მეძებარი

Thursday, May 26, 2022

13 გზა - როგორ შევაყვაროთ კითხვა ბავშვს?

1. ვიკითხოთ წიგნები, ჩვენ თვითონ ვიქცეთ მკითხველებად;


2. ვუკითხოთ წიგნები, ამით მკითხველადაც შეიძლება ვაქციოთ და კარგ მსენელადაც;

3. ვთხოვოთ თვითონაც წაგვიკითხოს, თავის ხმასაც მოუსმენს და სუნთქვასაც გაიუმჯობესებს;

4. ერთად წავიდეთ წიგნის მაღაზიაში, ან ბიბლიოთეკაში ან წიგნის ფესტივალზე წიგნების შესარჩევად;

5. ხელ და თვალმისაწვდომ ადგილზე გამოვფინოთ სახლში წიგნები;

6. ცოტა შევიმციროთ ჩვენ თვითონ და შევუმციროთ ბავშვებსაც ელექტრონულ მოწყობილობებთან ურთიერთობა, რომ ფიქრისა და საკუთარი დროის მართვისთვის მოვიცალოთ;

7. ველაპარაკოთ „წიგნებსა და ადამიანებზე“, მწერლებსა და პერსონაჟებზე;

8. მოვიგონოთ თამაშები - მაგ. ილუსტრატორობანა, ვითომ წიგნის მხატვრები ვართ და სხვა. სიტყვასა და ფორმას ერთმანეთთან დავაკავშირებთ, წარმოსახვასა და ხელს ერთად ავათამაშებთ;

9. დაძალება შეთავაზებით შევცვალოთ; მოდი კითხვის საათი მოვაწყოთ, მოდი რამე წავიკითხოთ...

10. ცნობისმოყვარეობა გავუღვიძოთ (მაგ. მოდი 60 დათვლა წავიკითხავ და თუ გინდა მერე დამაპაუზე ან გამაჩერე);

11. მოვუწყოთ საკითხავი „კუნძული“ მაგიდის ქვეშ ან სადმე გამორჩეულ, განსხვავებულ ადგილას

12. ერთად გავაკეთოთ მინიატურული წიგნები და წიგნთან დაკავშირებული სხვა პატარა და დიდი ნივთები
ავყვეთ სხვა აქტივობებში, რომ მერე წიგნისთვისაც შემოიცალოს;

13. ყველა ბავშვი ინდივიდუალური, განსხვავებლი და განსაკუთრებულია, ეს „რეცეპტები“, რჩევები შეიძლება სხვადასხვანაირად სხვადსხვა დროს ამუშავდეს,
ამიტომ, თქვენი გზებით სვლაც ცადეთ, მთავარია,

პატივისა და გულისცემით,

#მოსწავლებელი
#როგორშევაყვაროთკითხვაბავშვს
#კითხვა #ბავშვები #წიგნები

Wednesday, May 11, 2022

ჩემი სახელი აზოვსტალია... დაგუგლე წყალი,,,

(უკრაინელი ჯარისკაცის მესიჯის მიხედვით - ცოლს აზოვსტალიდან
- დაფუძნებულია რეალურ ამბავზე))
რამდენ დღეს გავძლებ უწყლოდ?
დაგუგლე წყალი…
ჯოჯოხეთია,
ესაა წყევლა.
უწყლობით წყდება
დღეების ძაფი.
გახსოვს ნიშნობა?!
ის, პაემანი?
ან სიყვარული მზიან მხარ...
სიტყვა მიშრება…
სადღაც აქვეა…
დაგუგლე წყალი…
ნუ ატირდები,
ცრემლიც მშრალია,
ჩემი სახელი აზოვსტალია.
თვალებს რომ ვხუჭავ,
ღრუბლებზე ვწევარ,
ვხედავ -
არა ვარ უმიწაწყლო…
დაგუგლე წყალი…
ნეტავ სისხლიც გამიწყალდეს,
გველეშაპია წყალთან…
ჩვენს დარგულ ყვავილებს დაუსხი წყალი,
1 ჭიქა წყლით დამლოცე,
მისურვე რას გრძნობ…
დაგუგლე წყალი…
ვიბრძოლებ სისხლის ბოლო ნამებით,
და მომავლისთვის, ჩემი წამებით.
რამდენ ხანს გავძლებ უწყლოდ?
დაგუგლე წყალი…
ლეგენდაში ვარ,
წვიმაც ადიდებს ზეცას,
სიცოცხლეს „ფარდა ეფარება“,
თითქოს, მდინარეს ცეცხლები ეცვას…
ბრძოლა გრძელდება…
ველი მზის წვეთებს…
ნუ დანებდები უმიწაწყლობას,
დაგუგლე წყალი…
გიორგი ლიპარიშვილი

