ჯავახეთის ექსპედიცია 2006 წ. თავკვეთულა
მგზავრობა მიყვარს. განსაკუთრებით, კარგი საქმისკენ მიმავალი მგზავრობა. ამ დროს თავში ფიქრი ამუშავებული წისქვილის საფქვავივით იფქვევა.
ცოტა ხნის წინ ჩემი გულის მეგობარმა, ამერიკიდან, მთხოვა ჯავახეთში პატარა საქმეზე წავსულიყავი. სიამოვნებით დავთანხმდი, დაველოდე შესაფერის დროს და სიამოვნებითვე გავემზავრე. იქ ერთერთ სოფელში ექსპედიცია მძვინვარებდა. მე ძველი ნაექსპედიციელი მონატრებული მხარისკენ ფიქრებს სავსე გულით მივაბიჯებდი...
პირველად ჯავახეთში 11 წლის წინ მოვხდი, მაშინ ექსპედიციაში წასვლა ვერ მოვახერხე, შემდეგი წლიდან კი (კეთილი ადამიანების არსებობით) ჯავახურ ამბებში ჩავები. გზად მიმავალს ჩემი ახლო ისტორია, იმ წამს ფანჯრიდან დანახული საძოვარივით გადამეშალა. გადამეშალა და ამიშალ-ამიჩეჩა ფიქრები, მინდოდა რაც შეიძლება მალე ჩავსულიყავი, ჩამეტანა "შორიდან დანაბარები", მაგრამ ფიქრის გაწყვეტაც არ მინდოდა. ამიტომ "ახლებთან" შეხვედრამდე, თვალი ჩემს განვლილ ექსპედიციებს მოვავლე.
პირველად ჯავახეთში 11 წლის წინ მოვხდი, მაშინ ექსპედიციაში წასვლა ვერ მოვახერხე, შემდეგი წლიდან კი (კეთილი ადამიანების არსებობით) ჯავახურ ამბებში ჩავები. გზად მიმავალს ჩემი ახლო ისტორია, იმ წამს ფანჯრიდან დანახული საძოვარივით გადამეშალა. გადამეშალა და ამიშალ-ამიჩეჩა ფიქრები, მინდოდა რაც შეიძლება მალე ჩავსულიყავი, ჩამეტანა "შორიდან დანაბარები", მაგრამ ფიქრის გაწყვეტაც არ მინდოდა. ამიტომ "ახლებთან" შეხვედრამდე, თვალი ჩემს განვლილ ექსპედიციებს მოვავლე.
I ექსპედიცია - სტუდენტები სოფელ სამსარიდან, აგრესიულად განწყობილმა სომეხებმა მუქარ-მუქარით გამოგვყარეს. ჩვენ ჯავახეთის სხვადასხვა სოფლის მონასტრებში გადაგვანაწილეს. რამდენიმე ჯანმრთელ ადამიანთან ერთად ფოკაში მოვხდი. თბილისიდან რომ გვირეკავდნენ, სად ხართ? და ფოკას ვეუბნებოდით, ბევრს ესპანეთში ვეგონეთ. ასე აღიქმებოდა, ათიოდე წლის წინ, ფარავნისტბისპირა სოფლის სახელი - ფოკა.
იქ ისეთი სამუშაო გავაჩაღეთ, რომ თავი ერთმანეთსაც და მონასტერში მცხოვრებ მონაზვნებსაც მალე შევაყვარეთ. ამ ექსპედიციამ ჯავახეთისა და ადამიანების სიყვარული გამიათკეცა. იქ შეძენილი ადამიანების გახსენებაზე ფიქრი კი, დღესაც მაძლიერებს. აბა რა დამავიწყებს, ზურა ნავროზაშვილს, ნესტან მამაცაშვილს, ლევან დეკანოსიძეს, გიორგი თედორაძეს (სვანჩოს), თათია გვილავას, თიკო გელიკაშვილს და სხვებს. ფარავნის ტბის დასასრულთან დაბანაკებული ექსპედიცია დიდებულად დასრულდა. ერთი სული მქონდა შემდეგი ზაფხულის დადგომამდე. უკან გადევებული დავბრუნდი.
II ექსპედიცია ბარალეთში იყო. ისევ სავსე შრომით, მხიარულებითა და სიყვარულით. აქაც დიდი და კარგი ადამიანების მხარდამხარ ვიყავით. ახლა უკვე ფიფქიას ჯოხით შეცვლილი ლილი ხმალაძე, უკვე 4 შვილის დედა თაკო ცარციძე, მარიამ ჭაბუკიანი, აჩო ფუტკარაძე და სხვები, ვარსკვლავებივით ადამიანები, ყოველდღე ვერ ნახავ მაგრამ მაინც ცხოვრების თანამგზავრები არიან. აქ იმხელა სიყვარულის ცეცხლი ჩაგვეღვარა გულში დღესაც ვერ ვაქრობთ.
