მეძებარი

Friday, June 21, 2013

თევდორე - შოთა ნიშნიანიძე


1609 წელს თრიალეთზე გადმოსული
თურქთა დიდი ლაშქარი თევდორე ბერს
გადაეყარა და მეგზურობა მოსთხოვა თევდო–
რემ მტერს გზაკვალი აუბნია და მიზანს დაა–
შორა. მოტყუებულმა თურქებმა ბერი აკუწეს.
ქართველმა ჯარმა დრო მოიგო და მტერი ქვიშ–
ხეთთან დაამარცხა.


თრიალეთის ტყეში, როცა დღეა მშვიდი,
––თევდორეე!...
––თევდორეე!...
ტირის ერთი ჩიტი.
განა მართლა ჩიტუნაა, სული არის სამოთხისა,
––სულო, სულო, სულეთიდან რა განგებამ გამოგხიზნა.

ბალღობაში ნუკრი იყო, თრიალეთზე ბალახობდა,
თეთრი ირმის ძუძუს წოვდა და ალგეთში კალმახობდა.

ყელს ეკიდა ქრისტეს ჯვარი–გამგებელი საუფლოთა,
წმიდა იყო, სათნო იყო, ცაში ღმერთთან საუბრობდა.

თოხნიდა თუ ვენახს სხლავდა,– ეხსნებოდა ბაგე ლოცვით,
ჩიტები რომ ეხვეოდნენ, თურმე იყვნენ ანგელოსნი.

მათ უწყიან მომავალი, თითეულის სულის ხატი,
ვინ მოკვდება მამულისთვის ანდა კიდევ უფლისათვის.

ამიტომაც მსახურებდნენ, წმინდა ბერი სულს ერჩიათ 
და ჭკვიანი ხარებივით ებმებოდნენ უღელშიაც.

...ათას ექვსას მეცხრე წელ, როგორც უპატრონო რაში,
ტორებს ცემდა... ჭიხვინებდა, მთიდან გადარბოდა მთაში.

წმინდა ბერი ლოცვად იდგა... ციდან ჩამოესმა რეკა... 
თრიალეთთან მტერი მოდგა... დიდმა მთებმა იწყეს დრეკა...
..........................................................................................
ქართულ ვენახს,
ქართულ ჯვარს, –
ქვეყნის ოთხივ მხარეს,
როგორც იატაგანი, სხეპს თურქული მთვარე.

აჰა, მახვილ–შუბებით აზღარბულა სერი,
ჩალმოსანთა მწკრივები ჰგავს სიკვდილის წერილს.

იწერება სულთანი... იწერება ქადილს
და სიკვდილის ეტრატივით იგრაგნება ქართლი.

ხმლით აკუწულ ცისარტყელებს და ხოხობა ცისკრებს 
ფარჩეულად გაიტანენ ისპაჰანს თუ მისერეთს...

.....................................................................................
შენ ხარ ვენახი აჩეხილი,
მესიის სურვილი ამხდარი,
ღვთის სახლი, სათნო სახლი დამეხილი,
წაქცეული, დაქცეული საყდარი.
მამაო, გალობა ხარ შეწყვეტილი,
მამაო, სანთელი ხარ დამწვარი,
მამაო, ცეცხლი იყავ სვე–კეთილი,
ახლა ხარ ნაცარი...
ლოცვა ხარ ბაგეზე შეყინული,
ნახევრად სიზმარი... არაკი...
ლომი ხარ ქართველობას შეწირული
და კრავი–ქრისტეს ზვარაკი.

ეს სისხლია, ღვთის კაცო, ღვართქაფად რომ დაგდინდა,
თუ რიჟრაჟმა იფეთქა ანაფორის ღამიდან.
––ოსანა!
––ოსანა!
მოდგნენ ანგელოსები,
ანაფორის ნაკუწები მიაქვთ ავგაროზებად.
გალობაში შეგახვიეს და შეგმოსეს ლეგენდებით,
თუ გაჭირდა მტერს და ორგულს ლეგენდითაც ვეკვეთებით,
შენი ჯვარი, ოქროს ჯვარი, როგორც გახიზნული ჩიტი,
როგორც სული, შენი სული–ფერად გასისხლული შინდი,
გამოება ენად ზარებს, საყდრის დამუნჯებულ ზარებს.
და მზე უძღვის ჩალისფერი ქართლის გამარჯვებულ ჯარებს.