11.05.22 

Tuesday, January 11, 2022

რას "იტყოდნენ" ქართველი მეფეები აცრაზე (13 მეფის ნაამბობი)

 რას "იტყოდნენ" ქართველი მეფეები აცრაზე

(13 მეფის ნაამბობი)
1. მირიან მეფე -
მზე მართლა დაგვიბნელდება ხალხო, თუ არ ავიცრებით
2. ვახტანგ გორგასალი -
თქვენ არ იცით, რას ვიზამთ აცრით, დედაქალაქს დავაარსებთ და ახალახალ სოფლებსაც აღმოვაჩენთ
3. ბაგრატ III -
ამ ცით და აცრით, საქართველოს გავაერთიანებთ
4. დავით აღმაშენებელი -
ეჰა მეომარნო ქრისტესანო, უკან გასაქცევი გზა ჩახერგილია,
აიცერით ნიკოფსიიდან დარუბანდამდე
5. თამარ მეფე - სოფელ-სოფელ ფეხშიშველი ვივლი, ყველა ხიდს, წყაროს, ტბას თუ ნამს თქვენს სახელს დავარქმევ, ოღონდ აიცრათ
6. ლაშა-გიორგი -
სიყვარულს არ აქვს გვარი და გვარიშვილობა, არც ვირუსი ინდობს მდიდარს და ღარიბს, ყველა ადამიანის სიცოცხლე მნიშვნელოვანია, გავარღვიოთ ალყა, ავიცრათ ერთმანეთისთვის, ავიცრათ საკუთარი თავისთვის, ავიცრათ ოჯახისთვის, ავიცრათ ყველასთვის, ავიცრათ საქართველოსთვის, ავიცრათ სამყაროსთვის
7. გიორგი ბრწყინვალე -
ნუ დაწვავთ და ნუ გააქრობთ ჩემს ისტორიას. აუცრელობა ღალატია, მოღალატეები ისჯებიან
8. გიორგი VII -
ხო გახსოვთ, თემურ-ლენგს არ დავნებდით. მოვკდები და მტერს არ შევეგუები, იბრძოლეთ ბოლომდე, ხმლები იშიშვლეთ, აიცერით
9. სიმონ I -
პანდემია ახალი მტერია, მტრის მოგზავნილი მტერი. ვის აწყობს ჩვენი გაცამტვერება?! ამ მტერსაც შევებრძოლებით „ხმლები ალესეთ ქართველებო, ხმლები ალესეთ“, აიცერით
10. ვახტანგ VI -
ვი რუსი არ არსებობს, ბრძოლა სისულელეა დანებით, დანებდით.
აცრით,
საქართველოს დავცლით.
მივატოვოთ ჩვენი ქვეყანა და წავიდეთ მტრის ქვეყანაში მშვიდობიანად საცხოვრებლად,
მხოლოდ მდიდრები უნდა გადარჩნენ.
11. სოლომონ I -
ტყვეთა სყიდვას მოვერიეთ, ამასაც მოვერევით, აცრები, აცრები, აცრები ჩქარა
12. გიორგი XII -
“შეხედე რა ცაა“
რა დროს აცრაა?!
ვჭამოთ-დავლიოთ, ქვეყანაში 10 დღიანი ნადიმი, დასვენების დღეები გამომიცხადებია. ნადირობა არ მინდა, თქვენ ინადირეთ, მე 1 ზაქიც მეყოფა. მომავალს მაინც ვერ ვხედავ, წინასწარმეტყველი კი არ ვარ
ჩემი ცხენი გაუშვით, ძალიან მაღალია.
13. ერეკლე II - მეზარბაზნეებსაც წაგვართმევენ, ტოტლებენმაც გამაცურა, გეორგიევსკის ტრაქტატითაც საუკუნეებით მოვტყუვდით,
მაგრად ვჭამეთ.
ჭკუა ვერ ვისწავლეთ. სიმართლის დროა, გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, გავერთიანდეთ, გადავრჩეთ, მტერს ნუ გავაცინებთ,
ახლა
აცრაა ჩვენი კრწანისი...
(გიორგი XII და ერეკლე II ჩამონათვალში ადგილები გაცვალეს)
დღეს მესამედ #ავიცერი
პატივისა და გულისცემით,
გიორგი ლიპარიშვილი