III ექსპედიცია - სოფელი მირაშხანი. მიზანი - თავკვეთულას ქვაში ნაკვეთი ტაძრის წინ ქვის 2 ტერასის მშენებლობა. ისეთი გვარიანი საქმე აღმოჩნდა რომ ოსტატოდ წოდებული ომარი მალევე გაგვექცა. მაგრამ კიდევ უფრო მალე გამოჩნდა ახალი ოსტატო, მურმანი, რომელმაც საქმეს ბრგედ შეუტია. ჩვენც ახალ დაწვერულულვაშებინი ბიჭები ლოდებს მორგაბეეის შერკინებასავით შევებით. არც გოგოები იყვნენ ჯაბანნი. ისეთი შრომა გაჩაღდა ავ-თვალს არ ენახვებოდა. ყოველდღე მტკვარს (კარგადთეძოგანიერს) უხიდოდ ვკვეთდით და სისხამ დილიდან ქვებს ვეჭიდავებოდით.
სწორედ ამ ექსპედიციაში მოხვდა პირველად ის, გულის მეგობარი, ახლა ამერიკდან ჯავახეთში რომ გამამგზავრა. ამ ექსპედიციაშივე იყო უკვე წინა წლის კარგად გამობრძმედილი, ლაშა კიკვილაშვილი, პოკორა (შალვა ონიანი), ოტელო (გიორგი გაჩეჩილაძე), ნათია ბარბაქაძე, კუკუ და სხვები. ახლებიდან ილო ბერია (ამ ექსპედიციიდან ილო ქართველო) დევივით მუშაობდა. ამ ყოჩაღი ხალხის გარდა გვყავდა ლევან ზარმაცო, ანდრო ნაზო და მისთანანი. მათი დიდი ნაწილი, პირველ დღეებში უკან დახეული ოსტატივით, ხელიდან ექსპედიციის დასრულებამდე გამოგვეცალა. ერთმა ექსპედიციელმა, ეთო ჩუბინიძემ ფილმიც კი გადაიღო, რომელიც ჯავახური საქმიანობის ერთერთ სპონსორს "World Vision-ს" ისე მოეწონა, რომ პატრა საიმიჯო კლიპის დამზადებაც გვთხოვა. მანამდე კი, ექსპედიციის ბოლოს, ამ ორგნიზაციისთვის, გულისამადუღებული ანგარიში შემომეწეარა.
IV ნახევარექსპედიცია გამომივიდა. სამსახურის გამო 1 თვე დარჩენა ვერ მოვახერხე. ახლა სამუშაოები ახალქალაქში მიმდინარეობდა. ამჟამად მამაკაცები მამაოს სახლში დავბანაკდით. მარიფათიანი ასიტა (ირაკლი ასიტაშვილი), სამადა (დათო სამადაშვილი), დადუ მჭედლიშვილი, ჩეჩენა და სხვები გემრიელად შრომობდნენ. როგორც ყოველთვის ესეც კარგად შრომიან-ნაყოფიანი ექსპედიცია გამოვიდა...
ახალქალაქისკენ მიმავალ სამარშუტო ტაქსიში 2 მეგობარი ისე გემრიელად ჩხუბობდა, რომ ფიქრიდან გარეთ "გამომიძახეს". მაგრამ ცოტა ხანში გაწყვეტილი ფიქრი ფრჩხილის ლაქით გადაბმული "კასეტასავით" გადავაბი.
ამის შემდეგ ექსპედიცაიში აღარ ვყოფილვარ, ჯავახეთს დროდადრო ვსტუმრობდი. იმ ჩემი გულის მეგობარმა ჯვარიც თავკვეთულაზე, ექსპედიციის სამუშაო ადგილზე დაიწერა, შემდეგ წელს კი შვილი ფარავნის ტბაში მონათლა. მეჯვარე-ნათლიობა წილად მე მხვდა.
რამდენიმეჯერ იმ ზემოთ ხსენებულ თავკვეთულას ტაძრის დღესასწაულზე, 11 სექტემბერს, მონასტრის დასახმარებლად, სხვადასხვა დროის ექსპედიციელების დიდი რაოდენობა ვიყრიდით თავს. ზოგი მართლომრწმუნე გაავებულ ხალხს აკავებდა, რომ ამდენი ვერ დაეტეოდნენ ტაძარში და რიგ-რიგობით შესულიყვნენ, ზოგი ავტომესადგომე ვიყავით, ზოგი ნივთების მთაზე ამტან-ჩამტანი, ზოგი ვინ და ზოგიც ვინ. დემეტრე შანშიაშვილის ვაჟკაცობაც აქედან მახსოვს. თავის მეგობართან ერთად სხვადასხვა ნივთებით მთაზე ბევრზე მეტჯერ აირბენ-ჩაირბინეს, და მტკვარიც ამდენჯერვე გადალახ-გადმოლახეს. ამის მნახველი, იმედად და მადლობად დაიღვრებოდით.
