მეძებარი

Monday, December 29, 2014

ხელისჩრდილების თეატრი "ბუდრუგანა გაგრა" "GDS დილაში"

"GDS ექსპედიცია" მიტოვებულ სოფელში

ტყუპი სულაკაურების "ფორმულა"

ზურა შევარდნაძის "ფორმულა"

გელა ჩარკვიანის "ფორმულა"

Tuesday, December 16, 2014

დედა მარტო დამირჩა



დედა მარტო დამირჩა
დედა ჩემი გულია,
იქნებ ქარი აშინებს,
იქნებ წყალი წყურია.

ღამე ხომ არ ანაღვლებს,
ან დღე ხომ არ ეურჩა?!
ნეტავ თვალში ღიმილი,
ხომ მშვიდობით შეურჩა?!

რამე ხომ არ ატკივდა,


სულ არავის არ გავს

ჩემი ცოლი სულ არავის,
სულ არავის  არ გავს,
თუ გინახავთ, თუ რა მოსდის
თქვენი ხელით ნარგავს?!

"ცოლი მხოლოდ სტატუსია,
ცოლი მხოლოდ შვილია",
ვინც გულწრფელად ასე ფიქრობს,
მეტიჩარა ვირია.

განა რამე ახალს ვამბობ,


Monday, December 15, 2014

თითქოს სადღაც აქ არის


ვეძებთ მოტივაციას,
თითქოს სადღაც აქ არის,
პირის ტკბობა არ გვინდა
მხოლოდ კოვზი შაქარით.

ზოგი შიშს ეფარება,
ზოგიც კომპლექსს უწოდებს,
ერთ ადგილზე გაჭედვას
თავს და სხვასაც უწონებს.

თუ მუღამი ჩაუქრა,


Monday, November 10, 2014

არ მახსოვს როდის დავიბადე

არ მახსოვს როდის დავიბადე

მახსოვს ბავშვობა, ბაბუა გასამხნევებლად ჩემს წამლებს სვამდა;
მახსოვს თვალის პრობლემის გამო აკრძალული სპორტი და ბავშვობის მერე სპორტის იმ სახეობაზე შესვლა, სადაც შეიძლებოდა მუშტი თვალში მომხვედროდა;
მახსოვს XXI  საუკუნეში შუქისმუდმივობით გამოწვეული ქართველი ხალხის ძლივსგადატანილი სიხარული;
მახსოვს მინიატურული სტიპენდია;
მახსოვს მამის ტკივილი
მახსოვს დედის ცრემლით ამობერილი წერილები;
მახსოვს დრო, ტომ სოიერიდან “ადამიანთა სევდამდე”;
მახსოვს (არაერთხელ) საქმისადმი გულმოდგინება და ამ საქმიდან ჩემი ჩამოშორება;
მახსოვს შეყვარებული ცოლი;
მახსოვს შვილის დაბადების წამი, დედის, მამის, ცოლის, შვილის, სიცოცხლის თავიდან შეყვარება;
მახსოვს ჩემი გახარებით გამოწვეული მეგობრების გულისცემა;
მახსოვს მწვერვალიდან დანახული “ქედმაღლობა”;
მახსოვს სახაზავზე სწორი ზღვის ჰორიზონტი;
მახსოვს ოფლის ღვრისა და ტვინის ჭყლეტვის შემდეგ, შედეგით მიღებული სიამოვნება;
მახსოვს ჩემი და ჩემი სტუდენტების სტუდენტობა;
მახსოვს (არამხოლოდ გარეგნობით) ადამიანების ადამიანობით მიღებული იმედი, რომ წითელ წიგნში შესატანი ჯერ არ ვართ...

დაბადება არ მახსოვს. არც გარდაცვალება. მგონი არცერთს და არც მეორეს მე არავინ მეკითხება. თითქოს ჩემი სიცოცხლე ჩემი არ იყოს.

არ მახსოვს როდის -
მითხრეს -
ნოემბრის ათში დავიბადე.