რით გავს მასწავლებელი მოსწავლეს?! 22 ამბავი

 რით გავს მასწავლებელი მოსწავლეს?!

22 ამბავი

1. ჩანთებით
2. სწავლით
3. ინტერესებით
4. ჩაცმით
5. სკოლით
6. კითხვებით
7. პასუხებით
8. წიგნებით
9. ღიმილით
10. გულწრფელობით
11. ბავშვობით
12. მოსწავლეობით
13. თამაშით
14. მუშაობით
15. თანამშრომლობით
16. შეცდომებით
17. მშობლებით
18. ადამიანობით
19. ჭამით
20. მოტივაციით
21. კომპლიმენტებით
22. სიყვარულით
პატივისა და გულისცემით,

Monday, February 25, 2019

მარსწავლებელი

„ხარისხი“ არ ქონია, მაგრამ თუ ნამუსი გქონდა, უხარისხოს მასზე ვერც იტყოდი. არც დოქტურანტურა დაუმთავრებია, არც მაგისტრატურა, არც ბაკალავრიატი, არც სკოლაში უსწავლია და ბოდიში და არც საბავშვო ბაღში უვლია. 

საზომგადოება ხან ჭკუას უზომავდა და ხან გონებას. დასკვნებს „უცხოელი ექსპერტებივით“ დებდნენ: „მისგან არაფერი გამოვა,“ „დეგენერატია,“ „საზიზღარი“, „უჭკუო“, „საწყალი ბებიამისი, რა პედაგოგი იყო და როგორი სასწავლო ნაწილი, სკოლის სული და გული. მთელს სკოლას აზანზარებდა; საწყალი ალბათ, მიწაში ტრიალებს“; „ყველა სოფელს ერთი გიჟი უნდა ყავდეს, წავიდეს სადმე მიყრუებულ სოფელში და იყოს ბედნიერად ეგ უბედური“, „არც ჭკუა მოეკითხება და არც გონება“,  “ქერა და უჭკუოსავითაა. ამ დროს შავგვრემანია და უტვინო. აფსუს რა ბიჭია და რა სხეულს აფუჭებს“…

