მეძებარი

Sunday, June 21, 2015

"სტიქიური ბედნიერება"


გოგა ჩანადირის ფოტო


თბილისში დატრიალებული წვიამიან-ცრემლიანი ამბებიდან კვირაზე ცოტა მეტი გავიდა.
ადამაინათა ნაწილი ტრაგედიაში, შიშში, ოჯახის წევრის, შვილის, ქმრის, დედის, მამის, ცოლის, შეყვარებული, მეგობრის, თანაქალაქელისა და სახლის გარეშე ცხოვრობს.
ამ დროის მანძლზე, “ერთხელ” იწვიმა, მაგრამ “წვიმას” ჯერაც არ გადაუღია.
თბილისურმა ამბებმა ცა და ქვეყანა გააერთიანა.

“დიდი წვიმიანობის” დღიდან ადამიანები სტიქიათან ომში ჩაებნენ.
სტიქიამ ადამიანები უფრო გააადამიანა. შეიქმნა მოხალისეთა არმია, რომლებიც ბრძოლაში, ფაქტობრივად, სათამაშო თოფებით, ნიჩბებით შეიარაღებულნი ჩაერთნენ.
მიუხედავად, მტაცებლებისა და ეპიდემიის საშიშროებისა, მოხალისეებმა მთელი კვირა გმირულად იბრძოლეს.
თვითონ სიტყვაც როგორი თბილია, მ ო ხ ა ლ ი ს ე.
გაძვირებული ნიჩბების, ხელთათმანების, ტაქსით მგზავრობის, პოლიტიკური თუ ბიზნესქულების ჩაწერის ფონზე, უაზრო ლაყბობის მიღმა, გამოჩნდნენ გულიანი შემომწირველები, უფასო ტაქსი, ტელეფონის დატენვა, შრომა, კვება, ერთგულება, მეგობრობა, გვერდში დგომა, ღიმილი. პროფესიები გაერთიანდნენ მოხალისედ, ამაღლებულ და ამაღელვებელ - პროფესიად.
ადამიანებმა აჩვენეს, რომ ადამიანები უფრო ძლიერები არიან, ვიდრე არაადამიანები.
აუწონავ-დაუთვლელ-შეუფასებელია სიცოცხლის დაკარგვა.


გარდაცვლილთა მწუხარებას ადამიანები გულწრფელი განცდით განიცდიან და შრომობენ ოფლის უკანასკნელ წვეთამდე.
ბევრი ადამიანის სიკვდილის პირიდან გამოგლეჯა მოხერხდა.
თვალს და ხელს შუა იწერება ისტორია, რომლის შავ ფურცელს თეთრი ფურცლები და ოქროს ასოები მოყვება.
როცა მოხალისეთა არმია “იარაღს” ჩააბარებს, ის მომხდარი მოვლენების გამო შესაბამის უწყებებს პასუხს მოთხოვს. მოხალისეებს მხოლოდ ფიზიკური სიჯანსაღე არ ახასიათებთ, ისინი ჯანსაღი აზრით ერთიანდებიან.
მოხალისეთა შეუპოვრობა ლეგენდად იქცა. მათ შეძლეს და შექმნეს -
სტიქიური ბედნიერება.


გიორგი ლიპარიშვილი
20-21.06.15

No comments:

Post a Comment