გიორგი ლიპარიშვილი
(ლიპარა)

Saturday, October 25, 2014

ვიღიმი

ეძღვნება იმ ადამიანებს, ვისაც ღიმილი უხარია 



ვიღიმი -

ვხედავ - მხედავენ,
მესმის - ბედავენ:
- გიჟია ოხერი?!
- რა უხარია?!
- თავხედი!
- უზრდელი!
- ცოდვილი!

ვიღიმი -

- წყევლა,
- ლანძღვა,
- გინება.
- რა ჭირი აცინებს?!
- დებილი!
შიგ ხომ არა აქვს?!

ვიღიმი -

- ალბათ ბევრმა კითხვამ უქნა?!
- პატრონი არა ყავს?!
- რამდენი გიჟი დადის?!
- სულ გარეკა ამ ხალხმა!

ვიღიმი -

ბაგეს არ ვადებ ბაგეს,
ტუჩსაც ვერ ვუყრი თავს,
დღეს ჩემი შვილი დაიბადა,
ვგავარ ბედნიერ მთვრალს.

ვიღიმი


30.08.14
ლიპარა



Monday, October 20, 2014

დაბადებისდღისნახევარი








 


































დღეს ჩემი შვილის დაბადებისდღისნახევარია. ცოტა უფრო გარკვევით - დღეს ჩემი შვილი 1.5 წლის გახდა.
მას თევდორე ქვია.
მამის სიყოჩაღე და დედის სიჯიუტე ახასიათებს. მამა უფრო უყვარს, ვიდრე დედა. მე უფრო მგავს... ცუდი იქნებოდა, მართლა ასე რომ ვფიქრობდე და ვახასიათებდე.
შვილის აღწერას არც გონებრივი და არც არც ფიზიკური ძალა არ ყოფნის.
ხანდახან მინდა რომ გამეტებით ჩავეხუტო, მაგრამ მეშინია არ ვატკინო. მინდა ვიფიქრო როგორ მიყვარს, მაგრამ ვერც კი ვახერხებ ამის გააზრებას.
შვილის დაბადებით უფრო მეტად შემიყვარდა ცოლი, დედა, მამა, საკუთარი თავი, სამყარო. ჰოდა შვილიც სამყაროა, გაგრძელება ფიქრის, მოძრაობის, სიცოცხლის...
გილოცავ დაბადებისდღისნახევარს.


პატივისა და გულისცემით, გიორგი თევდორეს მამა ლიპარიშვილი
21.10.14

Saturday, October 18, 2014

დ-ამკრძალავი ბიურო


                                   commons.wikimedia.org


ბიუროს ვხსნით. დ-ამკრძალავ ბიუროს.


ჩვენი უფლება-მოვალეობები:

  • არაკაცებს - სამსახურიდან გავუშვებთ. მაინც ტყუილად მუშაობენ, მამიდების გასახარად და სტატუსის “სამარიაჟოდ”. - “ვმუშაობ რა. სირია ჩემი უფროსი, სულ “ვსაჩკაობ” და ვერაფერს მეუბნება. მაგარი “კრიშა” მხურავს, სეტყვასაც აზღვევს”.
  • ისევ პატივცემულ არაკაცებს - ენებს დავუტოვებთ, მაგრამ თითებს შევუკეცავთ, რომ მხოლოდ, კომენტარების წერისას ტრაკდათბილულები, არ იყვნენ გმირები.
  • ვითომხელოსნებს - (მატყუარებსა და არაპროფესიონალებს) სახლებს დავუნგრევთ. იქ მაინც ისწავლონ დროულად და ხარისხიანად მუშაობა.
  • შაქარს - გავაქრობთ. რომ ღვინის გემო გაგვიგოთ ყველაზე ტრაბახა ერმა. ჩვენ ხომ ვაზის და ხორბლის სამშობლო ვართ. ვერც წესიერ ღვინოს ვსვამთ და ვერც ნორმალურ პურს ვჭამთ.
  • იარაღს - ჟანგს და ცეცხლს ვაჩუქებთ -  ჟანგი რკინას შეჭამს, ცეცხლი პლასტმასს. ბავშვებს რომ 2 თვიდან უძღვნიან.
  • ბოღმას - შევჭამთ რომ მერე ბოღმამ არ შეგვჭამოს.
  • ქალებს - გადავმალავთ, რომ იქნებ ნოსტალგიამ, კაცის გენმა ან რამე ჯანდაბამ გული და ტვინი გადაგვიტრიალოს და ქალის პატივისცემა დაგვიბრუნოს.
  • ტყუილისმთქმელს - ყოველ ტყუილზე ცხვირს გავუზრდით (როგორც გენიალურ ზღაპარშია), ცხვირს სანტიმეტრის ნიშნულები ექნება და ყველა მიხვდება რამდენი ტყუილი აქვს ნათქვამი დიდცხვირა არსებას
  • წიგნებს - მიმზიდველს გავხდით. თავისუფალ დროს, საიდანღაც მოვა კარგი წიგნი და ისე მიგვეწებება ხელებზე, რომ წაკითხვამდე ვერ მოვიშორებთ. იქნებ აზროვნებასაც ეშველოს.
  • ფულს - ქარს გავატანთ (ჩვენამდეც ქარს მოუტანია) შეგვეძლება ყვავილი - ღიმილით, სიყვარული - სიმღერით მოვიპოვოთ. ან პური ვაშლში გავცვალოთ
  • მექრთამეებს - გავამწვანებთ. ქრთამის ოდენობის მიხედვით მწვანე გამონაყარით დაეფარებათ ტან-სახე (დერმატოლოგები და პლასტიკური ქირურგები უძლურნი იქნებიან). გამწვანდება ყველა მექრთამე - ბიზნესმენი, პოლიტიკოსი, მღვთელთმსახური, ვაჭარი, მასწავლებელი და მოსაწავლეც.
  • კაცებს - ქალის მშობიარობის ტკივილს ვაგრძნობინებთ. იქნებ სიცოცხლისთვის ამ ტკივილის მომთმენი, დედა, ცოლი, და, მეზობელი, ბიცოლა, კოლეგა, ქალი პატივსაცემ, არათანასწორ, არამედ უფრო ძლიერ პიროვნებად ვაღიაროთ


ჩვენი ბიურო იტოვებს იმედს, რომ მსგავსი წესდებით საქართველოში არსებულ სისხლშიგამჯდარ სტერეოტიპებს სამუდამოდ დავასამარებთ.