ეს მცირე ჩამონათვალი იყო, რასაც კეთილისმოსურნე მეზობლები, ახლო-ახლო, სისხლი და ხორცის ნათესავები, საკუთარი ოჯახის წევრები და „ერთგული მეგობრებიც“ კი ლაპარაკობდნენ. ზოგს პირში უზიარებდნენ, ზოგსაც პირს უკან, ზურგის ჩრდილქვეშ ჭიკჭიკებდნენ.
სულ ყველაფრის მიუხედავად, მხიარული იყო. ღიმილს, რომელსაც გარემო უჭკუობაში და სულელობაში უთვლიდა, ძალაინაც უხდებოდა და ძალიანაც უყვარდა.
არავის მისი იმედი არ ჰქონდა, მაგრამ იმედი თვითონ არასდროს დაუკარგავს. ალბათ იმიტომ, რომ არც არასდროს უძებნია და არც სადმე უპოვია. ისედაც, სულ იმედიანი, მხიარული და ამბიანი იყო.
„უსწავლელს“ ხშირად სიტყვები მთვრალი კაცის ფეხებივით ეხლართებოდა, მაგრამ მაინც ლაპარაკობდა, ხუმრობდა, თამაშობდა, მუსიკასაც უსმენდა და კრიტიკასაც,
მოსმენის სიყვარულმა, მხიარულებამ და ცნობისმოყვარეობამ ფანტაზია გაუბრდღვიალა. რაღაცებს იგონებდა, რაღაცებს უმასწავლებლოდ Yოუტუბე-დან სწავლობდა, ცდიდა, აკვირდებოდა, სწავლობდა, ცდიდა, აკვირდებოდა, სწავლობდა... 
შეცდომებსაც წვერვით უშვებდა, მაგრამ ცხვირი არასდროს ჩამოუშვია. 
ბოროტი ენები, მის გარშემო, ისევ სწრაფი კარუსელივით ტრიალებდა, თვითონ კი მაინც ნელ-ნელა მიწინწინობდა.
ადამიანებისაგან გარიყულს, ადამიანებთან ურთიერთობა უყვარდა. თითქოს 2 ყური მართლა ამბის შესაშვებ-გასაშვებად გამობმოდა.
ერთ მშვენიერ დღესაც „სასწაული მოხდა“ -  
თითქოს მიწა იძრა, ცა გვალვიანი მიწასავით დანაოჭდა, რაღაც დიდი საშინელება დატრიალდა. მეზობლები საგონებელში უგონოდ ჩავარდნენ და ამოსასვლელს უშედეგოდ ეძებდნენ, ოჯახმა სიცილის შემდეგ ძლივს ამოისუნთქა, მეგობრები უხილავმა შიშმა შეიპყრო. ერთ არაჩვეულებრივ დღეს - უმასწავლებლო გამასწავლებლდა. 

თვითონ ჩვეულებრივად, მხიარულად, იმედიანად აგრძელებდა სწავლას, ცდას, დაკვირვებას და ახლა უკვე სწავლებასაც.
ეს თავისი განწყობა თავის მოსწავლეებსაც კეთილი ვირუსივით გადადო და ქალაქში გაღიმებულმა, ბედნიერმა სახეებმა იმატა. 
არც არავის უფიქრია, რომ „უსწავლელი“ კაცი აბედნიერებდა ბავშვებს. დედებს არც გაუგიათ ვინ იყო მათი შვილების გამღიმებელი. 
თვითკმაყოფილებას გრძნობდნენ. ხან, შვილებისთვის სასკოლოდ გაკეთებულ საჩუქრებს მიაწრდნენ ბავშვების ამ უცაბედ ფერიცვალებას, ხანაც მამებს, რომლებითაც შვილებს თავმოწონებით აშინებდნენ.
მასწავლებლობასთან ერთად, გამჭრიახმა და კაი ჭოგრიტივით შორსმჭვრეტელმა, პატარა ბიზნესიც წამოიწყო. უსხა წყალი საქმეს მოთმინებით, რუდუნებით, ფერებით, მზრუნველობით. ადიდა, ადიდა და ერთ დღესაც ძალიანზე მეტად რომ გამდიდრდა, საზომგადოება, რა თქმა უნდა, ისევ მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა, თან ისე რომ, თითქოს, იქედან დაშვებას არც აპირებდნენ. დაჭაობებული გონებიდნ ახალთახალმა ან კარგად დამარინადებულმა სტერეოტიპებმა ამოყვინთეს: 