ჯავახეთში უკვე იმდენჯერ ვარ ნამყოფი სათვალავი ამერია. მაგრამ ახლა ისე მივდივარ თითქოს ეს პირველია. თვალიც არ მომიხუჭავს, რომ ნაცნობ-უცნობი ადგილი არ გამომრჩებოდა.. გორა, რომელსაც ძველი ექსპედიციელი ანა ფაჩუაშვილი ყორღანს ეძახის, პატარა ღელეები, რომლებიც კლდეებს აწეწილი, გახსნილი თასმებივით აქვთ გადმოკიდებული...
ახლა სოფელ ოკამში მივდიოდი. 2015 წლის ექსპედიციის წევრები სწორად აქ მუშაობდნენ. მათ ამ პატარა ლამაზ სოფელში, ოდესღაც არსებული, ეკლესიის ნანგრევები დაასუფთავებს. ამჟამად, იქვე ახლოს პატარა სახლის მშენებლობაში მონაწილეობდნენ. ისინი სკოლაში ცხოვრობდნენ. გზად ვშიშობდი - ექსპედიციაში იმდენი ხანია არ ვყოფილვარ, რომ ყველასთვის უცხო ვიქნებითქო. მაგრამ მამა ალექსანდრეს (ექსპედიციის ძველ წევრს და ახლა უკვე მამაოსა და ხელმძღვანელს) წინა დღით იმ ექსპედიციის ფილმი უჩვენებია, სადაც, ამერიკიდან ჯავახეთში რომ გამამგზავრა ის, გულის მეგობარი და მეც ვიყავით. მაგრამ სხვაგვარი ნაცნობობაც აღმოჩნდა, ზოგი ძველი ექსპედიციელის და იყო, ზოგი ქმარი, ზოგს რაღაც სმენოდა, ზოგს რაღაც გაეგო. მოკლედ ახლა ისე ვიყავი, რომ ყველა მეცნობდა და ყველა მიყვარდა. მიყვარდა ყველა დროის ყველა ექსპედიციელი, ორგანიზატორი, ბერ-მონაზონი და სტუმარი ვისაც კი გულით უმუშავია, უხარია და უნარნარია ჯავახეთის ლამაზ-ლამაზ ზეგნებზე.
"ახლებთან" ცოტა წავიმუშავე. ისინიც ქვებს ეჭიდავებოდნენ. რამდენიმე მათგანში საოცარი, გადამდები ენერგია დუღდა. ჩემთვის პატივი იყო მათთან ერთად მუშაობა.
საღამოს საძილე ტომარა მედიდურად გავშალე, ჰაერი ხარბად ვისუნთქე, ცოტა შებინდებულზე კი მისიის შესრულებას შევუდექი.
სტუდენტებთან საჩუქრები ჩამოვიტანე. ეს სამსახსოვრო საჩუქარები იყო ძველი ექსპედიციელისგან. მან თავისი შრომის ნაწილი ამერიკიდან, ახალ 50 ექსპედიციელს გაუზიარა. ისეთი აღტაცებით შეხვდნენ, ძველი კოლეგის მიერ გამოგზავნილ, ოკეანისგაღმიდან ჩამოსულ ამბავს, რომ სიხარულმა ტანში სისხლივით დამიარა. მაგრამ ეს არ იკმარეს. ამერიკაში დავრეკეთ და მადლობის ნიშნად ჩონგურის თანხლებით უმღერეს. სიმღერა რომ მორჩა სიჩუმე გაბატონდა. ამერიკაშიც და საქართველოშიც ბუზის გაფრენის ხმა ისმოდა. მერე შევეხმიანე. მითხრა მერე დაგირეკავთ, მადლობაო. მერე "კარგა ხანს" აღარ დაურეკავს... მერე აღმოჩნდა რომ გვერდით კორეელი თანამშრომელი ყავდა და დათვივით კაცს შერცხვა მის წინ ტირილი. ემოციამ ჩემზეც გაჭრა და მეც სიხარულით ამამღვრია.
ბალუ, ბაჩო, არჩილ თეთრუაშვილი კი ის კაცია, "ამერიკიდან, ჯავახეთში რომ გამამგზავრა"
2015 წ. აგვისტო
პატივისა და გულისცემით,
გიორგი ლიპარიშვილი
<3 <3 <3
ReplyDelete