პატივისა და გულისცემით,
დ-ამკრძალავი ბიუროს ადმინისტრაცია

18.10.14

Friday, October 17, 2014

ბოდიში ქალბატონებო



ლაპარაკი. წერა. კითხვა. რთულია. წარმოიდგინეთ რას გრძნობდა სიკვდილის მოახლოებისას. ან როგორი იქნება მოკლულის ოჯახის წევრების მდგომარეობა?!
დღეს ჩევნს “ნიჭი-ერ” ქვეყანაში კიდევ ერთ გასაგიჟებელი ამბავი მოხდა. ჩვენ ხომ საგიჟეთში ვცხოვრობთ. ყოფილმა ქმარმა ყოფილი ცოლი უნივერსიტეტში მოკლა.
როდემდე შეიძლება ვაბიჯოთ ფეხი ადამიანის სიცოცხლეს, უაზრო მენტალობით, ეჭვიანობით, “ქართველი ვაჟკაცის” როლის თამაშით. ბევრი იტყვის ღმერთმა მოგვივლინა სასჯელიო. მოდით ღმერთს ცოტა ხნით თავი დავანებოთ. საკუთარ თავებში ჩავიხედოთ და სიცარიელე ამოვივსოთ.
საქართველოში თანამედროვე ტექნიკის შეძენა მოდაშია. აზროვნება კი  - ისევ პირველყოფილური.
მკვლელობა და თვითმკვლელობა ერთად... უნივერსიტეტის დაცვის სამსახური რას აკეთებდა?! იარაღით როგორ შევიდა? იქნებ სხვებიც დადიან იარაღით. იქნებ ხვალ სხვამაც მოინდომოს “გმირობა”. სტუდენტების ფსიქიკაზე არავინ ლაპარაკობს. ლექტორი ყურის ძირში მოუკლეს. სროლის ხმა, მკვლელობა ლექციის მიმდინარეობისას. ადმინისტრაციას ძინავს?!
თუმცა, რა გასაკვირია, ერს ძინავს.
როდის შეიძლება ჩვენც გამოვფხიზლდეთ. როდის შეიძლება ადამიანებად ვიქცეთ, საზოგადოებად, ერად ჩამოვყალიბდეთ. ერი მხოლოდ ენა, მამული, სარწმუნოება არ არის. ცოტა აზროვნება და ურთიერთპატივისცემაც გვჭირდება. თავისუფლება, მხოლოდ მონობის გადავარდნა და ბორკილის მოხსნა ხომ არაა. იქნებ როდესმე ადამიანის არჩევანის თავისუფლების პატივისცემა გვესწავლა.
ეს არ არის ერთი კაცის ტრაგედია. მსგავსი აზროვნება ერის რეგვენერაცია  და საერთო ტკივილია. ხვალ შეიძლება ჩვენც გვესროლონ.
თუ მსგავსი აზროვნება გაგრძელდა. ქვეყანაც დაიცლება და ეს “ღვთისმშობელისნაწილხვედრალი” “შტ-ერიც” თავს მოიკლავს.
ფეხებზე მკიდია მკვლელობის მოტივი.
ბოდიში ქალბატონებო


გიორგი ლიპარიშვილი
17.10.14

Tuesday, October 14, 2014

ლექსის დღეები

ჯანსუღ კახიძის სკვერი
(26.06.13)




რესტორანი "Marjanoff Express"
(11.03.13)





წიგნის სახლი ბახტრიონზე
(22.12.12) 


 


"უსითბოესობავ" - ჩემი პირველი წიგნის  პრეზენტაცია 
შოკოლადისა და პოეზიის ფესტივალზე 
 12.05.12 





ილიაუნი

(12.12.11)







თსუ 
ილია კილაძე, დათო ქაშიაშვილთან დ აალექსანდრე ლორთქიფანიძესთან ერთად
გიორგი ლიპარიშვილი
16.04.11






ლექსების საღამოზე „კათარზიში“
(1.04.11)
























ლექსების საღამო „Rock club-ში“ 
9.02.10





                                                                     ზურა ხარაზიშვილის ფოტო




სხვადსხვა

ლექსების დილა იმედის დილაში..




ზღაპარი ზღაპარში - გიორგი ლიპარიშვილი







პატარა უფლისწული
ანტუან დე სენტ-ეკზიუპერი
თარგმანი ფრანგულიდან - გიორგი ჩიმაკაძის
მუსიკა - Advent Children - Up Is Down
ვკითხულობ მე ლიპარა, გიორგი ლიპარიშვილი





ვეფხვი და მოყმე - (ხალხური)





მე მომერია დიდი სურვილი - გურამ რჩეულიშვილი



არწივი - ვაჟა-ფშაველ





ავტოპორტრეტი - მიხეილ ქვლივიძე

Saturday, October 4, 2014

"ილიაში სწავლა არ იწყება"



ყველაფერი გენიალურადაა. ღონისძიებები ნისძიებდება. არგუსი არგუსობს. აბიტურიენტები სტუდენტდებიან. ტყუილიც ტყუის. შეშფოთებაც განიშფოთა. რიტმიც რიტმდება. ღამეც დღევდება.
თუ ყველაფერი გენიალურადაა, სწავლა რატომ არ იწყება?!