„გაუმართლა“;
„ნეტავ არ მეთქვა შენ ჭკუა და მე ფულიო, პირიქით ხო არ ვუთხარი გოგო?!“ 
„რათ უნდა ეგ ფული, მაგის ჭკუაც არ აქვს რაში დახარჯოს“, 
„ტვინი ენატრა ჯობდა, ტვინს ფულით ვერ იყიდის“;
„ეგ უბედური ნეტავ თუ ითვლის რამდენი აქვს“;
„ნეტა სასესხებლად რომ მივიდეთ თუ მოგვცემს რამეს?!“
„უჭკუო და ფულიანი, მგონი საშიში გახდა, ნეტა რა ვასრსკვლავზე გაჩნდა ეგ უბედური, ფულიც ვერ გააბედნიერებს…“

ის კი მიიკვლევდა გზას და გზადაგზა თავის წილ ბედნიერებაზე იმედიანად, მხიარულად მიაბიჯებდა. მერე ცნობილიც გახდა. მასწავლებლობის ძირი კენწეროში გაუტკბილდათ ბავშვებს. 

ჯერ სკოლის, მერე ქალაქის, მერე ქვეყნის, მერე კონტინეტის, მერე პლანეტის საუკეთესო მასწავლებლად დაასახელეს. 
უმასწავლებლო მასწავლებელმა საზომგადოებას ამოუხსნელი კითხვა და ცხოვრების მთავარი დარდი გაუჩინა - „მაინც რას ასწავლის ასეთს ეს უნიათო, უუნარო, უნაირო, უნიჭო, უსწავლელი, უმასწავლებლო მასწავლებელი?!” 
თავიანთი თავის რცხვენოდათ რომ ამ კითხვას ვერ უპასუხეს. ნაჭუჭის ნატეხებშიც ჩასხდნენ. მიყრილ-მოყრილი ნაჭუჭებიც მიიფარეს და გაყუჩდნენ. თითქოს თავში ჩაკაკუნებასა და ხელახლა გამოჩეკვას ელოდებოდნენ...

ის კი ისე გაიზარდა, ისე გაიზარდა თავის გზაზე მიმავალი უატესტატო, უდიპლომო მასწავლებელი, რომ მარსზე გახსნილი პირველი სკოლის პირველ მასწავლებლად უსაბუთოდ მიიწვიეს.
მარსული ქარი ქრის. ხანაც პატრონ დაკარგული ძაღლივით ყმუის. მაგრამ პირველ მარსულ სკოლაში, პირველი გაკვეთილი ღიმილიანად და იმედიანად გუგუნებს. მთელი მარსი ახალმოსახლეობასავით აღნიშნავდა ახალ მარსწავლებელს. 
დედამიწაზე კი შური შარიშურობდა: 
„მაგის ადგილი ამ პლანეტაზე მაინც არც იყო!“ 

2018 წ. ივლისი’
გიორგი ლიპარიშვილი

Thursday, January 17, 2019

ჩვენს ქვეყანაში არ ბერდებიან!

ჩვენს ქვეყანაში არ ბერდებიან,
რადგან
უსაფრთხოც შეიცავს საფრთხეს,
გადავეჩვიეთ მოძრაობას, ფეხით სიარულს,
წუთი, სოფელიც გახდა უმოდო,
სიცოცხლის უფლება წიგნში წერია,
უფრო მეტ ნაგავს ვყრით, ვიდრე ვქმნით რამეს,
ჩვენთან მიზანიც არის უმიზნო
და სიყვარულიც ტრაფარეტია,
ცხოვრებაც მიგვყავს სხვისი ცხოვრებით
და საკუთარი გამოგველია,
თითქოს სიცოცხლეს ფეხი დაუცდა
და სიკვდილისკენ გადაიხარა,
არავინ ჩივის უბერებლობას,
რადგან მოხუცი ტვირთი გვგონია,
ჩვენ კი მსუბუქად ვიყოფაცხოვრებთ,
სანამ ჩვენს კანსაც გვალვა დახეთქავს,
მაგრამ ჩვენ გვახსოვს ზარმაცი ფიქრით,
ჩვენს ქვეყანაში არ ბერდებიან!


