მეძებარი

Monday, April 28, 2014

წიგნის “დაბადების დღე”

ამ დღეს მსოფლიოს ბევრი ქვეყანა ერთი დიდი მოვლენის გარშემო ტრიალებს. აზროვნების გადატრიალება სხვადასხვა დროს სხვადასხვაგვარად ხდებოდა. ცეცხლისა და ბორბლის გამოგონებასთან ერთად ერთ-ერთი რევოლუციონერი წიგნიც იყო,რომელმაც ჩვენ მეტი ცოდნა და ინფორმაცია მოგვიტანა. ადამიანმა მისი პატივისცემის შესანარჩუნებლად წიგნის დღე დააწესა.


წიგნის ჩუქებისა და მისი დღის აღნიშვნა, პირველად კატალონიაში XX ს-ის პირველ ნახევარში მოხდა. ამ მოვლენას მსოფლიო მხოლოდ საუკუნის მიწურულს შეუერთდა.
კომპიუტერის, კიდევ ერთი მეამბოხის გამოჩენამ, წიგნს დიდი კონკურენტი შესძინა. ამიტომ ადამიანთა ნაწილი ახლა უფრო მეტ ყურადღებას წიგნის პოპულარიზაციას აქცევს.
წიგნი, როგორც იდეოლოგიის კარგი გამავრცელებელი ხშირად იდევნებოდა, იმალებოდა ან იღუპებოდა. დღეს კი თავისუფლებამინიჭებულს მკითხველი არც ისე ხშირად აკითხავს.
წიგნისა და მკითხველის როლსა თუ დანიშნულებაზე ბევრი მწერალი წერდა: ოთარ ჭილაძე თავის პუბლიცისტურ წერილში, რეი ბრედბერი თავის წიგნში “451 გრადუსი ფარენგეიტით”, გურამ დოჩანაშვილი: “კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა” და კიდევ ბევრი სხვა. ეს უკანასკნელი ერთგან ამბობს:
“- იყო მკითხველი, ეს თავისთავად სასწაულია, მკითხველი – ეს სწორედ ისაა, ვისაც შეგიძლია ისედაც ვიწრო საძილე ტომარაში შეყვარებულებს შორის იწვე და სულაც არ იყო ზედმეტი, ეს – სასწაულია და მეტსაც გეტყვით, ზედმეტი კი არა, აუცილებელი ხარ, რადგან ავტორმა ასე ინება.”
წიგნის დღეს საქართველოც სხვადასხვა კულტურული ღონისძებებით უერთდება.
წელს ქვეყანაში რამდენიმე საგანმანათლებლო, შემეცნებითი და გასართობი პროექტიც მიმდინარეობს:
“ჩემი წიგნი”, ბრიტანული ტელეკომპანია “ბი-ბი-სის” ერთერთი პროექტის ქართული ანალოგია. პროექტის შემქნელების აზრით, “ჩემი წიგნი” საუკეთესო წიგნების მარათონია, რომელიც თავიდან წაგვაკითხებს ყველა ჩვენს საყვარელ წიგნს. მარათონი, რომელშიც ახალ ლიტერატურას აღმოვაჩენთ. მარათონში ჩვენ ავირჩევთ ერთს, რომელზეც ვიტყვით: – ეს ჩემი წიგნია!”
“მოსიარულე წიგნები” ინტელექტუალური კლუბის “წიგნის მეგობრების” პროექტია. ის 2013 წლის სექტემბრიდან ხორციელდება. ტარდება საქველმოქმედო აქციები, რომლის ფარგლებშიც წიგნები სხვადასხვა მაღალმთიანი სოფლების ბიბლიოთეკებისთვის, სკოლებისთვის, ბავშვთა სახლებისთვის, საზღვარგარეთ არსებული ქართული ბიბლიოთეკებისთვის, ეთნიკური უმცირესობებისა და სხვადასხვა დაწესებულებებისთვის ნაწილდება.
“მოხეტიალე წიგნები” კიდევ ერთი პროექტი, რომლის დევიზია: “იპოვე, წაიკითხე, მონიშნე, დადე – დაიმგზავრე წიგნები.” ისინიც ქუჩებში თუ შენობებში მკითხველის მოლოდინში დახეტიალობენ.
ყველა მათგანს ერთი სამიზნე აქვს: წიგნის პროპაგანდა.

საქართველოში წიგნის დღე 2003 წლიდან აღინიშნება. ერთერთი გამომცემლობის ინიციატივით კი 2014 წელი წიგნიერების წლად გამოცხადდა.
ადვილი მისახვედრია, რომ წიგნი მოდასთან ერთად აუცილებლობაცაა. მხოლოდ სათაურებისა და ავტორების გაზეპირება, დამაკმაყოფილებელი, რა თქმა უნდა, არაა. ვერც პირველი და ბოლო გვერდის წაკითხვა, თაროების ფერადოვნებითა და დანომრილი ტომეულებით გავსება შველის საქმეს.
უკეთესი აზროვნების, განათლების, ფიქრის შესაქმნელად წიგნთან მეგობრობა, მისი წაკითხვა საუკეთესო საშუალებაა.
თუ წიგნები გვიყვარს, არასდროს ვიქნებით მარტო, ისე როგორც: გურამ დოჩანაშვილის – “კაცი, რომელსაც, ლიტერატურა ძლიერ უყვარდა.”


გიორგი ლიპარიშვილი

No comments:

Post a Comment