"ადამიანმა“ გადაწყვიტა (მიზეზი გაურკვეველია). ჯანსაღი სისხლის ნაწილი  მოიშორა. რატომღაც, ეზედმეტა. არ იცის რატომ. მადლობაც კი არ უთხრა თავის მამოძრავებლებს. ზედაც არ შეხედა. არც გააფრთხილა. უბრალოდ მოიშორა. გადარეცხა. მაგრამ კვალი მაინც დარჩა. სისხლმა გადაწყვიტა ამ ადამიანის ოჯახის უფროსს შეხვედროდა. შეურაცხყოფისაგან ლოყებაწითლებული სიმართლეს დაეძებდა. “მამასისხლისსმსგავსი უმნიშვნელო ამბისთვის არც აციებდა  და არც აცხელებდა.
შეხვედრაც არ შედგა.
დაღვრილმა სისხლმა იდინა, იდინა და მიმოლეკულდა. თუმცა, ძველპატრონსდაავწიყდა, რომ მოლეკულასაც აქვს ძალა და ამბიცია.


ახლამოლეკულებისთვისილიაში სწავლა არ იწყება.


გიორგი ლიპარიშვილი
4.10.14

Monday, September 29, 2014

მოდი სინდისს გავყიდი

                                                                     pia.ge


მოდი სინდისს გავყიდი,
ნეტავ რაში მარგია,
ცხოვრებაში ნამუსი
მძიმე ტვირთი, ბარგია.

თუკი რამეს აფუჭებ,
უფრო კარგად იქცევი,
ზღვაც კი ფასობს მიწისთვის
მუდამ ზურგის მიქცევით.

Thursday, September 18, 2014

ილიაში ბნელა




22 წლის ვიყავი ლექციების კითხვა, რომ დავიწყე.
მალე 29-ს ჩავეხუტები.
თავდაპირველ ნერვიულობას, თავდაჯერებულობა, გამოცდილება და პასუხისმგებლობის ზრდაც მოყვა.
მადლობას ვიღებდი სტუდენტისა და ადმინისტრაციისგანაც. მეც, ბედის მადლობელი ვიყავი. მომწონდა და მიყვარდა ჩემი საქმე, ჩემს სტუდენტობას მახსენებდა და მახარებდა.
ახალი სასწავლო წლისთვის საკმაზის შეზავებაში მეც ჩამრთეს. მაგრამ მერე ყველაფერი თავდაყირა დადგა.
ყველასგან ჩუმად ჩატარებული კასტინგი... პროტექციის ყვავილობა ზაფხულში...
მერე იყო კითხვების დასმა და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მხარდაჭერა ჩვენი სიმართლის დასაცავად. ფსევდოკონკურსისმატარებლებმა უკან დაიხიეს და თქვეს რომ არავითარი კონკურსი არ არსებულა. ამ დროს არსებობს ელფოსტები, სადაც მიმართვაა: ძვირფასო კონკურსანტებო და ა. შ.
უკან დაიხიეს. მაგრამ ეს უკან დახევა მხოლოდ კონკურსის გაუქმებით გამოიხატა. შედეგი კი იგივე დატოვეს.
ხან სირაქლემის პოზიცია მიიღეს, ხან ბავშვის, რომელმაც თავის დაცვა მყარი არგუმენტებით ჯერ არ იცის და სისულელესაც გულწრფელად ამბობს.
მიზანში გარტყმულია და ფაქტიც თხასავით ჯიუტია: რამდენიმე ლექტორი ლექციებიდან დაუმსახურებლად მოგვიშორეს.
რატომ? ან ადმინისტრაცია რატომ არ ინტერესდება ამით? მე უკვე ვიპოვე კითხვის პასუხი.
მადლობას ვუხდი ჩემს ღირსეულ ასეულობით სტუდენტსა და რამდენიმე კოლეგას ეფექტური თანამშრომლობისთვის.
დედამიწა კარუსელს გავს. ჩვენ რომელიმე ატრაქციონზე კიდევ შევხდებით, მერე რა რომ ახლა ილიაში ბნელა.