გიორგი ლიპარიშვილი
17.01.19

Thursday, October 25, 2018

მასწავლებლის 13 მცნება

1. არა ბავშვთ კრა
2. არ მოატყუო
3. არ განასხვავო
4. არ გაამწვავო
5. არ დაჩაგრო (არც დააჩაგვრინო)
6. შეაქე
7. მოუსმინე
8. მიუთითე
9. ეთამაშე
10. ისწავლე
11. ასწავლე
12. გაუგე
13. გაუღიმე



#მოსწავლებელი

Saturday, April 14, 2018

#არაქალთკლა

თუ ქალს სამზარეულოს მხოლოდ სადღეგრძელოს გამო ვწყვეტთ;
თუ ქალს მუჭებს ცხვირწინ, კაცი უფრო მაგარიას ფორმით ვუტრიალებთ;
თუ დედასაც ვუტრიალებთ;
თუ წასვლა უნდა და მხოლოდ სიცოცხლიდან ვუშვებთ;
თუ გოგის დაბადება გვწყინს,
თუ შვილი, ბიჭი უფრო გვიყვარს;
თუ ქალ მოსამართლესაც ბატონო მოსამართლეს ვეძახით;
თუ ქალი კაცზე რამით ნაკლები გვგონია;
თუ ძალადობას გავუჩუმდებით;
თუ ქვეყანა გვიყვარს და თან ქვეყანას ვკლავთ;
თუ მომავალს წარსულად ვაქცევთ;
თუ სიმართლეს ზედაც არ შევხედავთ, დავიღუპებით...
თუ გვახსოვს, რომ ადამიანი ერთხელ იბადება
თუ გვახსოვს რომ დაბადება სასწაულია;
თუ გვახსოვს, რომ სიცოცხლის უფლება ყველა ადამიანის უფლებაა;
თუ გვახსოვს, რომ 1 ადამიანი, ოჯახი, სოფელი, ქალაქი, ქვეყანა, სამყაროა -
ვიცოცხლებთ...

Wednesday, August 9, 2017

დროში მამოგზაურა


ჩვენი, ერთად პირველი ექსპედიციიდან, 10 წელიწადი გავიდა. 10 ჯანმრთელი წელიწადი. ჯავახეთის ექსპედიცია - ადამიანების შემაკავშირებელი და ძალების მოსასინჯი ექსპედიცია. ლოდებს კენჭებივით ვათამაშებდით. ექსპედიციელებმა, ოსტატთან ერთად, ერთ თვეში 2 ისეთი ტერასა გავაკეთეთ, ისეთი ტერასა, მტერსაც რომ გაახარებს და მოყვარესაც.


ახლა ის ჩემი მეგობარი ამერიკაშია. ჯავახეთის ექსპედიციელებისთვის საჩუქრების  მოფიქრება და გაგზავნა ტრადიციად აქცია.


წელსაც მომწერა, იფიქრე....

