მისიით. მამა ალექსანდრემ, ძველმა ექსპედიციელმა, ახლა უკვე ექსპედიციის ხელმძღვანელმა, ჯავახეთში ჩემს წინა სტუმრობისას დაწყებული მშენებლობა მაჩვენა. უკვე დამშვენებულა, დასრულებულა, დაღვინებულა. სიხარულის განცდა გულწრფელად ჩამეხუტა და მორცხვად გამცდა. მეც მქონდა პატარა, პატარა წვლილი ამ შენებაში ჩაშენებული. ისევ იმ ჩემი მეგობრის მხარდაჭერით.
ექსპედიციელებს შევხვდით, სპეციალურდ მათთვის გამზადებული საჩუქრების ჩამორიგებაში ჩვენი ბავშვები დაგვეხმარნენ.
სიტყვები მზის გულზე გაფენილი სარეცხივით გამიშრა. 20-მდე სიტყვა ძლივს ვუთხარი სტუდენტებს. ვისგან იყო საჩუქარი, რატომ იყო, რა იყო… წამოვედით გული დამწყდა, თითქოს ჩემი შეგრძნება, ჩემი მეგობრის ჩანაფიქრი კარგად ვერ ვუთხარი.
მანქანის ნომერმა იმდენი დრო წაგვართვა, ექპედიიციას მალე გამოვემშვიდობეთ. მააგრამ იქ ვახშამი ისეთი ახლობელი იყო, მეგონა ათი წლის წინ ვჭამდი.
შვილი მომიცუცქდა და მითხრა: “აქაც გავერთე”.
გზადაგზა, მანქანაში ხშირად მადლობას ვუხდიდი რომ გამომყვა.
ბოლო გაჩერება კიდვე ერთი ძველი ექსპედიციის ადგილი იყო - ბარალეთი. მონატრებული დედაოებისგან მომზადებული ვახშამი...
როცა წეროშემოსკუპებულ ეკლესიას მივადექით გამახსენდა რომ აქ წლების წინ მე და ოტელო (ექსპედიციის კიდევ ერთი წევრი) შემთხვევით, უფროსი წყვილის მეჯვარეები გავხდით..
შვილები ჯვრისწერას არ ესწრებოდენ. პატარძალს ხელში მინდვრის ყვავილების სურნელება ეჭირა და პირველი პაემნის სიმორცხვეს აფრქვევდა...
დროში მოგზაურობა ასობით კილომეტრის 1 დღეში გავლა დაჭირდა. ამერიკაში მცხოვრები მეგობარიც ფიქრებით ჩვენთან ერთდ დამოგზაურობდა.
მისი შვილი ჩვენს გვერდით იყო. მეგონა ოცნება მესიზმრებოდა და რეალობა მეგონა.
ის ჩემი #1მეგობარი ბაჩო თეთრუაშვილია. თავისი საყვარელი პირველი და მეორე ნახევრით (ჯავახეთი ჩვენსავით რომ უყვარს) ჯავახეთზე შორიდანაც ზრუნავენ.
გზადაგზდა მათ შვილს ვუყვებოდი: “შენ ჯავახეთში ჯერ კიდევ მუცელში ყოფნისას იყავი, პატარა რომ იყავი მაშინაც, მამაშენმა მანქანაში ჩაგაწვინა, თვითონ გადმობაჯბაჯდა და დათვივოთ კაცი მანქანას აკვანივით გირწევდა.”
ახლა კი ჩემი ფიქრები ბედნიერებით ირწევა. ჟრუანტელიც ძარღვიან სხეულსა და ფიქრშიც სისხლივით დამიდის.
არ ვიცი რა ვუთხრა ჩემს მეგობარს, რომელმაც დროში მამოგზაურა.
გიორგი ლიპარიშვილი
No comments:
Post a Comment