პატივისა და გულისცემით, გიორგი ლიპარიშვილი

18.08.14

Sunday, July 13, 2014

გულწრფელობა კარგი რამაა


თვეზე ცოტა მეტი ხნის წინ სომხეთს "კულტურულად" ვესტუმრეთ. მეგობარმა პოეტმა ილია კილაძემ დამპატიჟა პოეზიის ფესტივალზე. ერთად ადრეც ბევრჯერ გვილექსავია. მწერალთა კავშირიდან გაგვიშვეს. ქალბატონმა მაყვალა გონაშვილმა გზა დაგვილოცა.
სომხეთის სამთო კურორტ წაღკაძორში, მწერალთა სახლში დავბინავდით. გვარიანი მასპინძლობის, დასვენების, მიკითხვ-მოკითხვის შემდეგ ლექსების ფესტივალიც დაიწყო.
წასვლამდე მე და ილიამ ჩვენი ახალი ლექსები მოვიმარაგეთ ზედ ჩვენივე წიგნებიც დავამატეთ. კარგად დახუნძლულები გავეშურეთ მეზობელ ქვეყანაში ქართული სიტყვის სათქმელად.
ღონისძიება ლექსებით, როგორც საპატიო სტუმრებმა, ჩვენ გავხსენით. ლექსებით, რადგან 1-1 ლექსი წავიკითხეთ. გულღიად გამოგვიცხადეს:  "მაინც ვერ ვიგებთ და მეტის წაკითხვა საჭირო არ არის".
დიდად არ გვწყენია, დასაფასებელია, გულწრფელობა კარგი რამაა.

გიორგი ლიპარიშვილი
13.07.14



Thursday, June 19, 2014

რა ქვია ამას?!