Tuesday, August 8, 2017

#რაზეაესწიგნი


უცნაური ჩვევა მაქვს. წიგნის კითხვას რომ მოვრჩები იმ დღეს ახალი წიგნის კითხვის დაწყების ნაცვლად ფიქრს ვიწყებ. მეორე დღეს უკვე შეიძლება ახლის დაწყება.
“ჩერნობილის ლოცვა”-ს რომ მოვრჩი, მეგონა კიდევ რამდენიმე ხანს კითხვის ნაცვლად, ლოცვის (“ჩერნობილის ლოცვაზე” ფიქრის), გაგრძელება ჯობდა
ეს არის წიგნი, სადაც ყველა მთავარი გმირია, სადაც ავტორიც გმირია. იმდენი ინტერვიუ ჩაწერა, იმდენი ფაქტი ნახა, იმდენ ადამიანს მოუსმინა, რომ თვითონაც საშინელი ამბის უშუალო მონაწილე გახდა. მკითხველიც ჩერნობილში გამოკეტილი ტყუილის, საიდუმლოებების, სიჩუმის, ხმაურის, წლები გაგრძელებული ტრაგედიის “თვითმხილველი” გაგვხადა…
წიგნის ავტორმა სვეტლანა ალექსეევიჩმა კომუნისტური ცენზურა თავიდან ფეხებამდე გააშიშვლა. მატყუარა, მშიშარა, მდუმარე, საიდუმლოხელდაფარებულ ჩინოვნიკებს გულწრფელი, მამაცი, ხმაურიანი, სიმართლის თვალებში ჩამხედავი ადამიანები დაუპირისპირა. ადამიანები, რომლებსაც ისტორია სანატრელი გაუხდათ, აწმყო მოეწამლათ და მომავალი გაუუბდურდათ. ადამიანები, რომლებიც ტყუილში და რადიაციაში აცხოვრეს, ამუშავეს, თვალები აუხვიეს, მომავალი გადაუჭრეს...
წიგნი სავსეა მძაფრი შეგრძნებებით. შესაძლოა ნესტოები დაგვებეროს ქალების, კაცების სიმამაცით, თვალები დაგვისივდეს ცრემლების მოზღვავებით, გული აგვენთოს და აგვიგუგუნდეს სიმართლით, რომელიც თითქოს უჩინმაჩინი რადიაციასავით მიწაში დამარხეს.
ადრე მეცინებოდა ჩერნობილზე გამოგონილი ანეკდოტების მოსმენისას, ახლა არაფრით… ანეკდოტებიც ბინძური პროპაგანდის ნაწილი იყო, რომელიც თითქოს “არაფერია”-ს, “ყველაფერს ვაკონტროლებთ-”ს აღნიშნავდა.
ჩერნობილი ნამდვილი ომი ყოფილა, არა ომზე ომი. უომესი.
იმისთვის, რომ ჩერნობილი ვიცოდეთ, ახლო წარსული, დიდი მეზობლისგან ხალხგაწირვა, დოკუმენტური ნაშრომის სიმძაფრე, მწარე, მწარე სიმართლე ლოცვა უნდა ვისწავლოთ, “ჩერნობილის ლოცვა”...
P. S. სვეტლანა ალექსევიჩი ნობელიანტი მწერალია. ის ერთდროულად მწერალიცაა, ისტორიკოსიც, ჟურნალისტიც და მკითხველიც, ამბის მკითხველი - რა მოხდა წარსულში, რა ვიცით აწმყოში და რა გვეცოდინება მომავალში
კითხვის დასრულებისას შემაჯამებელი ფიქრია საჭირო, ფიქრი და ლოცვა, “ჩერნობილის ლოცვა...”
..................................
ფიქრი სვეტლანა ალექსევიჩის წიგნზე “ჩერნობილის ლოცვა”
გამომცემლობა არტანუჯი/Artanuji Publishing