––თევდორეე!...
––თევდორეე!...
ეს რა ძალამ გასულდიდა,
მომავალი კიდევ ბევრჯერ გამოგიხმობს წარსულიდან.
––თევდორეე!...
––თევდორეე!...
შენისთანა მეკვლე გვინდა,
შენი ერი კიდევ ბევრჯერ გამოგიხმობს ლეგენდიდან.

.........................................
.........................................
მთაში ფანდურს აჟღავლებენ, წვიმს გმირული კაფია,
ცაში ელვით იწერება შენი ეპიტაფია.

Friday, June 14, 2013

კარგ სტუდენტებს რა დალევს

კარგ სტუდენტებს რა დალევს.
ვისაც აზრი უჭრის,
ადამიანს მათ ხელში,
აბა რაღა უჭირს.

იზრდებიან წამიწამ,
მათ აქვთ ფიქრთა საბადო,
გადაყლაპა ცა მიწამ,
უნდა ბევრი დაბადოს.

მათ თავში რომ ტვინია,
- ემოციებს ართავს,
ბავშვობა მარკ ტვენია,
გრძნობებს გულიც მართავს.

ფიქრის სადგურს გამოცდა,
სიტყვა მათზე ნასეტყვი,
ნალექსარს  აქვს გამოცდა:
სტუდენტებს შენ რას ეტყვი?

ადამიანს მათ ხელში,
აბა რაღა უჭირს,
კარგ სტუდენტებს რა დალევს.
ვისაც აზრი უჭრის.


გიორგი ლიპარიშვილი
14.06.13

Thursday, June 6, 2013

ისტორია ყვირის


ზოგი ვერც ვერასოდეს,
ვერაფერს ვერ ხვდება.
ქართველი ჯარისკაცი
სხვის მიწაზე კვდება.

სხვისი ომით გვხიბლავენ,
მშვიდობა რომ ვიგრძნოთ,
ამერიკის მიზნები
დავიჯეროთ ვინძლო.

ნარკოტიკის ომია,
მშვიდობის რომ ქვია,
"დემოკრატიისათვის,"
სიცოცხლეს რომ გვიან.

ფხიზლობა თუ გვიშველის,
თვალს არ უყვარს ახვევა,
თორემ სრულად მოუწევს,
სინდის-ნამუსს ახევა.

ჩავიქნიოთ ხელები
გვეშელება აწი რა?!
- :"გმირმა ხომ მსოფლიოსთვის
თავი კვლავაც გაწირა?!"

მე არ მიღის სიცოცხლე
მათი, ასე აბუჩად,
ვაი მის კაცობანას,
ვინც ეს საქმე აფუჭა.

არ ღირს მთელი მსოფლიო,
ქართველ კაცთა ამაგად,
დედას როგორ უნდოდა,
შვილის ნახვა ჭარმაგად.

საქართველოს შვილები,
სამშობლოს თავს ფიცავდა,
მაგრამ ის ავღანეთში
მხოლოდ ოჯახს იცავდა.

ჩვენი მტერი ისაა,
მამლუქებად რომ გვყიდის,
მერე პოლიტიკიდან
მართალივით რომ "მიდის".

არ შერჩება არავის,
ქართველ ბიჭთა სისხლები,
მათი გვერდში დგომისთვის,
ზამთრის ვაზად ვისხვლებით.

მათი დედის თვალებში,
გაჩენილი მდინარე,
მოსვენებას არ მიცემს,
მოღალატე მძინარეს.

დავაბრუნოთ ბიჭები,
სამშობლოში სახარად,
და ნუ ვაქცევთ მათ თავებს,
შავ ჭირად და სახადად.

კაცის დედაბუნება,
განა მხოლოდ წალდია,
ყველა ცოცხალ არსებას,
სიცოცხლე ხომ წადია?!

ვხედავთ ფულის კეთება,
სიცოცხლის კვლად ყივის,
ფრთხილად "პოლიტიკოსნო"
ისტორია ყვირის.


გიორგი ლიპარიშვილი
6.06.13




Monday, June 3, 2013

გრძნობამიზანგადარგული

მოჰგავს ელვას,
მეხს და ღელვას.

ის გავს იებს,
არაფერს რომ გაპატიებს.

ხან ჯიხვია, ხანაც შველი,
გულის წიგნის გადამშლელი.

ხან მუშტია, ხანაც ნეკა,
ცუდი ცხრამთას გადარეკა.

თან გულია, თანაც გული,
გრძნობამიზანგადარგული.

ვეტრფი "თოფს" და ვეტრფი ყვავილს,
ერთდროულად თუნდაც ყვავის.

ხან დღეა და ხან ღამეა,
ჩემი ცოლი ჩემი მეა.


გიორგი ლიპარიშვილი
3.06.13