პირველად, როცა "მსგავსი" სიტყვების წყობა გავიგე, ფიქრს თავი ავარიდე. თითქოს რეალობას გავექეცი. თავს დაჯერების უფლება არ მივეცი. მერე თავადაც გადამხდა სანთელთან დაკავშირებული მსგავსი ისტორია. ვიფიქრე, რომ რაღაც კარგად ვერაა.
ბოლოს კი რამდენიმე დღის წინ საკუთარი თვალითა და სათვალით დავინახე ტაძრის შესასვლელთან გამოკრული არაჩვეულებრივი "წარწერა".
იმის შემდეგ, რამდენიმე დღეა თითები მექავება. მინდა ბევრ ადამიანს ვუთხრა ამის შესახებ, მაგრამ ფორმას ვეძებდი, თუ როგორ გადმომეცა ზუსტად, დაუმახინჯებლად ჩემი ემოციები.
რა ქვია ამას?! 
შეიძლება უხეშ შედარებად მოეჩვენოს ვინმეს, მაგრამ  გამახსენდა რესტორნები, სადაც გარედან შეტანილი ალკოჰოლის მირთმევა აკრძალულია; ლექტორი, რომელიც მხოლოდ მაშინ წერდა ნიშნას, როცა სტუდენტი მის "წიგნს"  იყიდდა...
თუ მე სანთელს მაჩუქებენ, "წმინდა მიწიდან" გამომიგზავნიან, ჩემი თითებით გამოვძერწავ, ბერ-მონაზვნები "მისახსოვრებენ", სადმე იაფად ვიყიდი და ა. შ.  რატომ არ მაქვს უფლება ამ სანთლის ტაძარში დანთების?!
მესმის, რომ ეკლესიას შემოსავალი ჭირდება, მაგრამ 1 ეკლესია მითხარით, რომელიც მხოლოდ გაყიდული სანთლის შემოსავლით არსებობს.
ან იქნებ ფორმა იყოს უფრო რბილი, რომ სიბრაზე არ გამჩენოდა: მაგ: "გთხოვთ ჩვენი მესანთლეების დამზადებული სანთელი შეიძინოთ და შეეწიოთ ტაძარს".
მაგრამ არა, ბრძანება, ნეგატივი "...ნუ დაანთებთ"
რა ქვია ამას?!
ერთერთ სოფელში მამაოს შესაწირის ყუთი ღია აქვს, ვისაც უნდა ჩადებს შესაწირს, ვისაც უნდა ამოიღებს. მე კი ჩვენი ქვეყნის დედა-ქალაქში მესანთლე გამომეკიდა  და ტყვიასავით მომახალა: (მანამდე,  მესანთლე და ერთ-ერთი მამაო, სამწუხაროდ ხელებში მიყურებდნენ), "შესაწირში რამდენი ჩააგდეთ?! ეგ ყუთი მამაოს შესაწირი არ იყო".
ამავე დღეს, ჩემი ჯვრისწერის დროს, მამაომ გვითხრა რომ ჩვენს მიტანილ ქორწინების მოწმობას ძალა არ ქონდა, რადგან იმ ტაძარში არ გვიყიდია. ბეჭედიც არ ერტყვა. მეჯვარემ დაამშვიდა, რომ მისი ლოცვა იყო ბეჭედი. 
რომელ პროფესიას უნდა გავდეს მამაოს პროფესია?
ექიმს, ფსიქოლოგს, აგრონომს, მეეზოვეს, მეცნიერს, მხატვარს, მწერალს, მუსიკოსს, ჟურნალისტს...
რომელ პროფესიის წარმომადგენელს გავს დღეს ბევრი მღვდელთმსახური?
ბიზნესმენს, "ცინიკოსს" (იყოს ესეც პროფესია), კოლექციონერს, პოლიტიკოსს, მოსამართლეს, ჯალათს, ციხისუფროსს, მედროვეს...
"ტაძარს "გარედან" შემოტანილი ფულით ნუ დაეხმარებით" - მსგავს წარწერას ალბათ ვერსად შვხვდებით. ხელის ჭუჭყი იწმინდება ტაძარში? მშობელი, შვილმა რომ დიდი ფული მოუტანოს კითხვას ხომ დაუსვამს საიდან არის ეს ფული? ეკლესია ხომ დედაეკლესიადაა წოდებული?
მე მყავს მეგობარი ბერ-მონაზვნები, რომლებიც სხვნაირად იქცევიან. უფრო სწორად ჩვეულებრივად. ადამიანურად. ისინიც ადამიანები არიან. ეს მამშვიდებს.
მე ეკლესიას (მართალ ეკლესიას), ჩემებურად, მოკრძალებით ვგულშემხარველობ.
რატომ ვწერ?
მინდა ვიცოდე - 
რა ქვია ამას?!




გიორგი ლიპარიშვილი
18.06.14

Tuesday, June 17, 2014

საზღვრებიდან გადასულია

ცას ცისფერი ცვარი ცვივა,
მიწის წამი წამით იწვის,
ცეცხლი ცხელი ცხობით ცხვება,
წყალი წყობით წყალბადს წყდება...

ენის გატეხვა ჯობია თავისას,
ყველა უბერავს მაინც თავისას.

ტყუილი მეფეა, სიმართლე ხასა,
ხშირად იქცევა ორივე ხავსად.

სასწაულს ვეძებთ,
დედამიწაზე არ გვსურს დარჩენა,
თითქოს ავხსენით -
რა ბედენაა ქვეყნად გაჩენა.

წყალი - წყარო,
ცეცხლი - კერა,
მიწა - ხორცი,
ცა - სულია,
ჩემი ფიქრები
საზღვრებიდან გადასულია.


გიორგი ლიპარიშვილი
18.06.14

Tuesday, June 10, 2014

სამსახურს, ბინასა და თავს მე...


ისევ ევძებ
სამსახურს, ბინასა და თავს მე,
თითქოს მეძებრობანა
ჩვევად შევითავსე.