Thursday, July 20, 2017

ჩემს ბიჭს თოჯინა ვუყიდე

ბავშვის გონებას სისუფთავე ბავშვობიდანვე უხდება.
ბაღში აიკიდა: გოგოს და ბიჭის ფერები, ბიჭის ბიჭთან, გოგოს გოგოსთან მეგობრობისა და თამაშის აუცილებლობა, ბიჭის სათამაშო, გოგოს სათამაშო...
ჩემს ბიჭთან ერთად, ვთამაშობ სარეცხგაფენობანას., რომ მიხვდეს სარეცხი და სისუფთავე კაცის საქმეცაა;
ჩემი ბიჭის თვალწინ ვრეცხავ ჭურჭელს, რომ მიეჩვიოს - სამზარეულო კაცის საქმეცაა;
ჩემი ბიჭის თვალწინ ვიცვამ ფერად ტანსაცმელს, რომ დაინახოს ფერადი კაცისთვისაც ფერადია;
ჩემს ბიჭს, ყვავილებს საჩუქრად, არამარტო 3-8 მარტს ვაძლევ, რომ დედამისს ხშირად აჩუქოს;
ჩემს ბიჭს ვუსმენ, ვუსმენ თავისა და გულის ყურით. ბავშვებს მშვენიერი ენა აქვთ, სიტყვის უთქმელადაც მშვენივრად ლაპარაკობენ;
ჩემს ბიჭს კითხვებს ვუსვამ, მისი აზრის მნიშვნელობასა და პატივისცემას ვაგრძნობინებ;
ჩემს ბიჭს ეცოდინება: გოგოდ რომ დაბადებულიყო ისევე უზარმაზარად მეყვარებოდა, როგორც ახლა მიყვარს;
ჩემი ბიჭი გვარის გაგრძელება-გამოგრძელებისთვის კი არა, მისი ადამიანობისთვის, ჩემი შვილობისთვის მიყვარს
მე ვებრძვი სტერეოტიპებს, ჩემი შვილის ბავშვური სისუფთავის დალაქავებისგან დასაცავად;
მე ვებრძვი აზრს, “ჩვენი შვილები მაინც მოესწრონ”. ჩვენც უნდა მოვესწროთ, ჩვენ უნდა შევცვალოთ. ჩვენ ვიცვლებით, თორემ დრო თითქოს უცვლელადაა. ჩვენ, ადამიანები ცვლილებებისთვის ვიბადებით;
მე ვებრძი ბრენდებს, რომლებმაც შეიძლება ჩემს შვილს პატარა თავი გაუვსოს, რეკლამა მერეც ეყოფა. ახლა მისი გონება სხვა თავგადასავლებში დამოგზაურობს - აღმოჩენებით, შთაბეჭდილებებით, სამყაროს გაცნობით, სიყვარულის სწავლით იხუნძლება;
მე ვებრძი ტრადიციად ქცეულ წესებს, რომლებიც სიტყვა “არ შეიძლებას” ზურგს უკან ურცხვად, აუხსნელად იმალებიან;
მე ვებრძვი, ჩემი შვილის ბავშვობიდანვე “ჩემი” სასურველი პროფესიის მისთვის არჩევას;
მე ვებრძი ჩემი შვილის ურა პატრიოტიზმის შეპარვას. შეიძლება ჯერ არც იცის რომ ქართველია, ქართველობა არც საზეპიროა, არც რელიგია, არც მხოლოდ საუბარი, არც ჯიბეში ჩასადები დოკუმენტი, რომ ამოგივარდეს, ვინმემ ამოგაცალოს ან წაგართვას. ის ქართველობის არც დაკნინებას ისმენს და არც აღზევებას. ადამაინების, ცხოველების, მცენარეების, ადგილების, თამაშის, თავგადასავლების, საქმის სიყვარული, აზროვნება, განათლება, დამოუკიდებლობა, თავისუფლება, ბედნიერება... იქნება მისი წილი ქართველობა
მე ვმეგობრობ ჩემს შვილთან. ჩვენ ერთად დავაქროლებთ თეთრ ველოსიპედს, ვკითხულობთ, ვიგონებთ ზღაპრებს, ქუჩაში ცხენივით ან ადამიანებივით დავრბივართ, ვლაპარაკობთ, ვხუმრობთ, ვიცინით, ვკამათობთ, ვთამაშობთ…
მეც ვითამაშებ ჩემი ბიჭის თოჯინით...
პატივისა და გულისცემით,
გიორგი, თევდორეს მამა, ლიპარიშვილი  :)



17.07.17