მეძებარი

Wednesday, July 22, 2015

ბავშვობაში გადაკივარდა


რამდენიმე დღის წინ, ჩემს, ბავშვობაჩაბარებულ სახლს შემოვესტუმრე. კედლებდანაოჭებული, მაგრამ ამაყად მდგარი შემომეგება. ყვავილებმა თვალი ჩამიკრეს. ტყუილის ფეხებივით ეზო თვალისდახამხამებაში გავიარე და შინ ბრძოლამოგებულივით შევაბიჯე.
დაიწყო საკუთარ სახლში სტუმრობანა. მოწყურებულ წარსულს, შვილთან ერთად ყოფნით ვიოკებდი.
ერთ დღეს ბარტყი დავიჭირეთ, რომელიც დამოუკიდებლობის, თავისუფლების მოპოვებისთვის იბრძოდა. ფრენას სწავლობდა. დედადაკარგული, ქანცგაწყვეტილი სახლს, ბუდეს ეძებდა. ცხვირპირთვალღიმილიანები შევცქეროდით ბუნების პატარა ჯადოქრობას და მის დახმარებას ვცდილობდით.

რამდენჯერმე შემაღლებულ ადგილზე დავსვით. ვერადავერ აფრინდა. გალია არ ვაკადრეთ თავისუფლების წყურვილით გულანთებულ, გულქერა არსებას. შორიახლოს ბარტყის დედა ან მამა გამწარებული გალობით დაქროდა. დავსვით და ვუთვალვალებდით, იქნებ ეპოვათ მშობელ ჩიტებს და გადაერჩინათ. თვალიდან მალევე დაგვისხლტდა. ვეღარსად ვიპოვეთ. მოგვიანებით, მეზობლად, კატისგან ნახევრადშეჭმული ვნახეთ. შვილს არ ვაჩვენე სულხორცგაცლილი პატარა ჩიტის სხეული. და დანაშაულის დამალვისმოსურნე ბოროტმოქმედივით სწრაფად მივაბარე მიწას. ბროწეულის ხის მახლობლად თითქოს ცას და მიწას ჩაბარდა თავისუფლებისთვის ბრძოლაში დაღუპული ბარტყი, რომლისთვის სახელის დარქმევაც ვერ მოვასწარით. ჩიტები ბავშობიდანვე სწავლობენ დამოუკიედბლობისა და თავისუფლებისათვის ბრძოლას.
ჩიტის გამოთხოვების შემდეგ, ბავშვობისდროინდელ ნივთებს დავუწყე ფოფინი, რომელსაც გულდაგულ ვინახავ. ისინი არამარტო ჩემს ისტორიას, არამედ ჩემი ბავშობისდროინდელ ისტორიასაც ინახავენ.
სახლში ფუტკარივით ვფუსფუსებდი. წარსულის თამაშ-თამაში თამაშსა და გულმოდგინება ნარევ საქმეში გადაიზარდა. ყვავილებს ღობეები 2 ზომით დიდი შარვლის ქამარივით შემოვუჭირე.
ბევრი ვიფუსფუსე თუ ბევრზე ბევრი, კუდში ჩემი 2 წლის შვილი, ჩემი ბავშვობისა და მომავლის ანარეკლი დამსდევდა და გვარიანადაც მეხმარებოდა. ბავშვობაში მოგზაურობა “დამთავრდა”. შვილმა არაჩვეულებრივი მეგზურობა გამიწია. გადაკივარდაც მისი სიტყვაა. 2 სიტვყვის ჯამი, გადაყირავდა+გადავარდა=გადაკივარდას
ჩემი ფიქრები და ემოციებიც ბავშობაში გადაკივარდა.

22.07.15

გიორგი ლიპარიშვილი

No comments:

Post a Comment