სამსახური მაკლია,
ბევრი დრო მაქვს უქმად,
იმდენ რამეს შევძლებ,
საქმეს შევჭამ ლუკმად.

ბინას ვეძებ საცხოვრისს,
არა რანჩო-სავანეს,
მანამ მინდა ვიპოვო,
სანამ მზე ითავანებს.

თავსაც ვუწყე ძიება,
მხრებთან, კისერს მოვირგო,
სადაცაა ცხოვრება,
ჯეკპოტივით მოვიგო.

თითქოს მეძებრობანა
ჩვევად შევითავსე,
ისევ ვეძებ
სამსახურს, ბინასა და თავს მე..


9.06.14
გიორგი ლიპარიშვილი

Tuesday, June 3, 2014

ადამიანური მომსახურება



ჩვენს ქვეყანაში კარგ მომსახურებ, სამწუხაროდ, იშვიათად შევხდებით. ან თუ შევხდებით, ჩვენს გაკვირვებას იწვევს, ის, რაც, ბუნებრივი და ჩვეულებრივი ამბავია. კლიენტი ყოველთვის მართალია” - ძალიან შორსაა რეალობისგან. მომხარელის მისამართით ხშრად ისმის პოპულარული ფრთიანი ფრაზები: მადლობის გამო მალაპარაკე, შენ მყიდველი არა ხარ,ბანკში მიბრძანდით ხურდაზე და ასე შემდეგ.
რა  განაპირობებს ცუდ მომსახურებას ჩვენს ქვეყანაში - არაკვალიფიციური კადრები, ეთიკის დაკარგვა, ცუდი მენეჯმენტი, საქმისადმი გულგრილობა თუ სიზარმაცე?
მომსახურების სფეროს გაუმართაობაში დიდი წვლილი თავად მომხმარებლებსაც მიგვიძღვის. ცუდ მომსაუხურებაზე თვალის დახუჭვა, შეურაცხყოფის გულში ჩაკვლა ან ზურგს უკან საუბარი საკმარისი არ არის პრობლემის მოსაგვარებლადარსებობს საქართველოს კანონი მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ, რომლის ცოდნაც ჩვენი აზრისა და დამოკიდებულების, უფლებისა და შესაძლებლობის დაცვაზე მიგვანიშნებს.
მოხმარებლის უფლებებს ასევე სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციაიცავს. ერთ-ერთი მათგანია "საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი". მათი ორგანიზებით შექმნილი საიტის: momxmarebeli.ge-ის დახმარებით, შეგვიძლია სასურველი პროდუქტის ხარისხის, მაღაზიის თუ მომსახურების სხვა სფეროს შესახებ შევიტყოთ.  ან საჯაროდ გამოვხატოთ ჩვენი აზრი მომსახურებაზე და ვიკითხოთ პრობლემის გადაჭრის გზა. საიტის მომხმარებლები მსგავსი შინაარსის კომენტარებს წერენ:  ლაშა - შეკვეთა რომ აგვიანებს მიმტანს ბოდიშის მოხდაც არ უნდა; ავთო - ზოგიერთი ტურისტული კომპანია ფულს გახდევინებს ერთ ტურში, მაგრამ მერე სხვა ტური გვხვდება და ა. შ.
მომხმარებელთა უფლებების დაცვის პროგრამის კოორდინატორის ლია თოდუას შეფასებით,, საქართველოში მომხმარებლები თავიანთ უფლებებს ხშირად არ იცავენ. შესაბამისად, მომსახურების სფეროც ძალიან ნელა უმჯობესდება და ამ მხრივ საკმაოდ რთული მდგომარეობაა.
ბუნებრივია, რომ პროდუქტის ხარისხი ძალზე მნიშვნელოვანია, მაგრამ მასთან ერთად გადაუდებლად აუცილებელია ადამიანური მომსახურება.
           


გიორგი ლიპარიშვილი